როგორ შეცვალა "ლინგვისტურმა რევოლუციამ" კაცობრიობის ისტორია

ფოტო: (Denis-Art/iStock/Getty Images Plus)
დღესდღეობით ადამიანები 7 ათასზე მეტ ენაზე ვლაპარაკობთ. რამდენად განსხვავებულებიც არ უნდა ჩანდეს ისინი, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ყველა ერთი ენობრივი ოჯახისგან წარმოიშვა. ეს პროცესი დაახლოებით 135 ათასი წლის წინ დაიწყო — მანამ, სანამ ჩვენი სახეობა სხვადასხვა პოპულაციად გაიყოფოდა.
არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ეს ერთგვარი "ლინგვისტური რევოლუცია" 100 ათასი წლის წინ საბოლოოდ აისახა ჰომო საპიენსის ქცევაზე.
"კაცობრიობის ყველა განშტოება ადამიანის ენაზე საუბრობს და ყველა ენა ერთმანეთის მონათესავეა. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პირველი განშტოებები დაახლოებით 135 ათასი წლის წინ წარმოიქმნა, ასე რომ, ადამიანში საუბრის უნარი იმ დროისთვის უკვე უნდა არსებულიყო ან შეიძლება უფრო ადრეც", — ამბობს MIT-ის ლინგვისტი შიგერუ მიაგავა.

ფოტო: (Texier et al, PNAS, 2010).
მიაგავამ კოლეგებთან ერთად 15 სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლა და ერთმანეთს შეადარა. აღმოჩნდა, რომ განსხვავებული მეთოდებით ყველა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდიოდა. მთლიანი გენომის, Y ქრომოსომისა და მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზები მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსის სახეობა პირველად დაახლოებით 135 ათასი წლის წინ გაიყო განსხვავებულ პოპულაციებად.
"თუ ენის უნარი უფრო გვიან განვითარდა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ გვეპოვა თანამედროვე ადამიანის პოპულაციები ლინგვისტური უნარის გარეშე ან ფუნდამენტურად განსხვავებული კომუნიკაციის ფორმით, მაგრამ მსგავსი არაფერი შეიმჩნევა", — აცხადებენ მკვლევრები თავიანთ ნაშრომში.
ადამიანებში ენა იმაზე ადრე უნდა გაჩენილიყო, ვიდრე მის ფართოდ გავრცელებას არქეოლოგიური ფაქტები მოწმობს. გუნდის აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ კომუნიკაციის ამ ახალმა მეთოდმა მრავალი ქცევის ფორმირებას შეუწყო ხელი, იქნება ეს გრავირების განვითარება თუ დაკრძალვის წესის შემოღება. მსგავსი ქცევები ადრე მხოლოდ ეპიზოდურად გვხვდებოდა.
"ენის გამოყენება როგორღაც ადამიანის აზროვნებას ასტიმულირებდა და რთული ქცევების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. თუ მართლები ვართ, გამოდის, რომ 100 ათას წლის წინათ ენის საშუალებით ადამიანები ერთმანეთისგან სწავლობდნენ და ახალ იდეებს უყრიდნენ საფუძველს", — ამბობს მიაგავა.
მეორე მხრივ, სხვა არქეოლოგები აცხადებენ, რომ ეს ქცევითი ცვლილებები უფრო მეტად თავისთავადი პროცესის შედეგი იყო. ენა ამ დროს გარკვეულ როლს ასრულებდა, მაგრამ აუცილებელი ფაქტორი არ ყოფილა. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის ქცევა ახალ მასალებზე ექსპერიმენტებისა და უფრო რთული სოციალური ქსელების ფორმირების შედეგად განვითარდა.
აღსანიშნავია, რომ სიტყვების განლაგების უნარი კომპლექსური მნიშვნელობის შესაქმნელად სხვა ცხოველებშიც შეიმჩნევა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ადამიანის მეტყველება უმაღლეს საფეხურზეა — ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რადგან ცხოველთა კომუნიკაციის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ასევე იხილეთ: სპილოები ერთმანეთს "სახელებს არქმევენ" — აბსტრაქტული აზროვნების ნიშანი.
ყველაფრის მიუხედავად, სიტყვების სიმბოლურად გამოყენება, მაგალითად, იდიომების სახით, ჯერ კიდევ ჩვენი სახეობისთვის დამახასიათებელ უნიკალურ მეთოდად რჩება.
მიაგავას მტკიცებით, ეს უნარი გვაძლევდა საშუალებას, რომ ძალიან დახვეწილი აზრები შეგვექმნა და ისინი სხვებისთვის გაგვეზიარებინა. იგი ამტკიცებს, რომ სწორედ ენა იყო თანამედროვე ადამიანის ქცევის ჩამოყალიბების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.
კომენტარები