ჩინეთში მეცნიერებმა CRISPR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ორი მამის გენეტიკური მასალისგან თაგვები გაზარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მღრღნელებმა ზრდასრულობამდეც კი მიაღწიეს.

სპეციალისტებმა მიზანში ამოიღეს გენები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ორივე მშობლისგან მემკვიდრეობით მიიღება — მამრობითი და მდედრობითი ხაზით. მომავალში ისინი გეგმავენ, რომ ეს მეთოდი პრიმატებზეც გამოცადონ.

ვინაიდან ადამიანების მონაწილეობით ასეთი კვლევები აკრძალულია, მსგავსი ექსპერიმენტები დაგვეხმარება, რომ აღბეჭდვის (იმპრინტინგი) სახელით ცნობილი ფენომენი უკეთ გავიგოთ. ის გენების განსხვავებულ ექსპრესიას გულისხმობს იმის მიხედვით, თუ რომელი მშობლისგანაა ისინი მიღებული. ჯანმრთელი ემბრიონის ჩამოსაყალიბებლად ასეთი გენეტიკური მასალის ჰარმონიული შერწყმაა აუცილებელი, რადგან სხვა შემთხვევაში ანომალიები ვითარდება.

სწორედ ამ დასკვნებამდე მივიდნენ მეცნიერები თაგვებზე აქამდე ჩატარებული კვლევების შედეგად. 1980-იან წლებში ბრიტანელმა მეცნიერებმა სპერმის უჯრედის დნმ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში შეიყვანეს. ასე მიიღეს ემბრიონები, რომლებსაც ორი მამრის დნმ ჰქონდათ, თუმცა მაშინ ისინი ნორმალურად ვერ განვითარდნენ. მიზეზი ის იყო, იმპრინტირებული გენების ბალანსი დაირღვა.

ახლა სპეციალისტებმა განსხვავებული მიდგომა აირჩიეს. მათ ლაბორატორიაში სპერმის დნმ-ისგან ღეროვანი უჯრედები შექმნეს. ასევე, CRISPR-ის მეშვეობით 20 იმპრინტირებული გენი დააკორექტირეს, რომლებიც ემბრიონის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს უჯრედები შემდეგ კვერცხუჯრედში გადაიტანეს, რომლის ბირთვიც ამოღებული ჰქონდათ. შედეგად მიიღეს ემბრიონები, რომლებიც ორი მამრი თაგვის დნმ-ს ატარებდნენ. საბოლოოდ, ისინი მდედრი თაგვების საშვილოსნოში გადანერგეს.

ამ ექსპერიმენტმა დიდწილად გაამართლა — გადანერგილი ემბრიონებიდან რამდენიმე ცოცხალი თაგვი დაიბადა და ზოგმა ზრდასრულობამდე მიაღწია.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ორი დედისგან შექმნილი თაგვები მცირე ზომისანი და ხანგრძლივი სიცოცხლის მქონენი არიან, ხოლო ორი მამისგან — დიდები და ხანმოკლე სიცოცხლისანი. ეს მიუთითებს, რომ მამრების გენები ზრდას უწყობს ხელს, ხოლო მდედრების პირიქით მოქმედებს. სწორედ ამიტომაა საჭირო მათი ბალანსი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.