მიკროპლასტმასა არის პლასტმასის ნაწილაკები, რომელთა ზომაც 5 მილიმეტრზე ნაკლებია. ისინი ყველგანაა აღმოჩენილი, მათ შორის ბუნებასა და ადამიანის ორგანიზმში, რაც ნიშნავს, რომ გარემოში მათი კონცენტრაცია საგანგაშოდ მაღალია.

ახალი კვლევის თანახმად, ამგვარი მატერია ატმოსფეროშიც აღწევს და ღრუბლების ფორმირებაზე აქვს გავლენა. ეს შესაძლოა, ამინდსა და კლიმატზე ზემოქმედებდეს.

გამოცემაში Environmental Science and Technology: Air გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, პლასტმასის მიკრონაწილაკები ყინულის ნუკლეაციაში მონაწილეობს იმ აეროზოლების მსგავსად, რომლებიც ღრუბლებში ყინულის კრისტალების წარმოქმნას უწყობს ხელს. ეს დედამიწის კლიმატურ სისტემასთან მათ ურთიერთქმედებაზე მიუთითებს.

ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა 4 ტიპის მიკროპლასტმასა შეისწავლეს: დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი (LDPE), პოლიპროპილენი, პოლივინილ ქლორიდი და პოლიეთილენ ტერეფტალატი. სპეციალისტები დააკვირდნენ, როგორ იმოქმედებდა თითოეული მათგანი კრისტალიზაციის პროცესზე.

დადგინდა, რომ წყლის წვეთები 5-10°C-ით მაღალ ტემპერატურაზე იყინებოდა მაშინ, როცა იქ მიკროპლასტმასა იყო. ჩვეულებრივ, ეს -38°C-ზე ხდება, მაგრამ როცა წვეთში რაიმე ხვდება, ამ შემთხვევაში პლასტმასის ნაწილაკები, ნუკლეაცია მის გარშემო მიმდინარეობს, თანაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე.

ასეთი ნაწილაკების შემცველი წვეთები ატმოსფეროში მრავლადაა და ვინაიდან ისინი მხოლოდ მაშინ ცვივა, როცა საკმარისად დიდ ზომას აღწევს, ღრუბლებში დიდი მოცულობის წყალი გროვდება. ამის შედეგად წვიმა უფრო ძლიერია. სავარაუდოდ, მიკროპლასტმასას გავლენა აქვს ღრუბლის მიერ სითბოს შთანთქმაზეც.

"ვიცით, რომ ყოველდღიური გამოყენების პლასტმასის ნივთების სიცოცხლის ციკლი შესაძლოა, დედამიწის ღრუბლების ფიზიკურ და ოპტიკურ მახასიათებლებს ცვლიდეს ისევე, როგორც კლიმატს. ამის მიუხედავად, ზუსტად როგორ ხდება ეს, უფრო სიღრმისეულადაა გამოსაკვლევი", — აცხადებენ მეცნიერები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.