ანტარქტიკის ნახევარკუნძული მწვანდება — იქ მცენარეები საგანგაშო ტემპით ვრცელდება
ლანდშაფტის გამწვანება დადებით მოვლენად აღიქმება, რადგან მცენარეებს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფუნქცია აქვს. ამის მიუხედავად, მსგავსი პროცესები ყველგან ერთნაირად სასარგებლო როდია. მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიც ყინულოვანი ანტარქტიდაა, მცენარეული საფარის სწრაფად გავრცელება ადგილობრივ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.
ახალი კვლევის თანახმად, ბოლო 4 დეკანის განმავლობაში ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე გამწვანებული არეალების ფართობი გაათმაგდა, რაც საგანგაშო ტემპია. ეს პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან, რომელიც სამხრეთ პოლუსზეც აისახება და იქ რეკორდულად მაღალ ტემპერატურებს იწვევს.
ამის შედეგების შესასწავლად მეცნიერებმა სატელიტური მონაცემები გამოიყენეს. მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს მცენარეების გავრცელების პროცესი. გაირკვა, რომ თუ 1986 წელს ნახევარკუნძულის მიმდებარედ მცენარეებს 1კმ2-ზე ნაკლები ფართობი ეკავა, 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი უკვე თითქმის 12კმ2 იყო.
საინტერესოა, რომ ტემპის 30%-იანი დაჩქარება ახლო წარსულში შეინიშნება. კერძოდ, 2016-2021 წლებში, როცა მწვანე საფარის ფართობი ყოველწლიურად უკვე 400 000კმ2-ზე მეტით იზრდებოდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე ძირითადად ხავსები გხვდება, რომლებიც, იქ არსებულ სხვა მცენარეებთან ერთად, განსაკუთრებულად მკაცრ პირობებში ხარობს ხოლმე. მართალია, ამ ლანდშაფტზე დომინანტური ჯერ კიდევ თოვლი და ყინულია, მაგრამ სიმწვანე უფრო და უფრო იმატებს. ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია მომავალში კიდევ დაჩქარდება, რადგან გლობალური დათბობა დღითიდღე მწვავდება.
შესაძლებელი და მოსალოდნელია, რომ ანტარქტიდაზე ხავსის მსგავსი მცენარეების ზრდამ ნიადაგისა და ორგანული მატერიის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, ამან კი სხვა მცენარეების გავრცელებაც განაპირობოს. ეს რეგიონში ინვაზიური სახეობების შემოსვლის რისკს აჩენს, რომლებიც ადგილობრივ ფაუნას შეუქმნიან საფრთხეს.
ავტორები ამბობენ, რომ ეს საკითხი უფრო ღრმად უნდა გაანალიზდეს, გამოვლინდეს მიზეზები და ეკოსისტემის დაცვის გზები შემუშავდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები