ძველი ბერძნები დედამიწას ჯერ კიდევ 5000 წლის წინ აბინძურებდნენ — კვლევა

ფოტო: Getty
ადამიანები ყველგან ჩვენს კვალს ვტოვებთ. ჩვენთან ასოცირებული ნარჩენები 100 000 წელზე მეტი ხნის ნამარხ ნაგავსაყრელებშიც კი მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დაბინძურებას გარემოზე უარყოფითი გავლენა აქვს, იგი შეიძლება არქეოლოგიურ ინსტრუმენტად გამოდგეს. ნარჩენების შესწავლით მეცნიერები განსაზღვრავენ, როდის დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და როგორ იცვლებოდა კულტურა დროთა განმავლობაში.
ამგვარი ისტორიული კვალი ახლახან გერმანელმა და ბერძენმა არქეოლოგებმა შეისწავლეს, რომლებმაც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ტყვიით დაბინძურების უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა ტყვიის კონცენტრაციის ზრდა მონეტიზებული ეკონომიკის გაჩენას დაუკავშირეს, რაც ძველი საბერძნეთის განვითარებას ასახავს.
"ტყვიის ემისია, სხვა დანარჩენთან ერთად, ვერცხლის მოპოვებას უკავშირდება. შესაბამისად, მისი კონცენტრაციის ზრდა არა მხოლოდ ეკოლოგიურ ცვლილებებს, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ გარდატეხასაც ასახავს", — განმარტავს ანდრეას კუცოდენდრისი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პალეო-მეცნიერი.
ტყვიის კვალი, როგორც ადამიანის საქმიანობის შედეგი, პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც დაახლოებით 5 000 წლის წინ ვერცხლის წარმოება ტყვიის დნობითა და დამუშავებით დაიწყო. ტყვიის კვალს მეცნიერები უძველესი ადამიანების ძვლებსა და კბილებში პოულობდნენ, ხოლო მოგვიანებით — არქეოლოგიურ შრეებში, რაც დაახლოებით 2 500 წლის წინ მონეტების გაჩენას უკავშირდება.
ძველ საბერძნეთში ტყვიით დაბინძურების შესასწავლად მეცნიერებმა ეგეოსის ზღვის ფსკერი და მისი სანაპირო გამოიკვლიეს. მათ სპეციალური ექსკავატორის მეშვეობით ზღვის ფსკერიდან ვერტიკალური ნიმუში ამოიღეს, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში დალექილი ფენების დათარიღებისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. ამ ფენების მიხედვით სპეციალისტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რა ტიპის დამაბინძურებელი მატერია ხვდებოდა იქ სხვადასხვა ეპოქაში.
კუტსოდენდრისის ჯგუფმა შეისწავლა არა მხოლოდ დაბინძურების ნიშნები, არამედ ყვავილის მტვერიც — ეს სოფლის მეურნეობის აქტივობების დასადგენად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და განსაზღვრავს, როგორ ვითარდებოდა რეგიონში ადამიანთა საზოგადოება. მათ მიერ გაანალიზებული ნიმუშები ადამიანის მიერ გამოწვეული ტყვიით დაბინძურების უძველეს კვალს შეიცავს, რომელიც 5 275 წლის წინანდელ ფენებში დაფიქსირდა. ეს აღმოჩენა დაახლოებით 1 200 წლით უფრო ადრინდელია, ვიდრე სხვა მსგავსი მტკიცებულებები, და იმავე ტერიტორიაზე ბრინჯაოს ხანის დასაწყისს ემთხვევა.
მკვლევრებმა ბრინჯაოს ხანის საერთო ქანებში ტყვიის დაბინძურების კვალი ვერ იპოვეს. მკვეთრი მატება 2 225 წლის წინ დაფიქსირდა — დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ანტიკური რომის მოსახლეობის ძვლებში ტყვიის კონცენტრაციის ზრდა შეინიშნებოდა. ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ მონეტებისა და ვერცხლის წარმოება გარემოში ტყვიის მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. შესაძლოა, ეს იმდროინდელი ეკონომიკური და სოციალური პროცესების განვითარებასთან მჭიდრო კავშირში ყოფილიყო.
"ტყვიით დაბინძურების მატება რომაელების მიერ ელინისტური საბერძნეთის დაპყრობას ემთხვევა. მათ რეგიონის მდიდარი ბუნებრივი რესურსები აითვისეს", — განმარტავს ჯოზეფ მარანი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის არქეოლოგი.
ამავე დროს, მტვრის ნაწილაკების ანალიზმა ეკონომიური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები აჩვენა. საბერძნეთის ეკონომიკა იმ პერიოდში მესაქონლეობაზე დაფუძნებული აგრარული სისტემიდან ნელ-ნელა ფულის მიმოქცევაზე გადასვლას იწყებდა. ამ ტრანსფორმაციამ გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მეცნიერების თქმით, აღნიშნულ პერიოდში ტყეების მასშტაბური გაჩეხა, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფართოება და გარემოში მძიმე მეტალების, განსაკუთრებით ტყვიის, დაგროვება დაიწყო.
რომაელებმა ვერცხლის, ოქროსა და ტყვიის მაღაროების ექსპლუატაცია გააძლიერეს. ეს რომაული წყალმომარაგების სისტემის ნაწილად იქცა, რადგან ტყვიის მილები მაშინ ფართოდ გამოიყენებოდა. ამის შედეგად დიდი რაოდენობით ტყვია გამოიყოფოდა, ხოლო პროცესი ხის მასალის წარმოების ზრდასაც საჭიროებდა, ვინაიდან მეტალის დნობის პროცესისთვის დიდძალი შეშა იყო საჭირო.
"ბერძნული რეგიონების რომის პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანებამ ახალ მმართველებს შესაძლებლობა მისცა, რეგიონის ბუნებრივი რესურსებით ესარგებლათ", — წერენ მკვლევრები. "ეს მაღაროების უპრეცედენტო ექსპლუატაციასა და საბერძნეთში ოქროს, ვერცხლისა და სხვა მეტალების მასშტაბურ მოპოვებას უკავშირდებოდა".
ახალი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები