ანაღვლებს ხელისუფლებას მომავალი თაობის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობა?
ფსიქიკური აშლილობის უმეტესობა სათავეს თინეიჯერობის/მოზარდობის წლებში იღებს. ფსიქიკური პრობლემების ნახევარი 14 წლის ასაკამდე იწყება, მაგრამ შემთხვევების უმეტესობა არ არის დიაგნოსტირებული ამ წლებში.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სამი მეოთხედი სიმპტომებს 24 წლის ასაკამდე ავლენს, 16-18 წელი კი განსაკუთრებით კრიტიკული პერიოდია. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების (ისეთი როგორიც საქართველოა) კვლევების სისტემური მიმოხილვის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვობაში ან მოზარდობის ასაკში უკავშირდება ნაადრევ სიკვდილს და მნიშვნელოვან დისფუნქციას ზრდასრულ ცხოვრებაში. მსოფლიოში თვითმკვლელობა სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია 15-29 ასაკობრივ ჯგუფში.
ახლა კი რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის არსებულ კონტექსტს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს სასწრაფო რეფორმებს. სათემო ზრუნვის განუვითარებლობა და ჰოსპიტალური მკურნალობის ალტერნატივების ნაკლებობა იწვევს არასაჭირო ფსიქიატრიულ ჰოსპიტალიზაციას, თუმცა 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის დაახლოებით 10 სტაციონარული საწოლია.
2018 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე ოფიციალურად რეგისტრირებული პირების რაოდენობამ 76 508 შეადგინა, მათგან მხოლოდ 4% (3217) იყო 15 წელს ქვევით, ახალგაზრდები შედარებით დიდ პროპორციას წარმოადგენენ 14%–ს. ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვები და ახალგაზრდები 35,7%–ს.
"რეგისტრირებული პაციენტების" მაჩვენებლები სავარაუდოდ არ აფასებს საქართველოში ფსიქიკური აშლილობისა და საჭიროებების რეალურ დონეს. ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ახალგაზრდები არცერთ დონეზე არ იღებენ შესაბამისს ზრუნვას.
ინერტული ჯანდაცვის სისტემა
საქართველოში სერვისები, მათ შორის პრევენციული პროგრამები, ახალგაზრდებისთვის უკიდურესად შეზღუდულია, განსაკუთრებით, გავრცელებული ფსიქიკური აშლილობისა (შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ.) და ნივთიერებასა და თამაშდამოკიდებულების პრობლემების გადასაჭრელად.
საქართველოს მთავრობამ აღიარა ახალგაზრდებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის ტვირთის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები და მოამზადა ეროვნული სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის რეფორმის შესახებ 2015-2020 წლებში, რომელიც ხაზს უსვამს ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტერვენციების განვითარების საჭიროებას. ეს საჭიროება ხელახლა არის დაფიქსირებული 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. თუმცა რაც შეეხება ქმედით ნაბიჯებს, ამ მხრივ ჯანდაცვის სისტემა ინერტულია და ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს.
ევროკავშირის მხარდაჭერა და ფსიქო-სოციალური ცენტრის გახსნა
სწორედ ამ ჩავარდნის აღმოსაფხვრელად 2019 წლის გაზაფხულზე თბილისსა და ბათუმში გაიხსნა ინოვაციური ფსიქო–სოციალური ცენტრი "კლუბი სინერგია" 14–დან 25 წლამდე ადამიანებისთვის. ორივე ცენტრს შეუძლია წლის განმავლობაში დაახლოებით 600 ახალგაზრდა მიიღოს სრულიად უფასოდ.
თითოეულ ახალგაზრდასთან ტარდება საშუალოდ 9 – 10 ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი. ეს ყველაფერი ქართველი ახალგაზრდებისთვის განხორციელდა "ფონდი გლობალური ინიციატივა – თბილისისა" და ევროკავშირის მხარდაჭერით. მხარდაჭერაში მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფა არ იგულისხმება. ორგანიზაციის გახსნამდე 18 თვის განმავლობაში და შემდეგაც პერიოდულობით გერმანელი და ბრიტანელი სპეციალისტები სრულიად უფასოდ ატრენინგებდნენ ქართველ სპეციალისტებს, რომელთა შორის ერთ–ერთი მეც ვიყავი.
ევროპული მიდგომა საქმისადმი და ახალგაზრდების დახმარება
თავდაპირველად ჩემთვის უცნაური იყო ორგანიზაციის გახსნამდე ამდენ ტრენინგში მონაწილეობის მიღება, თუმცა შემდეგ გავაცნობიერე საქმისადმი ევროპული მიდგომა სწორედაც, რომ ამგავარ საფუძვლიანად საქმის კეთებას გულისხმობდა. ბაკალავრის დასრულების შემდეგ თავს სრულიად დაკარგულად ვგრძნობდი. არ ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. მაგისტრატურაზე ჩამებარებინა, გამეგრძელებინა სწავლა და კიდევ 2 წლით გადამედო ფიქრები იმის შესახებ თუ რა უნდა ვაკეთო ფსიქოლოგის დიპლომით საქართველოში თუ ტურისტულ ორგანიზაციაში დამეწყო გიდად მუშაობა, სადაც ყოველ ზაფხულს ვმუშაობდი ჯიბის ფულისთვის.
საბოლოოდ არც ერთი ავირჩიე და არც მეორე. დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში, ბათუმში, და 1 წელი პაუზა ავიღე, რომ გავრკვეულიყავი საკუთარ თავში. სწორედ ამ პერიოდში სრულიად შემთხვევით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში "კლუბ სინერგიაში" მუშაობის შესაძლებლობა. მას შემდეგ 6 წელზე მეტი გავიდა, ვიპოვე საკუთარი თავი და ვიცი, თუ რა მინდა ვაკეთო მომდევნო წლების განმავლობაში.
ვეხმარები ყოველდღიურად ახალგაზრდებს და ვიღებ ისეთ უკუკავშირებს, რომელიც ყველანაირ ანაზღაურებაზე დიდი მოტივაციაა და ვრწმუნდები, თუ რამდენად საჭირო ვყოფილვარ საზოგადოებისთვის. რომ არა ევროკავშირის მხარდაჭერა, დიდი ალბათობით არასწორ ადგილას მოვხვდებოდი და ჩემი ამბავი რომ ვიცი, ამაში საკუთარ თავს დავადანაშაულებდი.
ანაღვლებს ხელისუფლებას მომავალი თაობის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა?
"კლუბ სინერგიას" რომ დავუბრუნდეთ, რამდენადაც ვიცი, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც თავისი მკურნალობის ეფექტიანობას კლიენტების პრე, პოსტ და მიდევნების კითხვარებით იკვლევს. შედეგები იმდენად დამაიმედებელია, რომ ამ სერვისის შესახებ სტატიები რამდენიმე ევროპულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. ეს ყველაფერი ევროკავშირის მხარდაჭერით სწორედაც იმიტომ ხდება, რომ ჯანდაცვის სისტემას ნულიდან არ უწევდეს საქმის დაწყება.
მარტივად რომ ვთქვათ, ევროპელებმა ორი დავარცხნილი და გაკრეჭილი ცენტრი 5 წლის განმავლობაში ამოქმედეს თავიანთი ხარჯებით. ამ ყველაფრის შემდეგ ჯანდაცვის სისტემის მხრიდან არ ყოფილა ქმედითი ნაბიჯები, რომ მსგავსი ცენტრი გადასულიყო მათი უზრუნველყოფის ქვეშ.
სწორედ ეს ფაქტი მარწმუნებს იმაში, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას დიდად არ აღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, ასევე მოსახლეობის უმეტესობისთვის კერძო ფსიქოლოგიური სერვისების ღირებულება ფინანსურად მიუწვდომელია. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი ვერანაირ დახმარებას ვერ მიმართავს.
ამის შედეგებს კი ყოველდღიურად რომ ვიმკით, ალბათ, ეს ისეთი ცხადია, რომ არანაირი კვლევის შედეგების წარმოდგენაც არ სჭირდება. ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება კი პირდაპირპროპორციული იქნება ქვეყანაში არსებული ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედება კი "კლუბი სინერგიის" მსგავს ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რაცხავს. თუ "კლუბი სინერგიის" საქმიანობა უცხო ძალის ინტერესების გატარებაა, მაშინ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის საქმიანობა ვისი ინტერესების გატარება გამოდის?
ფსიქო-სოციალური სერვისები და რუსული კანონი
ფსიქო–სოციალურ სერვისში მიმართვიანობისას უმნიშვნელოვანესია კლიენტის კონფიდენციალობის დაცვა. აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ცენტრები ვერ ინახავენ კლიენტების კონფიდენციალობას იმ შემთხვევაში, როდესაც იუსტიციის შესაბამისი დეპარტამენტი გამოითხოვს დოკუმენტაციებს მათ შორის ისეთს, სადაც კლიენტის კონფიდენციალობა დაირღვევა. შესაბამისად, ფსიქოკონსულტირების ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიც დაცულობა და ნდობაა, კანონის ამოქმედების შემთხვევაში მსგავსი ტიპის ორგანიზაციები ვეღარ უზრუნველყოფენ.
ჩემს პირად დამოკიდებულებას რაც შეეხება, ბევრისგან განსხვავებით მომავლის მიმართ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ეს ძირითადად გამოწვეულია არა ხელისუფლების, არამედ ხალხის დამოკიდებულებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ კანონის მომხრეა და მომხრეა სინამდვილეში განა იმიტომ რომ მართლაც გამჭვირვალობა უნდა, არამედ იმიტომ, რომ არასამავრობო სექტორის შიში და ზიზღი აქვს.
უახლოეს წარსულში ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია არასამთავრობო ორგანიზაციების დახასიათება შემდეგი სიტყვებით: "მაგათმა იმდენი ფული შეჭამეს, კი არიან ღირსი". საზოგადოების ამ ნაწილში სიტყვა არასამთავრობოზე ასოციაციურად ის სიტყვები ტივტივდება, რომელიც ზევით დავწერე. ამ ასოციაციებს შესაბამისი ემოციებიც მოყვება. რა შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი იყოს? არასწორები ვიქნებით თუ ხელს მხოლოდ ერთი მიმართულებით გავიშვერთ. ალბათ, გარკვეულწილად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა, რომელმაც საკმაოდ დიდი ფული "შეჭამა". მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა, პროპაგანდაა, რომელიც ზუსტად იმაზე მუშაობს, რომ ხალხში სიტყვა არასამთავრობომ ნეგატიური ასოციაციები გააჩინოს. მესამე მიზეზი კი, ალბათ, თავად ამ ორგანიზაციებს და იმას უკავშირდება, რომ საკმარისად კარგად ვერ იმუშავეს შელახული იმიჯის რეკონსტრუქციაზე.
ფულის "ჭამა"
ღიად არა, მაგრამ დაფარულად ყველანი შეთანხმებულები ვართ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა ფულის "ჭამას" გულისხმობს. ხელისუფლების წარმომადგენელი ხალხის უმეტეს ნაწილში აღარც იწვევს გაღიზიანებას ამ ფაქტის გამო. ხშირად მომისმენია ფრაზები: "ხო ყველამ ვიცით, რომ ჭამ მაგრამ სხვებსაც ცოტა აჭამე, რა". აი, სწორედ ეს არის ის, რაც ხალხმა ხელისუფალს შეიძლება არ აპატიოს, მაგრამ პირიქით ფულის "ჭამაში" თუ სადმე გაყოფა ან განაწილებას დაინახავენ, ამ საქციელს იწონებენ კიდეც: "ფულს თუ ჭამდა, სხვებსაც აჭმევდა და ყველა კმაყოფილი ყავდა".
მოკლედ, დაახლოებით ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ, სადაც მოსახლეობის უმეტესობისთვის ყველაფრის მიმართ ნდობა დაკარგულია. ერთადერთი, იმათი მომხრე იქნებიან, ვინც ფულის ჭამის დროს უფრო მეტად გაყოფს და გაანაწილებს. შესაბამისად მომავალზე ფიქრის დროს ჩემი დამოკიდებულება უფრო პესიმიზმისკენ იხრება.
ბევრისგან გვსმენია, ალბათ, რომ თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდა, ბევრი ამ ქვეყნიდან უცხოეთში წავა საცხოვრებლად. მე არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ ნაწილს, რომელიც შეძლებს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ფიქრებში როდესაც მივდივარ, ვცდილობ წარმოვიდგინო ის რეალობა, რომელშიც მოგვიწევს ცხოვრება და ვცდილობ დავგეგმო თუ როგორ შემიძლია ვადაპტირდე ასეთ გარემოში.
რუსეთში დარჩენილი ხალხის "დამცავი მექანიზმი"
ბოლო პერიოდში ჩემი ინტერესი გამძაფრდა რუსეთში დარჩენილი ხალხის ცხოვრების მიმართ. განსაკუთრებით ვაკვირდები ჩემს რუსს კოლეგებს. ვცდილობ გავარკვიო რა გამკლავების მექანიზმები ეხმარება მათ, რომ იმ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება, სადაც თავისუფლება შეზღუდულია. ერთ–ერთ ინტერვიუში ცნობილი რუსი ფსიქოანალიტიკოსი ასე პასუხობს უხერხულ კითხვაზე:
– როგორ აგრძელებთ ცხოვრებას რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სანკტ–პეტერბურგში?
– იცით რაა, როგორც ომამდე, ისე მისი დაწყების შემდეგაც მე იგივე დროს ვიღვიძებ სამსახურში წასასვლელად, იგივე მეზობლებს ვხვდები სახლიდან გასვლისას, იგივე ავტობუსით გადავაადგილდები, იგივე პრობლემებით მოდიან ადამიანები ჩემთან თერაპიაზე... სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ შეცვლილა ჩემი ცხოვრება.
თითქოს არაფერი, მაგრამ ჩემთვის ძალიან სევდიანია ვუყურო ასეთ პასუხს. ეს პოზიცია ამ შემთხვევაში არა კონფორმიზმის გამოხატულებაა, არამედ უარყოფაა. უარყოფა დამანგრეველი რეალობის, უსუსურობის და ამ ყველაფერში ადაპტაციის მცდელობის.
არ მინდა, რომ მომავლის საქართველოში ცხოვრებისას იგივე დამცავი მექანიზმით ვიმშვიდებდე თავს. ჩემი გათვლებით, საქართველო აზერბაიჯანიზაციის გზას ადგას, თუმცა არ არის გამორიცხული ვცდებოდე და უარესი ან უკეთესი გველოდეს წინ.
კომენტარები