მკვლევრებმა მარსის ზედაპირის ქვეშ უცნაური სტრუქტურები აღმოაჩინეს
მეცნიერებმა მარსის ახალი გრავიტაციული რუკა წარადგინეს. მასზე ასახულია მკვრივი, ფართომასშტაბიანი სტრუქტურები, რომლებიც პლანეტის ზედაპირის ქვეშაა. მკვლევრების თქმით, ეს მარსის ოლიმპის მთაზე მოქმედებს. ცნობისთვის, ოლიმპი მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთაა.
მკვლევრებმა სხვადასხვა დროს მიღებული მონაცემები გააანალიზეს, მათ შორის NASA-ს InSIGHT-ის მისიის მიერ მოპოვებული. კვლევა ჟურნალ JGR-ის მომავალ გამოცემაში გამოქვეყნდება და მისი ავტორი გეოლოგი ბარტ რუტია.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი შედეგი გეოლოგიის მნიშვნელოვან კონცეფციებთან წინააღმდეგობაში მოდის. მკვლევრებს აინტერესებდათ, თუ როგორ რეაგირებს პლანეტის გარე ხისტი ფენა ფართომასშტაბიან დატვირთვასა და გადატვირთვაზე. საუბარია ლითოსფეროზე, რომელიც შედგება ქერქისა და მანტიის ზედა ნაწილისგან.
როდესაც რაიმე სიმძიმეა ლითოსფეროზე, ის რეაგირებს ჩაძირვით. დედამიწაზე ამის კარგი მაგალითი გრენლანდია, სადაც მასიური ყინულის ფენა ახდენს დაღმავალ ეფექტს.
კვლევამ აჩვენა, რომ მარსის მანტიაში აქტიური პროცესები მთებზე მოქმედებს. როგორც ჩანს, ზედაპირის ქვეშ არის დიდი მასა, რომელიც მანტიიდან ამოდის. ეს ნიშნავს, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ კვლავ აქტიური პროცესებია.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ მიწისქვეშა მასა, რომელიც დაახლოებით 1750 კილომეტრია სიგანეში. ვეჭვობთ, რომ ეს არის მანტიის ნაწილი, რომელიც მთების ქვეშაა. მიგვაჩნია, რომ ეს მასა ზევით ლითოსფეროსკენ მიედინება და მომავალში აქტიურ ვულკანურ პროცესებს წარმოქმნის", — ამბობენ მკვლევრები.
სადავოა, თუ რამდენად აქტიურია მარსი ვულკანურად. წითელ პლანეტაზე ამ მომენტისთვის აქტიური ვულკანური პროცესები არ ფიქსირდება, მაგრამ მიწის ქვეშ აღმოჩენილი ეს სტრუქტურები, შესაძლოა, სწორედ ამ პროცესებთან იყოს დაკავშირებული.
თუ ეს პროცესები მართლაც ხდება, შეუძლია თუ არა ამას მარსზე ვულკანების გააქტიურება? ეს ის შეკითხვაა, რაზეც პასუხები ჯერ არ გვაქვს და მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევებს ახლა იწყებენ.
კომენტარები