გიგანტურ ასტეროიდთან შეჯახებამ იუპიტერის უდიდესი თანამგზავრი სამუდამოდ შეცვალა
ახალი კვლევის მიხედვით, იუპიტერის უდიდეს ბუნებრივ თანამგზავრ განიმედს დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ კოლოსალური ზომის ასტეროიდი უნდა შესჯახებოდა, რამაც მასზე სამუდამო კვალი დატოვა. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ამ მოვლენამ ციური სხეულის ბრუნვა და გეოლოგიური/შიდა სტრუქტურული ევოლუცია მნიშვნელოვნად შეცვალა.
იაპონიის კობეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა სიმულაციამ აჩვენა, რომ ამ ჰიპოთეზური ასტეროიდის ზომა დაახლოებით 300 კილომეტრი იყო. გამოდის, რომ ის ზომით 20-ჯერ აღემატებოდა კოსმოსურ ობიექტს, რომელიც დედამიწას 66 მილიონი წლის წინ შეეჯახა და დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
მსგავსი კატასტროფა განიმედის დესტაბილიზაციასა და ბრუნვის ცვლილებას განაპირობებდა. ეს პროცესები მომხდარიდან დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. სიმულაციების თანახმად, ასტეროიდი განიმედს 60-90° კუთხით შეეჯახა და 1 400-1 600 კილომეტრი სიგანის კრატერი წარმოქმნა. ამის კვალი უნდა იყოს ზედაპირზე არსებული კონცენტრირებული რგოლები, რომლებიც ერთგვარი თხრილებისგან შედგება და ეკვატორის ქვემოთ შეინიშნება.
რგოლების ამ სისტემის ანალიზის მიხედვით, ასტეროიდმა იუპიტერის თანამგზავრის ბრუნვაზე იმგვარად იქონია გავლენა, რომ კრატერი პლანეტის მიმართ უკანა მხარეს მოექცა. შეგახსენებთ, რომ განიმედის ერთი ნახევარსფერო ყოველთვის იუპიტერისკენაა მიბრუნებული, მეორე კი — პირიქით. ასეა დედამიწისა და მთვარის შემთხვევაშიც.
ასევე, ვარაუდობენ, რომ შეჯახებამ განიმედს პირველადი ზედაპირი შემოძარცვა, რაც კრატერის გავლენით მოხდა, რომლის ზომამაც ციური სხეულის ზომის 25%-ს მიაღწია. Voyager-ისა და Galileo-ს მისიების დროს განიმედის სურათები მოვიპოვეთ, მაგრამ შესაძლოა, მის ზედაპირზე შეჯახების შედეგად დატოვებული უსწორმასწორობები ჯერ კიდევ აღმოსაჩენი გვქონდეს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მეტის გაგების საშუალება ექნებათ, რაშიც მისია JUICE-იც დაგვეხმარება. ის იუპიტერის სისტემამდე 2032 წელს მიაღწევს და განიმედსაც მიუახლოვდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები