ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;

ილია ჭავჭავაძე

როგორც ჩანს, "ჩვენისთანა ბედნიერი ერი" ნამდვილად არსად არის, ეს კი დღეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მკაფიოდ დაგვიდასტურა. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები, რომლებშიც უბრალოდ ცვლილებები კი არა, მიზნობრივი ცვლილებები შევიდა.

ქართულის პროგრამაში საერთოდ ვეღარ ვიპოვით პაოლო იაშვილს, პოლიკარპე კაკაბაძეს, ალექსანდრე ყაზბეგს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს... რაც შეეხება სხვა ავტორებს, როგორებიცაა: სულხან-საბა ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე და სხვები, მათი შემოქმედება სრულად ვერ, მაგრამ მიზნობრივ ცენზურას ნამდვილად დაექვემდებარა.

ორიოდე დღის წინ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს, რომლის ლოზუნგიც იყო — "ქართული განათლება საფრთხეშია".

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამ ყველაფრის უბრალოდ საფრთხედ შეფასება, რბილად ნათქვამიც კია, რადგან ხელისუფლებისთვის, რომელიც ცრუ პატრიოტიზმს ქადაგებს, ვაჟას-ფშაველას პუბლიცისტური წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი მიუღებელი და არასაჭირო აღმოჩნდა. პროგრამაში ვეღარ ვნახავთ ვაჟა-ფშაველას პოემას, ბახტრიონსაც, რომლის იდეაც თვალნათლივ პატრიოტულია, ვინაიდან, მტრებისგან სამშობლოს გათავისუფლების მოწოდებას გამოხატავს.

"განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე."

ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლების მიზანი საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობაა, ის ამისთვის ყველა ბერკეტს მიმართავს. დიქტატორულ რეჟიმს, რომლის მართვის სადავეების საფუძველი გაუნათლებლობაშია, არ სურს თავისუფალი ახალგაზრდობა, არც თავისუფალი ქვეყანა და როგორც რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, პატრიოტიზმიც იოლ თავშესაფრად გაიხადეს.

პაოლო იაშვილს კი მეორედ კლავენ... კი კლავენ, რადგან პაოლოს თავი არ მოუკლავს, პაოლო იაშვილი საბჭოურმა რეჟიმმა მოკლა, რომლის დამყარებაც დღეს ისევ სურთ ჩვენს ქვეყანაში.

თურმე როგორი მარტივი ყოფილა, საგამოცდო პროგრამიდან ამოიღო პაოლოს შემოქმედება, ადამიანის, რომელმაც 1937 წლის 22 ივლის მწერალთა სახლში, მეორე სართულზე ორლულიანი თოფით თავი მოიკლა და ასე გამოხატა საკუთარი პროტესტი. როგორც თავად უთხრა სიმონ ჩიქოვანს, დაამტკიცა, რომ ვაჟკაცი იყო.

გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

პაოლო იაშვილი

წლევანდელ პროგრამაში ვერ ვნახავთ ვერც აკაკი წერეთლის ლექსს აღმართ-აღმართ. ვერაფერს დავუკარგავთ, ზუსტად და კონკრეტულად აარჩიეს თითოეული ნაწარმოები. ამ ლექსში აკაკი წერეთელი წერს:

და ვიფიქრე: "ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"

გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: "მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"

მივაძახე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!"

სიმბოლურია, განა ყოველდღე ჩვენც იმავე კითხვას არ ვუსვამთ მთავრობას? თუ "მტერს როგორ მონებდა?" სწორედ ამ ლექსის ვიზუალურ რეპრეზენტაციას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში არსებული დღევანდელი მდგომარეობაც.

გასული წლის ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაში გვხვდებოდა პოლიკარპე კაკაბაძის პიესა ყვარყვარე თუთაბერი, კერძოდ კი, I და IV მოქმედებები. ახლა ვერც ამ ორ მოქმედებას ვნახავთ პროგრამაში და ვერც პოლიკარპე კაკაბაძეს. არც ამ ნაწარმოების დაცენზურებაა გასაკვირი, რადგან დღეს სწორედ ყვარყვარე თუთაბერებად გადაიქცა ხელისუფლება, ხოლო მათი მიზანი ქართული საზოგადოების კაკუტად და ქუჩარად ქცევაა. პოლიკარპე კაკაბაძის ეს პიესა კლასიკური სრულყოფით გამოირჩევა, სადაც მძაფრი ისტორიის ქარტეხილების ფონზე შემთხვევით ამოტივტივდება გაიძვერა მედროვის, ყვარყვარეს მხატვრული სახე.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამიდან მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები ვერ ამოიღეს, ეყოთ გამბედაობა და გალაკტიონის მშობლიური ეფერემა პროგრამაში აღარ შეიტანეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გალაკტიონი ლექსებიდან მხოლოდ ეს უკანასკნელია ამოღებული, დანარჩენი კი უცვლელად გვხვდება. ბუნებრივია, სამშობლოს მტრებს, ყველაფერი მშობლიური აღიზიანებთ.

"ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს -
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
"დიდი ხანია?" - მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: "დიდი ხანია"...

გალაკტიონ ტაბიძე

დაბოლოს, ადამიანებმა, რომლებმაც თვეების წინ ილია ჭავჭავაძის სიტყვების "მამული, ენა, სარწმუნოება" "ცვლილებაში" დაადანაშაულეს ახალგაზრდები და ყველას უსამშობლოებს ეძახდნენ, თავისუფლად შეძლეს და ილია ჭავჭავაძის ლექსები ხელის აკანკალების გარეშე ამოიღეს პროგრამიდან — ბედნიერი ერი, პასუხის პასუხი, ჩემო კალამო და პოემებიც — განდეგილი და აჩრდილი. როგორც ჩანს, მათი აზრით, ახალგაზრდებმა აღარ უნდა წაიკითხონ ბედნიერი ერი, ლექსი, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ისეთივე აქტუალური რჩება, როგორიც 1871 წელს იყო, მისი დაწერის დროს.