მისია BepiColombo-მ მერკურის ახლოს ჩაუარა და მისი ზედაპირი გადაიღო
თბილისის დროით 5 სექტემბრის 01:48 საათზე ორი კოსმოსური ზონდისგან შემდგარმა BepiColombo-მ მერკურის ახლოს ჩაუარა, რა დროსაც პლანეტის ზედაპირისგან მხოლოდ 165 კილომეტრი აშორებდა. აპარატმა ციური სხეულის სამხრეთ პოლუსის მკაფიო გამოსახულება პირველად მოიპოვა.
BepiColombo ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიაა, რომელიც რამდენიმე წელში მერკურის ორბიტაზე ორი ზონდის განთავსებას ისახავს მიზნად. რა თქმა უნდა, ამას მანევრების მთელი წყება სჭირდება, ამიტომ ტრაექტორიის გასასწორებლად და სიჩქარის მოსამატებლად აპარატი პლანეტას პერიოდულად უახლოვდება. უკანასკნელი შემთხვევა რიგით მეოთხე ჩავლა იყო, თუმცა ბევრად ახლოს, რადგან აპრილში ხომალდის ძრავს მცირე პრობლემა შეექმნა.
ციურ სხეულთან ბოლო მიახლოებამ წარმატებით ჩაიარა და ხომალდის კამერებმა მერკურის ზედაპირს სურათებიც გადაუღო. გუნდი ადასტურებს, რომ BepiColombo სწორი ტრაექტორიით გადაადგილდება და გამართულად ფუნქციონირებს.
ფოტოები სამმა სამონიტორინგო კამერამ გადაიღო, რომელთა დანიშნულებაც პლანეტის აღბეჭდვა სულაც არაა, არამედ გუნდის მიერ აპარატის კონტროლი. ამის მიუხედავად, მათ ობიექტივში მერკურიც მოხვდა, თანაც საკმაოდ მკაფიო გამოსახულებით.
სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხო მანძილად 200 კილომეტრია მიჩნეული, ამიტომ 165 კილომეტრ დისტანციაზე მიახლოებას გარკვეული რისკიც ახლდა თან. მის შესამცირებლად BepiColombo-მ მერკურის იმ ნახევარსფეროს ჩაუარა, სადაც ბნელოდა.
სურათებზე მერკურიზე არსებულ კრატერებსა და სხვა გეოლოგიურ ფორმაციებს ვხედავთ, რომლებიც მის ზედაპირს განსაკუთრებულად უსწორმასწოროს ხდის. კრატერები სხვადასხვა ხელოვანისა და ავტორის სახელებს ატარებს, მათ შორისაა კომპოზიტორი ვივალდი და მხატვარი ანრი მატისი.
აღსანიშნავია, რომ ეს სურათები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომავალში გველის, როცა კონკრეტულად მერკურის გადასაღებად შექმნილი კამერები გააქტიურდება. ეს 2027 წელს უნდა მოხდეს.
ცნობისთვის, BepiColombo მხოლოდ მესამე მისიაა, რომელიც ამ ციური სხეულის შესასწავლად გაუშვეს. ის მის ორბიტაზე 2026 წლის ნოემბერში შევა.
კომენტარები