მკვლევრების თქმით, ლუციდური სიზმრის მომენტში ორი ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირეს
კალიფორნიაში დაფუძნებული სტარტაპი (REMspace) ირწმუნება, რომ მიაგნო მეთოდს, თუ როგორ დააკავშიროს ორი ადამიანი ლუციდური სიზმრების დროს.
REMspace-ის დამფუძნებელმა, მაიკლ რადუგამ განაცხადა, რომ კვლევის საბოლოო შეჯამებას 6-იდან 12 თვემდე დასჭირდება. ის იმედოვნებს, რომ ნაშრომს მომავალ წელს ფართო საზოგადოებასაც წარუდგენს.
ის რაც ამ ეტაპზე ვიცით ეყრდნობა პრესრელიზს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუციდური სიზმრების დროს ორი ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირდა.
რადუგას თქმით, ეს კომუნიკაცია ორჯერ მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ის მარტივი ფორმისა იყო, ამ ყველაფერს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს.
ასევე: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
ფართო გაგებით ლუციდური სიზმარია სიზმარი, რა დროსაც იცი რომ გძინავს. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი სიზმრები აძლიერებს აქტივობას ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ჩვეულებრივ მშვიდია ძილის დროს.
ეს არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები უთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთ დროს.
ლუციდური სიზმრების "სპეციალისტებს" ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად, მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.
REMspace-ს რამდენიმე რეცენზირებული სამეცნიერო ნაშრომი აქვს, რომლებიც აღწერს თუ როგორ აკონტროლებდა ადამიანი ფიქრებს ლუციდური სიზმრისას.
რაც შეეხება ახალ პრესრელიზს, იქ აღნიშნულია, რომ მკვლევრები ორი ადამიანის ტვინის აქტივობას ლუციდური სიზმრისას აკვირდებოდნენ. როდესაც პირველი მონაწილე ლუციდურ სიზმარში შევიდა, მას ყურსასმენით სიტყვა გადასცეს.
მონაწილეები ერთმანეთთან სპეციალური მოწყობილობებით იყვნენ დაკავშირებული და სიზმრის დასრულების შემდეგ მეორე მონაწილემ აღნიშნა, რომ სიტყვა მანაც გაიგონა.
"სიზმრებში კომუნიკაცია სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, მაგრამ სულ მალე ეს ასე აღარ იქნება", — აღნიშნა რადუგამ.
კომენტარები