2050 წლისთვის 5-დან 3 ზრდასრული ჭარბწონიანი იქნება — მეცნიერთა ახალი პროგნოზი

ფოტო: Getty
ახალი კვლევის თანახმად, 1990 წლის შემდეგ გლობალურად ადამიანთა პოპულაციაში ჭარბწონიანთა რაოდენობა გაორმაგდა. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 25 წელს გადაცილებულ პირებში 60%-ს შეადგენს, ბავშვებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში კი — 30%-ზე მეტს. ამის მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ პატარებსა და გარდატეხის ასაკში მყოფებში რისკის არიდება ჯერ კიდევაა შესაძლებელი, თუკი მას აქედანვე შევეწინააღმდეგებით.
მკვლევრებმა ორი ანგარიში შექმნეს, რომელთაგანაც პირველი 204 ქვეყანაში მცხოვრებ, 25 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებზეა კონცენტრირებული და 1 350 უნიკალური წყაროს მონაცემებს ეყრდნობა. მეორემ ბავშვები და 25 წელზე ნაკლები ასაკის ინდივიდები მოიცვა 180 ქვეყნიდან, რისთვისაც ინფორმაციის 1 321 წყარო გამოიყენეს.
მთავარი კრიტერიუმი სხეულის მასის ინდექსი (BMI) იყო. ჭარბწონიანობის მაჩვენებლად 25 კგ/მ2-დან 30 კგ/მ2-მდე ინდექსი დადგინდა, ხოლო ამაზე მეტი უკვე სიმსუქნის ინდიკატორად მიიჩნიეს. ანალიზმა აჩვენა, რომ 1990 წლიდან ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ყველა ქვეყანაში გახშირდა, ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიუხედავად. კერძოდ, 2021 წლისთვის ეს რაოდენობა 731 მილიონიდან 2.11 მილიარდამდე გაიზარდა. კაცებში ამ მაჩვენებელმა 5.8%-დან 14.8%-ზე გადაინაცვლა, ქალებში კი — 10.2%-დან 20.8%-ზე.
ქვეყნების მიხედვით, 2021 წლისთვის ჭარბწონიანი მოსახლეობის რაოდენობის ყველაზე დიდი მატება ჩინეთში (402 მილიონი), ინდოეთსა (180 მილიონი) და აშშ-ში (172 მილიონი) დაფიქსირდა. ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში გამოვლინდა, სადაც 1990-2021 წლებში ჭარბწონიანი ქალების რიცხვი გაორმაგდა, კაცებისა კი გასამმაგდა.
რაც შეეხება ბავშვებსა და ახალგაზრდებს, მათში სიმსუქნის მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით გასამმაგდა, კერძოდ: 5-12 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 93.1 მილიონი შეადგინა, ხოლო 15-24 წლისებში — 80.6 მილიონი. ყველაზე მზარდი რაოდენობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში დაფიქსირდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ჭარბწონიანობის გახშირება ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლას ემთხვევა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ დროს მოსახლეობა უფრო "დიდი კომპანიების" საკვები პროდუქტების მოხმარებაზე გადადის. ეს მაღალკალორიულ დიეტას ამკვიდრებს და ჯანსაღი კვებითი რეჟიმის შენარჩუნება სულ უფრო ძნელდება.
სწორედ ამის გამოა, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოში 3.8 მილიარდი ჭარბწონიანი ადამიანის არსებობას პროგნოზირებენ, რაც იმ დროისთვის პოპულაციის 60%-ის ეკვივალენტური იქნება. ვარაუდობენ, რომ სიმსუქნის ყველაზე მაღალი რეგიონული მაჩვენებელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იქნება.
ახალი ანგარიშის თანახმად, მაღალშემოსავლიან სახელმწიფოებში გვიანდელი თაობები წონას წინა თაობებზე უფრო სწრაფად მოიმატებენ. მაგალითად, 1960 წელს დაბადებულ ადამიანებში 25 წლის ასაკამდე სიმსუქნე კაცების 7.1%-სა და ქალების 8.4%-ში გამოვლინდა. შედარებისთვის, 1990 წელს დაბადებულებში იმავე ასაკში სიმსუქნე კაცების 16.3%-სა და ქალების 18.9%-ში დაფიქსირდა. 2015 წლის თაობაში ეს მაჩვენებელი 25.1%-მდე და 28.4%-მდე გაიზრდება.
ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის მატება ამასთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემების გახშირებასაც ნიშნავს. ასეთია მეორე ტიპის დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სიმსივნის ზოგიერთი ტიპი. მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი მომავლის შეცვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია, თუკი ახლავე ვიმოქმედებთ, რაშიც სახელმწიფო დონეზე გატარებული ცვლილებების როლი უდიდესია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.
კომენტარები