მოსკოვში არის ასეთი ძალიან ცნობილი სახლი, უფრო სწორად, უზარმაზარი კომპლექსი: "სახლი სანაპიროზე" — ასე ჰქვია, ზედ კრემლის პირდაპირ, 1928-1931 წლებში აშენდა მაშინდელი საბჭოთა ნომენკლატურისათვის. შიგ სკოლა, ბაღი, მაღაზიები: თითქოს მიკროსამყაროა, რომლიდანაც არ გჭირდება გასვლა. აი, ახლა რომ აშენებენ თბილისში, გოლფის მოედნებითა და კონსიერჟებით, იმ ქალაქში, სადაც პენსია 350 ლარი, ხოლო სოციალური დახმარება 60 ლარია, დაახლოებით, ამის იმდროინდელი ეკვივალენტი.

30-იანი წლების ტერორი რომ დაიწყო და გულანთებული იდეოლოგებიც არ დაინდო, ისე მოხდა, რომ ამ სახლის კედლებს ინაწილებდნენ: დამსმენლები და მათ მიერ გადასახლებულები. მკვლელები და მათი მსხვერპლი. "სახელმწიფო მოღალატეების" ცოლებს და მათი ქმრების დახვრეტაზე პასუხისმგებელთა ცოლებს ერთად უწევდათ მაღაზიაში სიარული და მათ ბავშვებს ერთად ეზოში თამაში… ოფიციალური სტატისტიკით, ამ სახლიდან მინიმუმ 250 ადამიანი დაიჭირეს და უმეტესი მათგანი დახვრიტეს.

წლების წინ, მერვე სიცოცხლის წერის პროცესში, მომიწია ამ სახლში მისვლა. ვიღაცამ მითხრა: პატარა სახლ-მუზეუმიაო და მივედი. უკიდეგანოდ დიდხანს ვეძებე: მოსახლეებმა არაფერი იცოდნენ მუზეუმის შესახებ: ზოგი იოგაზე გარბოდა და ზოგი სამსახურიდან ბრუნდებოდა "ჯიპით". არავის ეტყობოდა საბჭოთა წარსულით და იმ სახლის ისტორიით დაინტერესება, რომელშიც ცხოვრობდა. უკვე ფარ-ხმლის დაყრას ვაპირებდი, რომ უცებ ასაკიანი, ძალიან სათნო გარეგნობის ბებია შემეფეთა, რომელმაც ცოტა ბრაზიანად და ეჭვით მკითხა, რას და რატომ ეძებო. ავუხსენი, მრავალჯერ ვუმეორე და ვაფიქსირე ჩემი ალალი ინტერესი და ბოლოს, როგორც იქნა, დავაჯერე, გავუქარწყლე ეჭვი, რომლითაც თავიდან მიყურებდა. შემიყვანა პირველ სართულზე პატარა ბინაში, რომელშიც, მგონი, თავადაც ცხოვრობდა. ამ ბინის კედლები მორთული იყო ადამიანების ფოტოებით და მაშინვე მივხვდი: აქედან ვერცერთი გადაურჩა სტალინისტურ ტერორს.

ეს ბებია ნელ-ნელა გაიხსნა, ნდობით აღიჭურვა, მომიყვა, რომ მისი მშობლების სახლი იყო, აქ დაიბადა და გაიზარდა, რომ ცდილობს, ეს ამბები შემოუნახოს ადამიანებს, რომ მთელი მისი ცხოვრება ამ "მუზეუმს" დაუთმო, რომ ამ საქმეს მარტო ეწევა… დიდხანს ვისაუბრეთ. ჩაიც დამალევინა. საუბრის ბოლოს მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ქალს რომელიღაც მშობელთაგანი ან სულაც ორივე გადაუსახლეს ან დაუხვრიტეს. ასეთი საქმის და მისიის "ერთგულება" ხომ ყოველთვის პირადი ტრაგედიით არის ხოლმე განპირობებული…

უკვე გამოსასვლელში მოვიკრიბე ვაჟკაცობა და ვკითხე ამ ქალბატონს: მამა თუ დედა-მეთქი? დაიბნა და რაღაცნაირად მკაცრად შემომხედა ისევ, მრისხანედ, მის ცისფერ, ლმობიერ თვალებში რაღაც დიდი ბრაზი გაჩნდა, რაღაც წვეტიანი და მეტალის… და უცებ მიპასუხა: მამაჩემი ჩეკისტი იყო და ბევრი ადამიანი დაღუპაო. მე თავი ვალდებულად მიმაჩნია, რომ მისი დანაშაული თუ ვერ გამოვასწორე, ის ამდენი დაღუპული და გაწირული ადამიანი მოვიგონო და მათ შთამომავლობას შევუნარჩუნო მათი ხსოვნაო.

გავშრი. გავქვავდი. ყველაფერს ველოდი ასეთი პასუხის გარდა. მით უმეტეს, რუსეთში.

მეც, თბილისში გაზრდილი, სულ ამ დახვრეტილებისა და გადასახლებულების ამბებზე ვიზრდებოდი. სულ მესმოდა, რომ ამა და ამ ადამიანს დედა, მამა, ბებია, ბაბუა გადაუსახლეს, დაუხვრიტეს, მაგრამ არასოდეს მესმოდა: ამის დედამ, მამამ, ბებიამ, ბაბუამ გადაასახლა ან დახვრიტა. ჩემს ბავშვურ წარმოდგენაში მეგონა, რომ ყველა "ჩეკისტი" (რაღაც მაგიური, ბნელი სიტყვა) რუსი იყო ან სხვა რომელიმე ერის წარმომადგენელი, მაგრამ არა ქართველი. ის უბრალოდ ვერ იქნებოდა ქართველი: ასე წარმომედგინა. ჩვენ ხომ პატარა, საყვარელი და მზიანი, უვნებელი ქვეყანა ვიყავით, დიდი ურჩხულის მსხვერპლი რომ გახლდათ.

მერე კი გავიდა წლები, მე გავიზარდე, სიტყვა "ჩეკამ" დაკარგა ბნელი მაგია და მიიღო საბჭოთა სიმძაღის გემო, მე გამიჩნდა სურვილი, გამეგო, ვინ იყვნენ ისინი, ვინც ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, ის "შავი კაცები", გამთენიისას რომ აკაკუნებდნენ კარებზე და მიჰყავდათ ადამიანები...

დავიწყე წიგნის წერა, რომ გამეგო, ვინ ვარ, წიგნის, რომელიც ამ მზიანი და უწყინარი ქვეყნის ბნელ სარდაფებში ჩამიყვანდა…

კგბ-ის ანუ "ლიუბიანკას" არქივი მოსკოვში მაშინაც დალუქული იყო და ახლა — მით უმეტეს. მაგრამ იმ მასალაში, რომელზეც მიმიწვდა ხელი, იმ სიებში, სადაც "შავი კაცები" ფიგურირებდნენ, უამრავი ქართული გვარი იყო ჩამოთვლილი. პროცენტულად გამაოგნებლად ბევრი. და ნელ-ნელა მივხვდი, რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი, რაოდენ ბავშვურად ვუდგებოდი ამ ყველაფერს, როგორი ნაივური იმედით ვარსებობდი, როცა იმ "შავ კაცებს" ვასხვისებდი, მაშინ, როდესაც ამ ტერორის ორი მთავარი სულისჩამდგმელი და ინიციატორი ქართველი გახლდათ: სტალინი და ბერია!

და რატომ ვყვები აქ და ახლა ამ გრძელ ამბავს?

ამ ბოლო დროს ხშირად ისმის ეს კითხვა: ვინ არიან ესენი? საიდან მოვიდნენ? ვინ არიან ეს ბნელი ძალების მიმდევრები? ეს ტიტუშკებია თუ ხარებები? ვინ არიან ეს მოძალადეები, რომლებიც დაგდებულებს წიხლით დგებიან და არავის ინდობენ, ეს მართლაც უსამშობლოები და უღმერთოები? იგივე "შავი კაცები", ჩემო ძვირფასებო! ზუსტადაც ისინი! ეს შავი კაცები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებდნენ ჩვენში. ჩვენი მზიანი და უწყინარი სამშობლოს მითი, სამწუხაროდ, კარდინალურად გადასაფასებელია! მაგრამ ჩვენ ეს არასოდეს გაგვიკეთებია: არასოდეს მომხდარა ლუსტრაცია, არასოდეს გვისაუბრია ჩვენი წარსულის "ბნელ" მხარეებზე, არასოდეს გვიმხელია ჩვენივე დანაშაული და ასე და ამდაგვარად, მოვირგეთ ცალსახა მსხვერპლის როლი და ამ როლს შევაკედლეთ ათწლეულების განმავლობაში თავი!

მაგრამ ის შავი კაცები ხომ არსად წასულან. ათწლეულებია, ჩვენ გვერდით და ჩვენ შორის ცხოვრობდნენ. ისინი და მათი შთამომავლები, რომლებსაც არასოდეს მოეთხოვათ პასუხი, რომლებიც ყოველთვის კანონზე უზენაესნი დარჩნენ, რომლებიც არასოდეს გასაჯაროვდნენ, რომლებიც სულ ანონიმურ "შავ კაცებად" დარჩნენ, რომლებიც ახლა სამედიცინო ნიღაბზე ან შარფზე გვედავებიან და თავად შავი ჩაფხუტების უკან მალავენ სახეს.

უბრალოდ არსებობს დრო, როდესაც ისინი ხილვადები ხდებიან და არსებობს დრო, როდესაც მიწისქვეშეთს აფარებენ თავს...

ახლა, სამწუხაროდ, ისევ მათი დრო მოვიდა...

კიდევ ერთი მოსაზრება მესმის ამ ბოლო დროს: ესენი არ არიან ქართველები, რუსები არიან, დაქირავებულები და ა.შ. შეიძლება ნაწილობრივ ეგრეცაა, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა ქართველია! ამდენი წლის თავზე, მე ვეღარ მექნება ის გულუბრყვილობა, რაც ოდესღაც მქონდა... იმ სიებში აღმოჩენილი ქართველი გვარების მთელი მორევი არ მაძლევს ამის საშუალებას.

დიახ, ქართველები არიან. ისევე, როგორც ქართველები არიან ისინიც, ვინც ახლა ნებაყოფლობით გვაერთებს რუსეთს, ვინც წარსულში მიგვექანება, ვინც ისევ რკინის ფარდის ჩამოფარებას ლამობს! ისინიც ქართველები არიან! ამის უკან რომ რუსეთის გავლენა და ინტერესი დგას, ეს არ გვათავისუფლებს ჩვენი პასუხისმგებლობისაგან, არ გვაძლევს უფლებას, თვალი არ გავუსწოროთ მტკნარ სიმართლეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში აღმოჩნდა ასეთი უკიდეგანო ხრამი, რომ ეს ბზარი ჩვენში გაჩნდა, რომ ჩვენ ვერ შევაფასეთ და ვერ გამოვიტანეთ ისტორიიდან სათანადო გაკვეთილები, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ არსებული არცერთი მთავრობისთვის არ გამხდარა ისტორიის კვლევა და საკუთარ შეცდომებზე საუბარი პრიორიტეტული.

იყო საქართველო საბჭოთა მსხვერპლი? ნამდვილად იყო, მაგრამ ისევე იყო ამ ტერორის თანამონაწილეც, ისევე სარგებლობდა ათასობით ადამიანი ამ რეჟიმით, ისევე ჰქონდა ბევრ მათგანს უამრავი პრივილეგია, ასევე იყვნენ "შავი კაცები".

ხანდახან ცალსახა მსხვერპლის როლის მორგება ძალიან პრაქტიკულია: ის შენ გიცავს ყველანაირი პასუხისმგებლობისაგან. შენ გეხსნება ყველანაირი ბრალი და არც აღარაფერი მოგეთხოვება: თავის მოკატუნებისა და სიბრალულის აღძვრის მიღმა.

საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ დანაშაულზე, საკუთარ ღალატზე საუბარი არავის სიამოვნებს. არავის სურს. მაგრამ ჩვენ ახლა გერმანიაში ვიმყოფებით, იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს მხოლოდ იმიტომაა სახელმწიფოებრივად შემდგარი, რომ წარსული გადააფასა. ნებაყოფლობით თუ გამოუვალობით, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მან ის გააკეთა და დღემდე აკეთებს. დღემდე არ თმობს თავის "დანაშაულს", ზურგიდან არ იშორებს ამ მძიმე ტვირთს, რომ არასოდეს დაავიწყდეს, რა ჩაიდინა, რა უფსკრულში გადაიჩეხა და გადაჩეხა მთელი მსოფლიო.

პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში ეს გადაფასება მხოლოდ ერთეულმა ქვეყნებმა შეძლეს, რუსეთზე საერთოდ საუბარი არ არის: იქ საბჭოთა კავშირი არც არასოდეს დამარხულა, იქამდე ეგდო წითელ მოედანზე მისი ლეში, სანამ ზომბის სახით არ გაცოცხლდა და არ დაბრუნდა, კიდევ უფრო მეტად გამძვინვარებული და სისხლმოწყურებული, მაგრამ ჩვენც ვერ დავიკვეხნით იმით, რომ გავიაზრეთ, რა გამოვიარეთ. ჩვენ სწრაფად ჩამოვიხსენით ყველანაირი ბრალეულობა ზურგიდან და ავმჩატდით...

წარსული, სამწუხაროდ, ჩვენთანაც დაბრუნდა და რუსეთის გავლენა, სპეცსამსახურები, რუსეთზე და მის ბაზარზე წაბმული ოლიგარქის მილიარდები, მძლავრი რუსული პროპაგანდა და კიდევ მრავალი ფაქტორი მაინც არ გამოდგება იმის გამართლებად, რომ ეს "შავი კაცები" რუსეთმა შემოგვასია.

ის შავი, ანონიმური, არასოდეს მხილებული მასა, რომელმაც დიდი ტერორის პერიოდში გაწყვიტა საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურული, სასულიერო, სამეცნიერო სფეროს და მოსახლეობის ნათელი, ჭკვიანი, პატრიოტი ნაწილი, ისინი არიან სწორედ ახლაც, ვინც იმავეს აკეთებენ და ჯერ თუ მთლად ვერ ბედავენ ბოლომდე ძველი მეთოდების გამოყენებას, ჯერ კიდევ "არ კადრულობენ" ანონიმურ სასაფლაოებს, ბევრი არ უკლიათ და მალე იკადრებენ. მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული მეხსიერება, ჩვენ გვაქვს მასზე წვდომა.

თუ 1937 წელს ჩვენი ბებია-ბაბუები ვერ დაიჯერებდნენ, რომ საკუთარი სახელმწიფო მათ გაჟლეტდა და გადაასახლებდა, ჩვენ მაინც ხომ შეგვიძლია ამ გამოცდილებას დავეყრდნოთ, გავიხსენოთ?

როგორ მოვიდნენ ბოლშევიკები ხელისუფლებაში, როგორ გაასწორეს მიწასთან ყველანაირი დემოკრატია და ყველანაირი თავისუფლება? როგორ მოვიდნენ ფაშისტები ამ ქვეყანაში ძალაუფლებაში და გადაუარეს მთელ მსოფლიოს? აი, ასე! აი, როგორც ახლა და აქ... ერთი წელიც კი არ დასჭირდა "ქართულ ოცნებას", რომ შიშით, ძალადობით, უნამუსობით, მანიპულატორობით, გაყალბებით, სიცრუით აქამდე მოვეყვანეთ და გავიაზროთ, რომ მათ ჯერ კიდევ ოფიციალურად 4 წელი აქვთ და არაოფიციალურად შეიძლება კიდევ 70-ც ჰქონდეთ... აი, ასე ხდება ეს ყველაფერი! ასე და ამდაგვარად იმკვიდრებენ "შავი კაცები" ძალაუფლებას.

როგორი ხრამიც არსებობდა 1921 წელს საქართველოში, ისეთივე ხრამის მომსწრენი ვხდებით ახლა. საზოგადოების ორი ნაწილი დგას ერთურთის პირისპირ, რომლებიც ჩემმა კოლეგამ, ზაზა ბურჭულაძემ, თავის წერილში გადასარევად დაახასიათა: ის, ვინც საკუთარ კეთილდღეობას სწირავს სამშობლოს და ის, ვინც სამშობლოს სწირავს საკუთარ კეთილდღეობას. მაშინაც იდგა კოჯრის გზაზე მარო მაყაშვილი და მაშინაც უპირისპირდებოდა მას წითელი არმია, ახლაც დგანან "დროშიანი გოგოები" რუსთაველზე და ჭავლს უშვერენ შავი კაცები... ახლაც შიმშილობს მზია ამაღლობელი ციხეში და ახლაც სწირავენ მის სიცოცხლეს...

ისტორია მეორდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, მისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ეს შანსი არ ჰქონიათ, ისინიც ალბათ ისეთივე გულუბრყვილობით ფიქრობდნენ, რომ ქართველი ქართველს არ გასწირავს, როგორც მე ოდესღაც, მაგრამ ქართველი სწირავს ქართველს: ქართველმა არაერთხელ გასწირა ქართველი და ახლაც ქართველების ხელით მიგვაქანებენ რუსეთისკენ! არ დავუშვათ იგივე შეცდომა, არ გადავაჩეხინოთ უფსკრულში თავები, არ გადავაჩეხინოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი!

მაგრამ ჩვენ აქ უკვე ვიყავით, ზუსტად აქ, სადაც ახლა ვართ! ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ და ვიცით, რომ "შავი კაცების" სიებიც დგება ოდესღაც... რომ ურჩხული არასოდეს ნაყრდება და ადრე თუ გვიან საკუთარ მსახურებს და მონებსაც აღარ სწყალობს... ეს დღეც დადგება, მაგრამ იქამდე ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს უფსკრულებში: იმიტომ, რომ მხოლოდ იქ დავინახავთ მომავლის გეგმას. გამოვიძიოთ ჩვენი წარსული, დავიწყოთ საკუთარ სკივრებში ქექვა და ვეცადოთ, მივაწვდინოთ საზოგადოების იმ ნაწილს ჩვენი ხმა, რომელიც ამ ხრამის მეორე მხარეს აღმოჩნდა! ჩვენ უნდა მოვახერხოთ მათი დიალოგში შემოტყუება, მათი სკივრების გახსნა, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, ჩვენ არ გვაქვს ერთი ხმის დაკარგვის უფლებაც კი, არ გვაქვს უფლება ერთი ადამიანის ხელიდან გაშვებისაც, რომელიც შეიძლება ხვალ ჩვენთან ერთად ქუჩაში გამოვიდეს...

ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენს აზრს აბუჩად იგდებს, ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ დაგცინით, გღალატობთ, ვინც სამშობლოს სწირავს საკუთარი კეთილდღეობისთვის, მათ, ვინც ისტორიის არასწორ მხარეს დგას, ვიცი, ძნელია, მაგრამ ეცადეთ, ვეცადოთ, რომ ყველა ქართველი დავარწმუნოთ, დავიყენოთ გვერდში. ჩვენ არ გვაქვს ახლა სიძულვილის და კიდევ უფრო მეტი გახლეჩილობის "ფუფუნება!". სიძულვილი დიდ ენერგიას მოითხოვს და ის ჩვენც გვანგრევს! შევეცადოთ, ვაპატიოთ იმ ადამიანებს, რომ ესოდენ დაეცნენ, ესოდენ გაგვწირეს, ესოდენ შეგვიძულეს, მაგრამ ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ მათზე უკეთესები.

ალბათ ამიტომ მიტივტივდება ამ ბოლო დროს ის მოსკოველი ქალი, მისი დაკაწრული ცისფერი თვალები და მისი მოუნელებელი ტკივილი, მისი სიმამაცე. ბევრად ძნელია, შენი წილი ისტორია ატარო მხრებით, ძალიან ძნელია, არ გაგსრისოს დანაშაულმა, თუნდაც რომელიც შენ არ ჩაგიდენია და მემკვიდრეობით გადმოგეცა; ძალიან დიდი ძალა სჭირდება, ისტორიის არასწორ მხარეზე მდგომმა, ეს აღიარო და სწორ მხარეს გადაინაცვლო, მაგრამ ეს შესაძლებელია! ეს ქალიც და რაც მთავარია, ეს ქვეყანა, რომლის მიწაზეც ჩვენ ახლა ყველანი ვდგავართ, ამის დასტურია! და ჩვენ ყველას ახლა ეს დაუჯერებელი, უკიდეგანოდ მძიმე, უსამართლო მისია გვაკისრია: ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა გავხდეთ უმრავლესობა, სხვაგვარად ჩვენ არ გვაქვს შანსი: ჩვენ გვჭირდება ყველა! იმიტომ, რომ მხოლოდ ერთიანად აღვუდგებით წინ "შავ კაცებს". ჩვენ აქ და ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ "შავი კაცები" ძალიან მალე აღმოჩნდნენ უმცირესობაში!

საქართველოს ყველაფერი აქვს მოსაგები და აღარაფერი დასაკარგი! ჩვენ ვერ გავჩერდებით!