არქეოლოგებმა მოწევის ახალი გვერდითი ეფექტი გამოავლინეს
არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქო მწეველთა ძვლებში ისეთ კვალს ტოვებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნარჩუნდება.
ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბრიტანეთში მე-12 და მე-19 საუკუნეებში დაღუპული ადამიანების ნაშთები შეისწავლეს. მათ გამოავლინეს თამბაქოს ღრმა გავლენა ძვლებზე და მისი კავშირი მოტეხილობების გაზრდილ რისკთან.
კვლევა აჩვენებს, რომ 500 წლის წინ ევროპაში თამბაქოს გამოჩენამ ადამიანის ჩონჩხის სტრუქტურაზე დიდი გავლენა იქონია.
ტრადიციულად, არქეოლოგები ეყრდნობიან კბილების მტკიცებულებებს იმის დასადგენად, ეკუთვნოდა თუ არა ჩონჩხი მწეველს. ასეთ დროს აღინიშნება ხოლმე სპეციალური ლაქები და ცვეთის კვალი. თუმცა, ეს მეთოდი არ მუშაობს მაშინ, როდესაც ჩონჩხს კბილები აკლია.
ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 323 კორტიკალური ძვალი, მკვრივი გარე ფენა, რომელიც ძვლებს სიმტკიცეს აძლევს.
სპექტროსკოპიის გამოყენებით, მათ გააანალიზეს ძვლების მოლეკულური შემადგენლობა. შედეგად დადგინდა 45 განსხვავებული მოლეკულური მახასიათებელი, რომლებიც განასხვავებს მწეველთა ძვლებს არამწეველთაგან.
"ჩვენ მოწევის ახალი გვერდითი ეფექტი გამოვავლინეთ. თამბაქოს მოხმარება ტოვებს მეტაბოლურ ჩანაწერს ადამიანის ძვლებში და ეს საკმარისად გამორჩეულია, რათა მისი გამოვლენა საუკუნეების შემდეგადაც მოხდეს", — აღნიშნულია Science Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
კვლევის თანაავტორმა, ექიმმა სარა ინსკიპმა დაადასტურა, რომ თამბაქოს მომხმარებლების ძვლებსა და არამწეველებს ძვლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.
მკვლევრებს სურთ გაიგონ, თუ როგორ წარმოიქმნება ეს განსხვავებები. ამან შეიძლება გვითხრას, თუ რატომ არის თამბაქოს მოხმარება რისკ-ფაქტორი გარკვეული კუნთოვანი დაავადებების მხრივ.
მოწევის მავნე ზემოქმედება რბილ ქსოვილებსა და ორგანოებზე კარგად არის შესწავლილი, მაგრამ ამ ყველაფრის გავლენა ძვლებზე ნაკლებადაა გამოკვლეული.
კომენტარები