ნახეთ: როგორია მარსის პოლარული ყინულის ქვეშ არსებული "ფარული რელიეფი"
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორმა ზონდმა მარსის ორბიტიდან გასაოცარი სურათები გადაიღო. მათზე წითელი პლანეტის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ გაზაფხულის დადგომისას დამდნარი ყინულის ქვეშ არსებული "ფარული რელიეფი" მოჩანს.
მისია Mars Express-მა მარსის ზედაპირი 2024 წლის აპრილის დასაწყისში აღბეჭდა. კერძოდ, მან Australe Scopuli-ს სახელით ცნობილი რეგიონი დააფიქსირა, რისთვისაც მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერა (HRSC) გამოიყენა.
აპარატმა სეზონური პოლარული ყინული გადაიღო, რომელიც ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება, მაგრამ წყალსაც შეიცავს. როცა პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხული მოდის, ამ მასების ნაწილი სუბლიმაციას განიცდის, ანუ ყინულიდან პირდაპირ ორთქლად გადაიქცევა. ამის შედეგად ატმოსფეროში დიდი რაოდენობით აირები ხვდება.
შემოდგომისას ეს ორთქლი კონდენსაციას განიცდის და ზამთარში უკვე პოლარული ყინულის სქელ საფარს ქმნის. ციკლური ხასიათის სეზონური პროცესები ამ რეგიონში შთამბეჭდავ გეოლოგიურ წარმონაქმნებს აყალიბებს, ზოგიერთი მათგანი კი საკმაოდ მუქი შეფერილობისაა, როგორც ზედა ფოტოზე ვხედავთ. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "ფარულ რელიეფს".
სურათზე მარჯვნივ ფენა-ფენა განლაგებული დანალექები ჩანს, რომლებშიც მტვერიცაა მომწყვდეული, ხოლო მარცხენა გლუვი არეალი საინტერესო კონტრასტს ქმნის. მუქ ადგილებში მიახლოებისას მრავალკუთხა ფორმების დაფიქსირებაა შესაძლებელი, რომელთაც ყინულოვანი კიდეები აქვს. ისინი წლების ან საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ლღობა-გაყინვის შედეგად უნდა გაჩენილიყო.
ლანდშაფტზე არსებული საინტერესო ფორმის დანალექების ზომა ათობით ან ასობით მეტრია. მარსის ზედაპირზე კვალი აქვს დატოვებული დამდნარი ყინულიდან გამოთავისუფლებული ორთქლის ნაკადებსაც.
ყინულის ზედა შრეებში მუქი მტვერია მოქცეული, რომელიც იქ ქვედა გრუნტიდანაა მოხვედრილი. როცა ის ზედაპირზე ამოდის, მზის სხივებს შთანთქავს და ყინულის უფრო სწრაფად დნობას განაპირობებს. ამ პროცესებზე დაკვირვება მარსის კლიმატის უკეთ შესწავლაში გვეხმარება.
კომენტარები