გაიცანით გუნდი, რომელმაც ჟესტური ენის მთარგმნელი ხელთათმანი შექმნა — Halove-ს ამბავი
ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა ინოვაციური ხელთათმანი შექმნეს. თავიდან იგი უბრალოდ სასკოლო პროექტი იყო, თუმცა გზადაგზა ტექნოლოგიით სოციალური პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნეს: ხელთათმანი გვეხმარება გავიგოთ, თუ რას გვეუბნება ჟესტური ენით სმენა- და მეტყველებადაქვეითებული ადამიანი.
ჟესტური ენით კომუნიკაციის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მას უმეტესად მხოლოდ ის ადამიანები (და მათი ახლობლები) ფლობენ, რომელთაც ვერბალურად არ შეუძლიათ კომუნიკაცია. ახალგაზრდებს, სტარტაპ Halove-ს გუნდს, სწორედ ამ პრობლემის მოგვარება სურდათ.
ხელთათმანი ჯერ მხოლოდ პროტოტიპია და დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო, სანამ სამიზნე ჯგუფი მისით სარგებლობას შეძლებს. მეორე მხრივ, ახალგაზრდების გუნდს ტექნოლოგიამ უკვე არაერთი წარმატება მოუტანა საქართველოსა და ევროპის მასშტაბით. ბავშვები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში EPAM-ის რჩეულები გახდნენ, კომპანიის მხარდაჭერით კი ახლახან ლიეტუვას ეწვივნენ სასწავლო მიზნით.
თავიანთ გამოგონებაზე, გავლილ გზასა და ლიეტუვის შთაბეჭდილებზე ნუცა, თეკლა, რეზო, გიგილო და შოთა მოგვიყვებიან. თავიანთი ისტორია მათ მძაფრსიუჟეტიან ტრაგიკომედიასაც კი შეადარეს:
საიდან გაჩნდა ხელთათმანის იდეა
მოზარდები 175-ე სკოლაში სწავლობდნენ და 10-11-ე კლასში მეწარმეობის საგანს გადიოდნენ. ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს კონკურსზე წარსადგენად რაიმე ტექნოლოგია უნდა შეექმნათ ჯგუფურად და იდეებზე ფიქრი ასე დაიწყეს. თეკლა მუხადგვერდელმა გვითხრა, რომ ერთ დღეს სოციალური ქსელის "სქროლვისას" სმენა- და მეტყველებადაქვეითებული გოგოს ვიდეო შეხვდა.
"ძალიან წუხდა და განიცდიდა იმ ფაქტს, რომ არ შეეძლო საზოგადოებაში კომუნიკაციის დამყარება ისე, რომ სირთულეს არ წასწყდომოდა. რაიმე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამ გოგონას დავხმარებოდით და არამარტო მას, რადგან ბევრმა ადამიანმა არ იცის ჟესტების ენა".
თეკლამ ეს ვიდეო თანაგუნდელებს გაუზიარა, სხვადასხვა პროტოტიპის განხილვის შემდეგ კი საბოლოო იდეაზე შეთანხმდნენ: ჟესტურ ენაზე ხელებით საუბრობენ, ამიტომ ხელთათმანის შექმნა გადაწყდა.
თანასკოლელებს ერთმანეთთან მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, ამიტომ ტექნოპარკს სამუშაო სივრცის გამოყოფა სთხოვეს და მუშაობას შეუდგნენ — უფრო სწორად, ჯერ იმ ყველაფრის სწავლას, რაც მუშაობისთვის სჭირდებოდათ და არ იცოდნენ.
როგორ შეიქმნა პროტოტიპი
პროტოტიპის შექმნა სკოლის მოსწავლეებს უამრავ უძილო ღამედ დაუჯდათ. ხელთათმანი მათ კონკურსამდე უნდა დაესრულებინათ, ამიტომ სწავლისა და ამ პროექტის შეთავსება მოუწიათ; თავისთავად, ყველაფრის სწავლაც, რადგან საკმარისი გამოცდილება არცერთ ტექნიკურ სფეროში არ ჰქონიათ.
"ნულით დავიწყეთ ფაქტობრივად, არაფერი არ ვიცოდით არც პროგრამირებაში, არც 3D მოდელირებაში, არც რობოტიკაში. თან მუშაობა და თან სწავლა იყო ძალიან ძნელი და ასევე ძალიან სტრესული ჩვენთვის", — გაიხსენა გიგილო შალიკაშვილმა.
რეზო ყაველაშვილმა, Halove-ს გუნდის წევრმა, გვითხრა, რომ ხელთათმანზე მუშაობის პროცესი ერთგვაროვანი არასდროს ყოფილა და, წარმატებასთან ერთად, წარუმატებლობასაც ხშირად აწყდებოდნენ.
"არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ ყოველთვის ყველაფერი გამოსულიყო. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ დღეს გვეგონა, მართლა გამოგვდიოდა, და ძალიან გვიხაროდა, გვქონდა ისეთი დღეებიც, როცა გვეგონა არაფერი არ გამოგვდიოდა და ვფიქრობდით, საერთოდ რატომ ავიღეთ ეს პროექტი", — თქვა რეზომ და დაამატა, რომ არ დანებდნენ და ტექნოლოგია პროტოტიპის დონემდე მაინც მიიყვანეს.
მოსწავლეებს ეგონათ, იდეალური პროტოტიპი შექმნეს, თუმცა ეს წარმოდგენა მალევე დაიმსხვრა, როცა მათი მასწავლებლის, თამარ მორგოშიას, ინიციატივით თბილისის 203-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ამ სკოლაში ჟესტური ენით მოსარგებლე მოზარდები სწავლობენ, Halove-ს კი სამიზნე ჯგუფი უნდა გაეცნო და პროტოტიპზე უკუკავშირი მოესმინა.
"შევედით საკლასო ოთახში, სადაც ბავშვები გველოდებოდნენ, ჩვენი თანატოლები. როდესაც ველოდებოდით, რომ მასწავლებლებს ჩვენი ნათქვამი მათთვის გადაეთარგმნათ და პირიქით, გავაცნობიერეთ, რომ მათ ადგილას აღმოვჩნდით და ვიგრძენით სწორედ ის, რასაც ისინი ყოველდღიურად განიცდიან სკოლის ფარგლებს გარეთ", — გვითხრა ნუცა ნოდიამ, Halove-ს გუნდის წევრმა და დაამატა, რომ პროექტის გასაუმჯობესებლად თანატოლებისგან ბევრი იდეა მოისმინეს — "ისიც გავაცნობიერეთ, რომ რაღაცები, რაც ჩვენთვის შეიძლება კომფორტული და მარტივი ჩანდეს, მათთვის საერთოდ პირიქით ყოფილიყო".
როგორ თარგმნის ხელთათმანი ჟესტურ ენას
შოთამ, Halove-ს ერთ-ერთმა წევრმა, აგვიხსნა, ხელთათმანი ხელის მოძრაობებზე ინფორმაციას პოტენციომეტრების მეშვეობით იღებს, ანუ "აკვირდება", რას გამოსახავს ხელი. სხვადასხვა ჟესტი სისტემაში წინასწარ არის აღწერილი ენა Arduino-ს გამოყენებით; ტექნოლოგია ასე "იგებს", რას ამბობს ჟესტური ენით მოსარგებლე ადამიანი.
შემდეგი ნაბიჯი "გაგებულის" გახმოვანებაა, რომ სათქმელი სხვა ადამიანებამდეც მივიდეს. ამისათვის ხელთათმანზე ეკრანია მოთავსებული, რომელზეც ჟესტების შესაბამისი ტექსტები იწერება. პროტოტიპს აქვს სპიკერიც, რომელიც ჟესტური ენით ნათქვამს ახმოვანებს.
შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია
Halove-ს გუნდის წევრებს წარმოედგინათ, რომ მსგავსი ტექნოლოგიის შესაქმნელად და წარმატების მისაღწევად გენიოსები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა პროცესში აღმოაჩინეს, რომ ამისათვის სხვა ფაქტორები ყოფილა მნიშვნელოვანი.
"სანამ ასეთ პროექტში ჩავერთვებოდი და ამ პროდუქტზე მუშაობას დავიწყებდი, თვალს ვადევნებდი ასეთ პროექტებს და ვათვალიერებდი, ხალხი რას აკეთებდა აქამდე. მეგონა, რომ მართლა გენიოსობას მოითხოვდა ასეთი პროექტის და ზოგადად პროექტების დაწყება, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა და უბრალოდ შრომა, ძალისხმევა და დროის ჩადება სჭირდებოდა", — გაგვიზიარა რეზომ.
Halove-ს გუნდმა ეს ყველაფერი გაიღო და შედეგებმაც არ დააყოვნა. 2023 წელს მათ თავიანთი პროტოტიპი ჯუნიორ ეჩივმენტის სამეწარმეო ფესტივალზე წარადგინეს, გაიმარჯვეს და საქართველოს წლის კომპანიის ტიტული მიიღეს. ასე საშუალება მიეცათ, საქართველოს სახელით ევროპის მასშტაბზე ეასპარეზათ:
"წავედით თურქეთში საერთაშორისო დონის კონკურსზე, რომელშიც ევროპის 41 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას", — გაიხსენა რეზომ.
იმავე წელს ახალგაზრდებმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსიც მიიღეს მონაწილეობა. მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს და EPAM-ის რჩეულები გახდნენ.
"გავიარეთ რამდენიმე ეტაპი, გადავედით ფინალში, მივიღეთ პატარა დაფინანსებაც, რის შემდეგაც, მინდა ვაღიარო, ჩვენდა გასაკვირად, მოვხვდით გამარჯვებულებს შორის, გავედით მეოთხე ადგილზე და გავხდით ეპამის რჩეული გუნდი".
EPAM-მა ბავშვებს ლიეტუვაში ვიზიტი დაუფინანსა. უფრო ზუსტად, ისინი კომპანიის ოფისს ეწვივნენ ვილნიუსში.
რა მოხდა ლიეტუვაში
EPAM-ს სურდა, მეოთხეადგილოსანი გუნდისთვის სტიმული მიეცა, ამიტომ ახალგაზრდები ვილნიუსში, ეპამის ოფისში, გაემგზავრნენ რამდენიმე დღით. პრაქტიკული თვალსაზრისით Halove-ს გუნდის წევრებმა მათთვის საინტერესო ცოდნა მიიღეს, რომელიც ხელთათმანის დახვეწაში დაეხმარებათ, თუმცა ახალი გარემოსა და ადამიანების გაცნობაც დააფასეს.
ეპამი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 55 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ნინო ბიგვავას, EPAM-ის ESG კოორდინატორის, თქმით, სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ადგილობრივი IT ტალანტების განვითარებას ხელს უწყობს. კომპანია ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან უკვე ორი წელია თანამშრომლობს, რათა ახალგაზრდა გამომგონებლებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს განვითარებაში დაეხმაროს.
"საქართველოშიც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის ათასწლეულის განვითარების ფონდთან. უკვე მეორე წელიწადია ვარჩევთ ეპამის ე. წ. რჩეულ გუნდს და ვაძლევთ დამატებით ცოდნის მიღების საშუალებას. წელს ეპამის რჩეული გუნდი წავიყვანეთ ეპამის ლიეტუვას ოფისში, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, უფრო პრაქტიკული ცოდნა მიეღოთ, რომ საკუთარი დაწყებული პროექტი უფრო განევითარებინათ", — გვითხრა ნინომ.
ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო და ინფორმაციული ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული ლექცია აღმოჩნდა, რადგან AI-ს გამოყენებით ხელთათმანი მნიშვნელოვნად შეუძლიათ გააუმჯობესონ.
"ხელოვნური ინტელექტის ჩაშენება ჩვენს ხელთათმანს საშუალებას მისცემს, გადათარგმნოს უფრო მეტი ჟესტი, გახდეს უფრო სწრაფი, ასევე გახდება უფრო პატარა", — აგვიხსნა გიგილომ.
ლექციებისა თუ სამუშაო შეხვედრებისგან თავისუფალი დრო ახალგაზრდებმა ვილნიუსის ქუჩების დათვალიერებაში გაატარეს და არაერთი წიგნის მაღაზია მოინახულეს. მოიხიბლნენ ეპამის თანამშრომლებითაც (ერთ-ერთთან, სხვათა შორის, გიგილომ საერთო მუსიკალური ინტერესებიც აღმოაჩინა).
სამომავლო ხედვები
გუნდი ხელთათმანზე ამჟამად აქტიურად აღარ მუშაობს. მათ ჯერ მეტი ინფორმაციისა და ცოდნის მიღება სურთ, რათა ხელთათმანის დახვეწა გაუმარტივდეთ. როგორც ნუცამ გვითხრა, ლიეტუვაში ვიზიტი ამაში უკვე დაეხმარათ:
"ეპამმა სწორედ ამის საშუალება მოგვცა, რომ ლიეტუვაში პიროვნულად უფრო განვვითარებულიყავით, დაგვეხვეწა ჩვენი ცოდნა ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რაც ბევრად გაგვიუმჯობესებს და გაგვიმარტივებს ხელთათმანის შექმნის პროცესს".
რეზომ აგვიხსნა, რომ შემდეგი პროტოტიპი სენსორების დახმარებით იმუშავებს და არა პოტენციომეტრებით; ამასთანავე, იგი უფრო მცირე ზომისა და ბევრად კომფორტული იქნება.
"ჩვენი ჯგუფი ისევ გააგრძელებს ამ პროექტზე მუშაობას, კიდევ დავხვეწავთ ჩვენს პროდუქტს და დავეხმარებით ისეთ ხალხს, რომლებსაც უჭირთ კომუნიკაციის დამყარება გარე სამყაროსთან", — დასძინა რეზომ.
კომენტარები