მკვლევართა თქმით, ძველი ოკეანური ფილა დედამიწის მანტიაში ღრმად იძირება და თან ზემოთ მდებარე ქერქს ითრევს. ასევე, ის ერაყში მდებარე ზაგროსის მთების ქვეშ იხლიჩება.

სავარაუდოდ, ეს პროცესი უკვე წარიმართა მთების დასავლეთ მხარეს, სადაც ქურთისტანის რეგიონი თურქეთს ესაზღვრება. ახლა ხლეჩა ჩრდილო-დასავლეთ ირანისკენ ვრცელდება. ეს დინამიკა ზედაპირზე აშკარად არ ჩანს, მაგრამ ცხადყოფს, როგორ აისახება დედამიწის ქერქისა და მანტიის ურთიერთქმედება რელიეფის ფორმირებაზე. ამის შესახებ კვლევა გამოცემაში Solid Earth გამოქვეყნდა.

ოკეანური ფილა ერთ დროს თეტისის ოკეანის ფსკერს წარმოადგენდა — ეს ოკეანე 195 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც სუპერკონტინენტი პანგეა ჩრდილოეთ კონტინენტ ლავრაზიად და სამხრეთ კონტინენტ გონდვანად გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ თეტისის აუზი 20 მილიონზე მეტი წლის წინ დაიხურა, მისი ოკეანური ქერქი ზაგროსის მთიან რეგიონზე კვლავ ზემოქმედებს და მას ქვემოთ ექაჩება.

თეტისის აუზის დახურვისას ოკეანური ქერქი ევრაზიის კონტინენტის ქვეშ აღმოჩნდა. მან თან გაიყოლა არაბეთის კონტინენტური ფილა, რომელიც თანამედროვე ერაყსა და საუდის არაბეთს მოიცავს. ამან ევრაზიასთან შეჯახება გამოიწვია, რამაც მთების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ისინი ქერქს დააწვა და ჩააღრმავა.

ფოტო: Solid Earth

მილიონობით წლის განმავლობაში ეს მთები ეროზიის შედეგად ღრმულში ჩაიშალა, მათი ნარჩენით კი მესოპოტამიის დაბლობი მივიღეთ, სადაც ტიგროსისა და ევფრატის მდინარეები მიედინება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დაბლობის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს დანალექი ქანების ფენა უჩვეულოდ სქელია და 3-4 კილომეტრ სიღრმეზე ვრცელდება.

მკვლევრებმა ეს არეალი შეისწავლეს და კომპიუტერული მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რათა დაედასტურებინათ, რომ ასეთი ღრმულის არსებობის ასახსნელად მხოლოდ მთების წონა არ კმარა. მათ დაადგინეს, რომ აღნიშნული რეგიონი ძველი ოკეანური ფილის გავლენით იძირება. ეს ფილა კი, პარალელურად, დაშლის პროცესშია.

"დანალექი ქანებით ამოვსებული ღრმული თურქეთისკენ ნაკლებად ღრმა ხდება, რაც მიანიშნებს, რომ ამ არეალში ფილა უკვე გაიხლიჩა და ქვევით დაქაჩვის ძალა შემცირდა", — ამბობენ მეცნიერები.

ამ გეოლოგიური პროცესების გაგება შესაძლოა ბუნებრივი რესურსების ძიებაში დაგვეხმაროს, როგორიცაა რკინა, ფოსფატი და სპილენძი. ისინი სწორედ დანალექ ქანებში წარმოიქმნება. მკვლევართა თქმით, არაბეთისა და ევრაზიის ფილების შეჯახების შედეგად გაჩენილი ბზარები ძლიერ მიწისძვრებსაც იწვევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.