ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
2020 წლის ზაფხულში მეცნიერებმა იაკუტიას ტერიტორიაზე ბეწვიანი მარტორქის სხეულს მიაგნეს, რომელიც მზრალმა ნიადაგმა დღემდე კარგად შემოინახა. ის დედამიწაზე დაახლოებით 32 400 წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ მისი კანი, ბეწვი და რბილი ქსოვილები დაუზიანებელია.
რა თქმა უნდა, მსგავსი ნიმუში პალეონტოლოგებისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ ამ ცხოველთა ანატომიური მახასიათებლების შესახებ ღირებული ინფორმაცია მოიპოვონ. სწორედ ეს გააკეთეს სპეციალისტებმა ახალი კვლევის ფარგლებში. შედეგად მათ დაადგინეს, რომ მარტორქა ჯერ ახალგაზრდა იყო, როცა მოკვდა. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ მისი მაქსიმალური ასაკი 4.5 წელს შეადგენდა.
იმაზე, რომ ეს ცხოველი ახალგაზრდა იყო, მისი ბეწვიც მიანიშნებს, რომელიც მოკლე და თხელია. შედარებისთვის, ზრდასრულ ინდივიდებს ბევრად სქელი და მუქი შეფერილობის ბეწვი ჰქონდათ. მარტორქის ბალანში მკვლევრებმა მცირე ზომის პარაზიტულ არსებებსაც მიაგნეს, რომლებიც კიბოსნაირები არიან. მათ კლადოცერას, იგივე წყლის რწყილებს, უწოდებენ და ისინი დედამიწის ამ რეგიონში დღეს უკვე აღარ გვხვდებიან.
ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მარტორქის ზურგზე არსებული ცხიმიანი კუზი იყო, რომელსაც მეცნიერები ანატომიურ ანომალიად მოიხსენიებენ. მსგავსი მახასიათებელი ამ სახეობაში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, ასეთი ამონაზარდი ბეწვიან მამონტებში იყო გავრცელებული, რომლებიც გამყინვარების ეპოქაში ცხოვრობდნენ. აქედან ასკვნიან, რომ შესაძლებელია, ცხიმის მარაგი მარტორქებისთვისაც თერმული დაცვის ან ენერგიის შენახვის ფუნქციას ასრულებდა.
ისინი დიდი ზომის ცხოველები იყვნენ, რომლებიც მცენარეებით იკვებებოდნენ. აღნიშნული სახეობა დაახლოებით 3.6 მილიონი წლის წინა პერიოდში გამოჩნდა და ევრაზიის ჩრდილოეთ რეგიონში ბინადრობდა. ისინი 10 000 წლის წინ გადაშენდნენ. იაკუტიაში აქამდე ბეწვიანი მარტორქის 6 სხეულია აღმოჩენილი ისევე, როგორც მამონტები, მგლები, გამოქვაბულის ლომები და ფრინველები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Doklady Earth Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები