ჩინეთი ზღვის სიღრმეში ლაბორატორიის აშენებას აპირებს, სადაც მეცნიერების ჯგუფი მუდმივად იმუშავებს. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრები იმედოვნებენ, რომ "ცივი ღიობების ეკოსისტემის კვლევითი დაწესებულების" მშენებლობა ხუთ წელიწადში დასრულდება.

ამ პროექტს უზარმაზარი საპორტო ქალაქიდან, კუანგჭოუდან, ხელმძღვანელობენ. იგი ჰონგ-კონგის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, მდინარე მარგალიტზე, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიედინება. გეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება, თუმცა მეცნიერების მთავარი მიზანი წყალქვეშა დაწესებულების შექმნაა.

ახალი ლაბორატორია დაახლოებით 2 000 მეტრის სიღრმეზე იმუშავებს. იგი ერთდროულად ექვსამდე ადამიანის მიღებას შეძლებს, რომლებსაც ექნებათ, წყალქვეშ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცხოვრონ. The Global Times-ის ინფორმაციით, ლაბორატორიაში განთავსდება "სამეცნიერო ექსპერიმენტების, ნავიგაციისა და ოპერაციების საკონტროლო კაბინები, ასევე მრავალფუნქციური კვლევითი ოთახი და საცხოვრებელი ზონა". გარდა ამისა, ლაბორატორიას ექნება დამხმარე ენერგეტიკული კაბინა.

"ობიექტი ადამიანის მიერ მართვად კოსმოსურ მისიებსა და წყალქვეშა მოწყობილობებს აერთიანებს. ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, 30 დღის განმავლობაში წყალქვეშ კომფორტულ პირობებში იმუშაონ", — განაცხადა ლი ჩაოლუნმა, პროექტის ხელმძღვანელმა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ამ ამბიციური გეგმის მიზანი ფსკერზე "ცივი ღიობების" შესწავლაა — იმ ადგილების, საიდანაც ნახშირწყალბადებით მდიდარი სითხეები, მეთანი იქნება ეს თუ წყალბადის სულფიდი, გარეთ გამოიდევნება. ასეთ ადგილებში უნიკალური ეკოსისტემა ყალიბდება, რომელიც ქემოსინთეზზეა დამოკიდებული. ეს პროცესია, რომლის დროსაც ორგანიზმები, ნაცვლად მზის შუქისა, ზღვის ფსკერიდან წამოსული ქიმიური ნაერთების ენერგიას იყენებენ.

წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების შესწავლა გეგმის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ცივ ღიობებს ნახშირბადის ციკლში მნიშვნელოვანი როლი აქვს და, შესაძლოა, აუთვისებელი ბიოლოგიური რესურსების წყაროც აღმოჩნდეს. ასევე, ისინი დედამიწის კლიმატის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, რადგან მეთანი — ძლიერი სათბურის აირი — ზღვის ფსკერიდან გამოედინება და ოკეანესა და ატმოსფეროს სისტემებთან ურთიერთქმედებს.

ეს მხოლოდ სამეცნიერო მისია როდია — ზღვის ფსკერის ამ საინტერესო ნაწილებზე ფოკუსირებით მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების შექმნა იგეგმება, რომელთა გამოყენებასაც შემდეგ პრაქტიკაშიც შევძლებთ.

"ეს მხოლოდ მეცნიერებას არ ეხება — გვინდა, რომ ეს აღმოჩენები ინდუსტრიულ გარღვევებად ვაქციოთ", — თქვა ლიმ China Daily-სთან საუბრისას — "ცივი ღიობები ძალიან მნიშვნელოვანია არაერთი საკითხის გასააზრებლად, რომელთა შორისაა: დედამიწის ნახშირბადის ციკლი, ექსტრემალურ გარემოში სიცოცხლე და რესურსების, თუნდაც მეთანის ჰიდრატების, უსაფრთხო მოპოვება. ეს დაწესებულება ჩინეთს ღრმა წყლის მეცნიერებასა და მწვანე საზღვაო ეკონომიკაში დააწინაურებს".

ჩინეთი ცდილობს, 2060 წლისთვის ნახშირბადი გაანეიტრალოს (ანუ ატმოსფეროდან იმდენივე ნახშირბადი მოაშოროს, რამდენიც გამოიყოფა). ახალი ინიციატივა ამ ამბიციას უსვამს ხაზს და ქვეყნის საზღვაო ძალის გაძლიერების პოტენციალს ქმნის.

ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ ჩინეთი წყლის სიღრმეებს არა მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენებისთვის, არამედ გეოპოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლადაც იყენებს. ცოტა ხნის ქვეყანამ Meng Xiang ("ოცნება") აამუშავა — მასიური საბურღი გემი, რომელიც ფსკერიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე ჩასასვლელადაა შექმნილი. წარმატების შემთხვევაში ამ მისიამ, შესაძლოა, დედამიწის შიდა სტრუქტურასა და ტექტონიკურ ძალებზე მნიშვნელოვან საიდუმლოებებს ახადოს ფარდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.