კატალონიელი მარია ბრანიასი 2024 წლის აგვისტოში მოკვდა, როცა 117 წლისა და 168 დღის იყო. ამ დროისთვის იგი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე მოხუც ადამიანად ითვლებოდა. ქალის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გასაგებად მეცნიერებმა ამომწურავად გამოიკვლიეს მისი გენეტიკა, ცილები, მიკრობიომი და მეტაბოლიზმი.

ეს ესპანეთის ჯოზეფ კარერას ლეიკემიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა გააკეთეს. მათი კვლევა იშვიათ შანსს გვაძლევს, დავაკვირდეთ იმ უჯრედულ მექანიზმებს, რომლებიც ზოგიერთ ჩვენგანს მეორე ასწლეულის დაწყების შანსს აძლევს. ნაშრომი სფეროს სპეციალისტებს ჯერ არ მიმოუხილავთ.

მარია "სუპერცენტენარი" იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან 110 წელზე მეტხანს იცოცხლა. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა, რადგან 10-იდან მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, ასი წლის შემდეგ კიდევ ერთი ათწლეული იცხოვროს.

მეცნიერებმა ინტერვიუებისა და სხვადასხვა ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით დაადგინეს, რომ მარიამ მრავალი რეკომენდაციის დაცვით იცხოვრა. ეს ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელი სიბერისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

მარიას ფსიქიკურად, სოციალურად და ფიზიკურად აქტიური ცხოვრება ჰქონდა. ის მუდმივად ცდილობდა, რომ დრო ოჯახთან და მეგობრებთან გაეტარებინა, რაც დემენციის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ქალი ხმელთაშუა ზღვის დიეტის მიხედვით იკვებებოდა, რაც ბევრი ბოსტნეულის, ხილის, თევზისა და ზეითუნის ზეთის მიღებას გულისხმობს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქალს რძის პროდუქტებიც ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით იოგურტი.

"მიკროორგანიზმები მნიშვნელოვან როლს თამაშობს არამხოლოდ სხეულის მეტაბოლიტური შედგენილობის, არამედ ანთების, ნაწლავების გამტარობის, კოგნიციის, ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობის განსაზღვრაშიც", — წერენ მეცნიერები თავიანთ ნაშრომში.

რახანია ითვლება, რომ დნმ-ის ვარიაციები სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. გენები, რომლებიც მარიას ჰქონდა, ძლიერ იმუნურ სისტემასთან არის კავშირში; ამ გენებს უკავშირდება გულის დაავადებებისა და სიმსივნის უფრო დაბალი რისკიც.

კვლევის ფარგლებში DNA მეთილაციაც შეისწავლეს — ქიმიური მარკირების მექანიზმი, რომელიც გენის გამოვლინებაზე ზემოქმედებს. ამ მექანიზმზე გარემოსგან მიღებული სტრესი მოქმედებს, ამიტომ მას ხშირად ბიოლოგიური ასაკის შესაფასებლად იყენებენ.

"ჩვენმა ას წელს გადაცილებულმა იმაზე ახალგაზრდული ბიოლოგიური ასაკი აჩვენა, ვიდრე მისი რეალური ქრონოლოგიური ასაკი იყო. ეს სამი განსხვავებული ქსოვილის ანალიზით დადასტურდა", — აღნიშნავენ მეცნიერები.

მკვლევრებმა სხვა ფაქტორებიც გამოკვეთეს. მათ შორისაა მეტაბოლიზმი, რომელიც "ცუდი" ქოლესტერინის დაბალი და "კარგი" ქოლესტერინის მაღალი დონეების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. გარდა ამისა, მარიას ანთების დაბალი დონეები აღმოაჩნდა, რამაც იგი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისგან დაიცვა.

მარიამ თავად აღნიშნა, რომ თავისი ხანგრძლივი ცხოვრება "მშვიდი და სასიამოვნო გარემოს" დამსახურება იყო. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ეს კიდევ მრავალმა ფაქტორმა უზრუნველყო.

მართალია, ჩვენი უმრავლესობისთვის 117 წლამდე ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა კვლევა გვეხმარება გავიგოთ, როგორ მივაღწიოთ დიდ ასაკს დაავადებებისა და დაზიანებების გარეშე.

"ჩვენი კვლევიდან მიღებული სურათი აჩვენებს, რომ დიდი ასაკი და ცუდი ჯანმრთელობა ბუნებრივად არ არის დაკავშირებული და შესაძლებელია, ორივე პროცესი მოლეკულურ დონეზე შევისწავლოთ", — წერენ მეცნიერები.

კვლევა რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში ჯერ არ არის გამოქვეყნებული. იგი პრეპრინტების პლატფორმა BioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.