შესაძლოა, მზის სისტემის კიდეზე კოსმოსური ობიექტების უცნობი პოპულაცია არსებობდეს
ასტრონომები მზის სისტემის შორეულ რეგიონს სუბარუს ტელესკოპით დააკვირდნენ და კოსმოსური ობიექტები აღმოაჩინეს, რომელთა იქ არსებობაც მოულოდნელი იყო. ახალი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, ეს სხეულები უფრო დიდი პოპულაციის ნაწილი იყოს.
სუბარუს ტელესკოპით მეცნიერები კოიპერის სარტყელს იკვლევდნენ, რომელიც ნეპტუნის ორბიტის მიღმაა და ჯუჯა პლანეტების უდიდეს ნაწილს მოიცავს. 11 ახალი ობიექტი სპეციალისტებმა მისი მიჯნის გარეთ დააფიქსირეს, თანაც საკმაოდ მცირე არეალში. ვარაუდობენ, რომ ისინი და სხვა, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, მსგავსი სხეულები ცალკე სტრუქტურაში ერთიანდება, რომელსაც სარტყლისგან თითქმის ცარიელი სივრცე აშორებს. საინტერესოა, რომ ასეთი სტრუქტურები სხვა სისტემებშიცაა გამოვლენილი.
გამოდის, რომ შესაძლებელია, გარე მზის სისტემაში კოიპერის სარტყლის ორი რგოლი იყოს.
"თუ ეს დადასტურდება, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იქნება. ესე იგი, პირველადი ვარსკვლავური ნისლეული იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა და არაა გამორიცხული, ამან მზის სისტემაში პლანეტების ფორმირების პროცესის შესწავლაზე გავლენა იქონიოს.
ჩვენს მზის სისტემაში არსებული კოიპერის სარტყელი სხვა სისტემებთან შედარებით ძალიან პატარა ჩანდა, მაგრამ უკანასკნელი შედეგები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ეს დაკვირვებითი ცდომილებებით ყოფილიყო გამოწვეული. შესაბამისად, თუ ამ მონაცემების ავთენტურობა დამტკიცდება, დავრწმუნდებით, რომ კოიპერის სარტყელი სულაც არაა პატარა და უჩვეულო", — აცხადებენ ავტორები.
ავტომატურად ეს იმაზეც მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად განსხვავდება ჩვენი კოსმოსური სამეზობლო სხვა სისტემებისგან, რასაც არამიწიერი სიცოცხლის ძიებაზეც ექნება გავლენა.
მეცნიერები ამბობენ, რომ მომავალში ნეპტუნის მიღმა უფრო მეტი ობიექტის აღმოჩენას იმედოვნებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Planetary Science Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები