როცა სხეულის ტემპერატურა სახიფათოდ მცირდება: ჰიპოთერმიის ნიშნები და პრევენციის გზები

ფოტო: AP Photo / Michael Dwyer
ორგანოების გამართული ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხეულის ტემპერატურა ჯანსაღ ნიშნულზე შევინარჩუნოთ. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36-37°C-ია. სიცივეში მოხვედრისას ჩვენი ორგანიზმი არაერთ სტრატეგიას მიმართავს, რომ სითბოს შენარჩუნება შეძლოს, თუმცა ზოგჯერ ეს მაინც ვერ ხერხდება და ჰიპოთერმია ვითარდება.
ამ დროს სხეულის ტემპერატურა 35°C-ზე დაბლა ეცემა, ამან კი არაერთი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, მძიმე შემთხვევებში (ანუ 30-32°C-ზე დაბლა) სიკვდილიც. სიცივის, სისველისა და ქარის თანხვედრის შედეგად ჰიპოთერმია თოვლიან ამინდში უფრო ხშირად ვითარდება.
"ორგანიზმი უფრო სწრაფად კარგავს სითბოს, ვიდრე შეუძლია მისი წარმოება", — განმარტავს ექიმი არჩილ მარშანია პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, NEXT.On.ge-სთან საუბრისას, — "საბოლოოდ კი იწვევს სხეულის ტემპერატურის სახიფათოდ დაბალ დონემდე შემცირებას".
ტემპერატურის ასეთი ვარდნა არაერთ ორგანოზე ზემოქმედებს, მათ შორის ტვინზეც, ამიტომ მოძრაობა, მეტყველება და აზროვნება ძალიან რთულდება. შესაძლოა, ამ დროს დაზარალებულმა დახმარებაც კი ვერ მოითხოვოს.
"ეს ჰიპოთერმიას განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობად აქცევს, რადგან ადამიანი შესაძლოა ვერც კი მიხვდეს, რომ მას ჰიპოთერმია აქვს, და ვერც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", — ამბობს არჩილი.
ჰიპოთერმია ადამიანებს ყველაზე ხშირად ყინვაში ემართებათ, თუმცა ეს შეიძლება უბრალოდ ცივ ამინდშიც მოხდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი სველი არ იყოს — წყლის აორთქლებასთან ერთად სხეული სითბოს გაცილებით სწრაფად კარგავს. ამას ხელს უწყობს ქარიანი ამინდიც.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიპოთერმიამ შეიძლება აზროვნება და რეაგირების უნარი გაართულოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მისი სიმპტომები და მიმდინარეობა თავიდანვე შევნიშნოთ:
- ჰიპოთერმია სხეულის კანკალით იწყება (ეს სიმპტომი ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ქრება, როცა მდგომარეობა მძიმდება);
- გამოფიტვა ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება;
- დაბნეულობა, ცნობიერების დაბინდვა;
- კოორდინაციის დარღვევა და მოძრაობის გართულება;
- მეხსიერების დაკარგვა;
- არამკაფიო (დაბინდული) მეტყველება;
- ძილიანობა.
არჩილის თქმით, ჩვილებში ჰიპოთერმია უმეტესად წითელი, ცივი კანითა და ენერგიის მკვეთრი დაქვეითებით გამოიხატება.
ასევე იხილეთ: როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება სიცივეში მოხვედრილ ადამიანს — ექიმის რჩევები
გარდა ჰიპოთერმიისა, მნიშვნელოვანი საფრთხეა მოყინვაც, ანუ ქსოვილების გაყინვა. ეს უმეტესად ემუქრება ცხვირს, თითებსა და ყურებს — სხეულის ცენტრისგან დაშორებულ ნაწილებს, რომლებიც სისხლით შედარებით ცუდად მარაგდება, განსაკუთრებით სიცივეში.
"გაითვალისწინეთ, რომ ყინვის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება ცხვირი, ყურები, თითები, ლოყები, ნიკაპი, ტერფები და ფეხის თითები", — გვეუბნება არჩილ მარშანია.
საწყის ეტაპზე, შესაძლოა, ჩხვლეტა, პულსაცია და ტკივილი იგრძნოთ სიცივისგან დაზიანებულ ადგილას. კანი თანდათან ფერმკრთალი ხდება და ბუჟდება. თუკი სიცივეში დიდხანს გაჩერდებით, ქსოვილის დაზიანება გაგრძელდება, ადგილი გამაგრდება და ცვილისებრი გახდება.
გალღობის შემდეგ, როგორც წესი, კანი წითლდება და სითხიანი ბუშტუკები წარმოიქმნება. ხშირად კანი მხოლოდ ზედაპირულად ზიანდება, თუმცა სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება დაზიანდეს კუნთები, მყესები, ნერვები და ძვლებიც. თუკი ქსოვილის კვდომა, ანუ ნეკროზი, დაიწყება, ინფექციის საპრევენციოდ შეიძლება მკვდარი ქსოვილების მოჭრა, ანუ ამპუტაცია, გახდეს საჭირო.
"დაზიანების ეფექტი და ხარისხი დამოკიდებულია მოყინვის ზომაზე, ხანგრძლივობასა და იმაზე, მოხდა თუ არა მეორედ მოყინვა (ანუ გალღობა და მერე გაყინვა)", — გვეუბნება არჩილი — "როგორც წესი წარზიდული ნაწილები იყინება და ამპუტაცია ხდება მერე საჭირო. მძიმე შემთხვევებში არ აღდგება, ზედაპირულში კი აღდგენის საშუალება არის".
როგორ მოვიქცეთ თოვლში — ექიმის რჩევები უსაფრთხოებისთვის
იმისათვის, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ, სითბოს შესაკავებლად შესაბამისი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. ამასთანავე, სახიფათო ზონაში სპეციალური ინვენტარიც უნდა ვიქონიოთ საკუთარი და სხვების უსაფრთხოებისთვის.
არჩილ მარშანიას თქმით, მნიშვნელოვანია სწორი ჩაცმულობა:
- ქუდი, შარფი ან ნაქსოვი ნიღაბი, რომელიც ფარავს სახესა და პირს;
- ხელთათმანები;
- წყალგამძლე ქურთუკი;
- თავისუფალი და თბილი ტანსაცმელი, რამდენიმე ფენად ჩაცმული (უნდა იყოს არამჭიდროდ მორგებული, თუ ის სპეციალური თერმოტანსაცმელი არ არის);
- წყალგამძლე ფეხსაცმელი, არამჭიდროდ მორგებული.
თუკი თოვლში ან სიცივეში გასვლას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, სათადარიგო მშრალ ტანსაცმელთან ერთად თან იქონიოთ თბილი სითხეები და საკვები (მაღალკალორიული სასუსნავები). გასათბობად არ გამოიყენოთ ალკოჰოლური სასმელები — ამან შეიძლება ცოტა ხნით თბილად გაგრძნობინოთ თავი, მაგრამ რეალურად ალკოჰოლი სხეულის ტემპერატურას კიდევ უფრო ამცირებს. იგი ტემპერატურის მარეგულირებელ მექანიზმებსაც არღვევს და ჰიპოთერმიის რისკებს ზრდის.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ცივ პირობებში ტემპერატურის შენარჩუნებას მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლებთ. საგულისხმოა ისიც, რომ ზოგიერთ ადამიანში (ბავშვებში, მოხუცებში, დაბალი წონის მქონე ადამიანებში და ა. შ. ) სიცივისადმი ამტანობა ჩვეულებრივზე დაბალია. ჯანმრთელობის პრობლემების (განსაკუთრებით გულის ან თერმორეგულაციაზე მოქმედი დაავადებების) ქონის დროს ეცადეთ, დაბალი ტემპერატურის გარემოს მაქსიმალურად მოერიდოთ.
თუკი თოვლსა და სიცივეში უსაფრთხოებაზე მეტი რჩევის მიღება გსურთ, იხილეთ სტატიის სრული ვერსია: როგორ გადავურჩეთ (და გადავარჩინოთ სხვები) დიდთოვლობას
კომენტარები