სიმსივნის დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია, რისთვისაც მეცნიერები ეფექტიან გზებს ეძებენ. მაგალითად, ჩინეთში მდებარე ჯეძიანის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა ულტრა მგრძნობიარე სენსორი შექმნეს, რომელსაც ფილტვის სიმსივნის იდენტიფიცირება მხოლოდ ადამიანის ამონასუნთქზე დაკვირვებით შეუძლია.

მოწყობილობის პროტოტიპის მცირემასშტაბიანმა გამოცდამ აჩვენა, რომ მან 8 ჯანმრთელ და 5 დაავადებულ ადამიანს შორის სხვაობა წარმატებით გამოავლინა. ამას ის ამონასუნთქში ორგანულ ნაერთ იზოპრენზე დაკვირვებით ახერხებს, რომლის დაბალი კონცენტრაციაც ფილტვის სიმსივნის პოტენციურ ინდიკატორად მიიჩნევა.

ამ ონკოლოგიური დაავადების დროს იზოპრენის დონე მცირედით იცვლება, რისი დაფიქსირებაც რთულია. ამის მიუხედავად, ახალი ტექნოლოგიით ეს შესაძლებელია, თანაც აღნიშნული მეთოდი მარტივ, სწრაფ, არაინვაზიურ და ბიუჯეტურ გამოსავალს გვთავაზობს.

ნანოფანტელები.

ფოტო: ACS Sensors

ულტრა მგრძნობიარე სენსორის შესაქმნელად მეცნიერებმა ე.წ. ნანოფანტელები გამოიყენეს. ისინი პლატინის, ინდიუმის, ნიკელისა და ჟანგბადის კომბინაციით მიიღეს. როცა იზოპრენი ამ მატერიას ეხება, ელექტრონები გამოიყოფა, რაც დაფიქსირებადია.

ასეთ სენსორს მილიარდი მოლეკულიდან იზოპრენის მხოლოდ 2 მოლეკულის გამოვლენაც კი შეუძლია. ცდაში მონაწილე დაავადებულ ადამიანებში ეს მაჩვენებელი 40-ზე ნაკლები იყო, ჯანმრთელებში კი 60-ს აღემატებოდა.

მართალია, ეს ტექნოლოგია იმედის მომცემია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მის კომერციალიზაციამდე დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში ACS Sensors გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.