ეკო-საბჭოები ზესტაფონის საჯარო სკოლებში — ევროკავშირი საქართველოსთვის
კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევაა. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება და სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული — როგორც ბუნებრივი მოვლენებით, ისე ადამიანის საქმიანობის შედეგად.
კლიმატურ ცვლილებებს მრავალფეროვანი გამოვლინებები აქვს: გლობალური დათბობა, წყალდიდობები, მიწისძვრები, მეწყრული პროცესები და ა.შ. ეს ყველაფერი არამხოლოდ აზიანებს იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, არამედ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასაც.
ამგვარ ვითარებაში, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა ვიზრუნოთ ბუნებაზე, რომლის ნაწილი თავადაც ვართ.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე 2021 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, მუშაობს ორგანიზაცი CENN, რომლის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, გურიისა და რაჭა-ლაჩხუმის რეგიონებში ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ეკომეგობრული პროექტები განახორციელეს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში, ზესტაფონში მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის ხელშემწყობი საბჭო ჩამოყალიბდა. საბჭოს შექმნის და მისი საქმიანობის შესახებ ჩვენ პროექტის ხელმძღვანელს, ნანა ფერაძეს ვესაუბრეთ.
"მოგეხსენებათ, ეკოლოგიური პრობლემები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, CENN-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა და ამით პატარა წვლილი შეგვეტანა ჩვენ რეგიონში უკეთესი გარემო-პირობების შექმნაში", — გვეუბნება ნანა.
ამისთვის, კოლეჯ კონსტრუქტორში, ზესტაფონის #2, #5, #7, აგრეთვე, დილიკაურისა და ზედა საქარის საჯარო სკოლებში ეკო-საბჭოები მოეწყო. თითოეულ მათგანში 7-9 მასწავლებელი და მოსწავლეა. ისინი როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად მუშაობენ ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის.
აღნიშნული სკოლებისთვის შეიძინეს ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნებიც, რომლებსაც ქაღალდების რეციკლირებისთვის იყენებენ.
"ამ ურნებში ბავშვები მაკულატურას აგროვებენ, რომელიც შემდეგ ჩვენთან შეთანხმების საფუძველზე, მიაქვს ადგილობრივ კერძო მეწარმეს. მაკულატურის ჩაბარების შედეგად შეგროვებულ თანხას ბავშვები თავიანთი ეკო-კლუბების საქმიანობისთვის იყენებენ."
პროექტის განმალობაში ერთ-ერთ სკვერში დამონტაჟდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. აქ მოწყობილია ჰელიო-განათებები და მზის მინი ელექტროსადგურები ნოუთბუქებისა და სმარტფონების დასატენად.
"ეს სკვერი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა. მზის ნათურები საღამოობით ძალიან ლამაზად ანათებენ. სკოლის დროს კი მასწავლებლებს გაჰყავთ მოსწავლეები და ასწავლიან, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ ენერგოეფექტურები მზის ენერგიის გამოყენებით", — აღნიშნავს ნანა.
გარდა აღნიშნული აქტივობებისა, სკოლის მოსწავლეებისა და ზოგადად, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ჩატარდა თემატური ტრენინგები. შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და მისით გამოწვეული შედეგები, პრევენციის მექანიზმები, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატგონივრული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა და ა.შ.
სკვერში დასამონტაჟებელი საინფორმაციო პოსტერები ახალგაზრდებმა თავადვე შექმნეს. რაც მათთვის ძალიან საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეს მათთვის არ ყოფილა CENN-თან თანამშრომლობის პირველი გამოცდილება. მისი თქმით, CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით აქამდეთ არაერთი პროექტი დაფინანსებულა.
ნანა იმედოვნებს, რომ მსგავსი შესაძლებლებლობებით სარგებლობის საშუალება რეგიონის მაცხოვრებლებს მომავალშიც ექნებათ.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კომენტარები