ახალი რეალობა ბათუმში — სტუდენტების პროტესტი, რუსული კანონი და მეხსიერება

Op-ed ოპ-ედი არასარედაქციო კატეგორიაა, მრავალფეროვანი იდეებით და ადამიანებით. აქ გამოქვეყნებული ტექსტები წარმოადგენს ავტორთა მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს On.ge-ს რედაქციის პოზიციას.
0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ის, რაც მეხსიერებაში დარჩა

რაიმეს გახსენება ყოველთვის გულისხმობს მეხსიერებაში ფაქტების აღდგენას, მომხდართან ემოციური კავშირის კვლავ განცდას და დაკვირვებას იმაზე, რაც დავიწყებას გადაურჩა.

მეხსიერების გემოვნებაზე ამ შემთხვევაში რა ვთქვა, მაგრამ დახსომებაცა და დავიწყებაც ორივე თვითშენახვას, თავდაცვას რომ უკავშირდება, ეს ცხადიცაა და ცნობილიც. რაღაცას ვერ ვივიწყებთ იმიტომ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ გადარჩენა გვსურს და რაღაცას ვივიწყებთ იმიტომ, რომ ხსოვნა ხელს უშლის წამოდგომას, ცხოვრების გაგრძელებას.

იმაზე, რაც ამ წლის გაზაფხულზე ხდებოდა, პირველი ითქმის. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ დაგავიწყდეს ნიშნავს რეფლექსიას იმაზე, რაც იყო.

ჰოდა, რა იყო ეს ყველაფერი? ამ კითხვას მარტივად, უბრალოდაც შეიძლება უპასუხო. ეს იყო მოულოდნელობა, ყოველ შემთხვევაში, ხალხისთვის. ჩემთვისაც. მოულოდნელობას მოჰყვა ასევე მოულოდნელი პროტესტი. მაგრამ ვიდრე პროტესტი დაიწყებოდა, ამ ამბავს ჰქონდა ფსიქიკური რეაქციისთვის დამახასიათებელი ზემოქმედება: ჯერ გაოგნება, შემდეგ — დათრგუნულობა, შიშის გრძნობა, მერე — ბრაზი და ბოლოს ბრაზის გამოხატვა. ეს მეც გამოვიარე.

აფექტი, ემოციური მუხტი სამოქმედო და სააზროვნო კონტექსტია, რომელშიც ყველაზე კარგად გამოვიყურებით. ეს ალბათ ჩვენი ემოციური ტოპოსია. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. გააჩნია დროს და საკითხს. ყველაფერს გააჩნია. თუმცა მთლად ასეც არ არის.

ის, რაც ჩემს მეხსიერებაში დარჩა, არ იყო თავდავიწყება, ეგზალტირება, ეს იყო თავმოკრება, რაციონალური დამოკიდებულება. იმიტომ, რომ პროცესს სათავეში სხვა თაობა ედგა, სხვა ენის, სხვა ოცნებების მქონე. ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, ამ მოვლენებს ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ სხვაგვარი განცდა შესძინა ლექტორისა და სტუდენტის კავშირს. ეს რაღაც მეტი იყო, ვიდრე აკადემიური კავშირი.რაღაც ძალიან მგრძნობიარე, თან უცნობი და უცხოც.

თვითორგანიზება — ახალი რეალობა ბათუმში და მისი მიზეზები

საერთოდ, ბათუმის პოლიტიკურ კულტურაში საზოგადოების, მასების ოპოზიციური გამოსვლები ახალი მოვლენაა. სულ იყვნენ კონკრეტული ოპოზიციონერი ინდივიდები, მაგრამ ოპოზიცია, როგორც საზოგადოებრივი ტალღა, ზოგადად, ოპოზიციური ელექტორატი, როგორც ღია და თვითორგანიზებული მოვლენა, ახალი რეალობაა.

არცთუ დიდი ხნის წინ აქ აბაშიძის რეჟიმი იყო, რომელიც ლოკალური ფორმა იყო იმისა, რაც ახლა მთელ საქართველოშია. მას შემდეგ, რაც ასლანი "გაიქცა და აჭარა თავისუფალია", აჭარაში უკვე მთელ საქართველოში მიმდინარე პროცესებმა იწყო გავრცელება და ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსმაც დაკარგა პოლიტიკური საფრთხის მნიშვნელობა. არცთუ ფიგურალურად რომ ვთქვა, ჩოლოქზე საზღვარი აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის აღარ არსებობს.

ეს საზღვარი მენტალურიც იყო. საზღვარი როგორც გაუცხოება. ამ გაუცხოების ყველაზე სასტიკი მაგალითი ალბათ ის იყო, რომ მაშინ როცა აფხაზეთს ვკარგავდით, ბათუმში საბრინა მღეროდა. თუმცა ვიღაც შემომედავება და მეტყვის, მაგ საზღვრის წყალობით იყო, მხედრიონს რომ გადავურჩითო. ჰო, ფაქტი ფაქტია. მაგრამ უფრო დიდი ფაქტი უფრო პატარას ჯობნის ხოლმე და აბათილებს. ცხადია, ომი არც მაშინ უნდოდა ჭკუათმყოფელს და არც ახლა სურს ვინმეს...

ნიუსი — ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც საპროტესტო ტალღას შეურთდნენ. როგორ მოხდა ეს? ნუთუ იმ სამარცხვინო საზღვრის მოშლის გვიანდელი რეზონანსია? ჰო, ასეა. და ქალაქმა მიიღო საუნივერსიტეტო ქალაქის ცოცხალი სახე, უცებ გაივსო ახალგაზრდული ენერგიით, ახალგაზრდული ბრაზით, რწმენით და გაბედულებით. მსვლელობა ფეხით ბათუმის ქუჩებში, შეძახილები და გამხსნევება აივნებიდან, მშვიდობიანი და მხურვალე ხმები.... ეს სურათები ისტორიის ნაწილია. ჩემი პირადი სამოქალაქო ცხოვრების ისტორიის ნაწილიც.

და მთავარი — ხალხის სიმრავლე. თუმცა განა მარტო ადამიანების რაოდენობაა მთავარი. მთავარია ისიც, რომ პროტესტმა საქართველოში გამოხატა ის, რასაც თვითორგანიზებულობას ვეძახით და რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ საჭიროებენ ინტელექტუალურ მეგზურს — როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება საკმაოდ განვითარდა საიმისოდ, რომ განგაშზე ბუნებრივი და ავტომატური რეაქცია ჰქონდეს და ახსნა არ სჭირდებოდეს, როგორ მოიქცეს, რით იხელმძღვანელოს.

ამის გამოხატულება იყო ის, რომ ყველა პერსონალური აქტორი, რომელიც აქციების კომპოზიციაში მოწინავე რიგებში პოზიციონირებდა, არ იყო კლასიკური ლიდერი, რომელსაც მასა შეჰხარის. და ეს იყო ქართული საზოგადოების პოლიტიკური კულტურის განვითარების დასტური. ახალი თაობის სახით ახალი ქართული საზოგადოების დაბადების მოწმე გავხდით.

ეს თაობა

რომ ეკითხა ვინმეს, თუ ველოდი ამას. ვუპასუხებდი — არა. ახლა ვთვლი, რომ ეს გაუანალიზებელი პასუხი იქნებოდა. და, რაც მთავარია, უსამართლოც. ახლა ბევრი სწორი რამის თქმა შეიძლება. ერთი რამ განსაკუთრებით ცხადია: ეს არის თაობა, რომელიც სრულიად განსხვავებულ სოციალურ პირობებში გაიზარდა და განვითარდა — ეს არის, ასე ვიტყვი, მიკროსოციალური გარემოსგან დისტანცირებული თაობა, ინტერნეტის უკიდეგანო, გლობალური სამყაროს პირმშოები. ამის ზოგადი თუ კონკრეტული ავრკარგიანობა სხვა საკითხია და მოგონებებისა და შთაბეჭდილებების პირად კონტურებს სცდება.

და მაინც, რატომ მოჰყვა "ბავშვებისგან" ასეთი რეაქცია რუსული კანონის ამბავს, როცა იყო განცდა, რომ მათ არც არაფერი აინტერესებთ? იმიტომ, რომ თუ ვინმეს ეხება ამ კანონის კონკრეტული პოლიტიკური შედეგები, სწორედ ეს ახალგაზრდა ადამიანები არიან. ცხოვრების ის ენა, ის სტილი, ის ცოდნა, რომელიც უფროს თაობას აქვს, მათ არ მოეპოვებათ. ამიტომ მათთვის ეს კანონი ეგზისტენციური საკითხია. შესაბამისად, პროცესტიც — გასაგები.

ამ ამბებთან დაკავშირებით ერთი პირადი გაკვირვებაც მაქვს, როგორ აღმოვჩნდი მიკროფონთან. უკანა რიგები ჩემთვის კომფორტული ადგილია. ზოგადად, ასე ჩემთვის უფრო მისღები დისტანცია მაქვს რეალობასთან. აქციებზეც რიგით მოქალაქედ ვიდექი ბულვარის ნაძვების ქვეშ და ძლიერ ემოციას განვიცდიდი სტუდენტების გამოსვლების გამო, მათი მღელვარება და მუხტი გადამდები იყო, ვუსმენდი და კეთილი გაკვირვებით მიკვირდა, — საიდან ეს სიტყვები, ეს თავდადება?

ისინი იმდენად ყოჩაღად მართავდნენ პროცესს, რომ არავითარი საჭიროება "უფროსისა" არ იყო. მაგრამ მათ დამიძახეს. ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე მგრძნობიარე დაძახებად დარჩება. მახსოვს, როგორ ვღელავდი. ტრიბუნა არ არის ადგილი, სადაც აზროვნების და მსჯელობის შესაძლებლობა მეხსნება. ეს, ალბათ, არც იყო საჭირო. იქ საჭირო იყო ემოციური კავშირი და, ეს ალბათ შევძელი. ახლაც მაღელვებს გახსენება შუაში გაყოფილი სტუდენტების მასისა, მათი შეძახილები, ის მანძილი კიბეებამდე და მერე მიკროფონთან და გაბზარული ხმით თქმული ჩემი მიმართვა, რომელიც არ მახსოვს.

მგონი, განცდა არ მატყუებს და ეს იყო მომლოდინე დაძახება, ისინი ჩემგან რაღაცას ელოდნენ. უფრო სწორად, რაღაცის გამოაშკარავებას, გაცხადებას. საიდან? რატომ? როგორც ჩანს, ის, რაც აუდიტორიაში ხდება სტუდენტსა და პროფესორს შორის, ცოდნის შინაარსი და სწავლების ხასიათი, საკმარისია სტუდენტისთვის იმის გასაგებად, თუ ვინ დგას მის წინაშე როგორც მოქალაქე. მესმის, რომ ყველაფერი ასე მარტივად და ბრტყლადაც არ არის. მაგრამ, არსებითად, ასე შეიძლება ითქვას. სხვა ახსნა ჩემს ამ შემთხვევას არა აქვს და ამიტომ.

საბჭოთა ჭიპლარის წყვეტა

ამ განსჯა-მოგონებაში დაკვირვების ჰორიზონტი თავისით იწევს შორს, წარსულისა და მომავლისკენ. ვინა ვართ, საით მოვსულვათ, სადა ვართ, წავალთ სადაო? რა გველის ხვალ? რას მოიტანს ეს კანონი? ბოლოს და ბოლოს, რამ გადაგვრია კანონზე, როდის მერეა კანონებს რომ ვკითხულობთ?

ისე, ერთი "ოცნება" კი ამიხდა: კარგა ხნის წინ შრომის კანონის შესახებ პარიზელი სტუდენტების საპროტესტო აქციის შესახებ ვნახე ნიუსი და ვინატრე, ღმერთო, კანონის წამკითხველი და მერე მის გამო პროტესტაღძრული ქართველი მანახე ჩემს მამულში-მეთქი. მიხაროდეს რომ ამიხდა? გარკვვეული აზრით, -კი. ჩვენ ვფორმდებით სამოქალაქო საზოგადოებად, საზოგადოებად, რომელსაც აქვს გრძნობა, რომ კანონები ქმნის მას.

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენა გამოვიარეთ. რომ განვაზოგადო, ეს ოცდაათი წელი პოსტსაქართველოს დაბადების კონვულსიების ისტორიაა.

დაბადების პირველი ტალღა ეს იყო საბჭოთა ჭიპლარის ფიზიკური წყვეტა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მენტალურად უფრო ძნელია და ყველა მომდევნო პროცესის თანამდევ სირთულედ რჩება.

მერე იყო დამოუკიდებლობის პირველი უმწიფარი, ბრუტალური და ფატალური ნაბიჯები, საზოგადოებრივი ველის მამოძრავებელი ძალების ინტერესების გაშიშვლება, სოციალური ფუნქციის ზონიდან მათი პოლიტიკურ ზონაში ღია გადმოსვლა. ასე მივიღეთ დეპუტატი მსახიობები და დეპუტატი სპორტსმენები, პოლიტიკურად ანგაჟირებული კულტ. ელიტა. თუ საბჭოთა დროს პროფესიული აღიარება კმაროდა პრივილეგიებისა და გავლენებისათვის, შემდეგ მეტი "შრომა" გახდა საჭირო.

ამის მერე იყო ეროვნული იდეიდან სახელმწიფოს იდეაზე გადასვლის რთული პროცესი. სიმბოლურად რომ ვთქვა, გავიხსენებ პასპორტში ეროვნების ამოღებისა და მოქალაქეობის ჩაწერასთან დაკავშირებულ დაპირისპირებებს. აქაც რომ განვაზოგადო, ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრობაში სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკითა და კონსტიტუციურად განსაზღვრული პოლიტიკური შინაარსით პოზიციონირების დიდი, მაგრამ არათანმიმდევრული, შეცდომების მატარებელი ნაბიჯების ისტორია. ეს ისტორია თავისი ავკარგით დამთავრდა 2012 წელს. მაგრამ როგორ დამთავრდა, დღევანდელი მოცემულობა ცალსახად თქმის საშუალებას არ გვაძლევს.

ეს იმიტომ, რომ ხელოვნური ბურუსი მეტნაკლებად გაიფანტა. რეალობა ყველაზე ჯიუტი რამაა და მისი მოდიფიკაცია, გაყალბება, გადალაგება დროებითი ამბავია. რა თქმა უნდა, ისტორიაზე ზეწოლა უდანაკარგო არ არის, მაგრამ სიმართლეში, როგორი დაგვიანებულიც არ უნდა იყოს ის, არის ელემენტი, რომელსაც გამოცდილებას ვეძახით. შევიძინეთ თუ არა გამოცდილება, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებას ამ თვალსაზრისით პრობლემები აქვს.

გამოცდილებად არ ვაქცევთ წარსულს. ის ან პათეტიკური სენტიმენტების ან გაქცევის სფეროა. აქედან ჩვენი ინფანტილიზმი და მუდმივი მოთხოვნილება არა ინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ ძალაში კონცენტრირებისა.

საზოგადოებრივი ენერგია ეს ინდივიდების, მათი ინდივიდუალური ცნობიერების მთლიანობაა და არა ადამიანების უპიროვნო, კოლექტიური ცნობიერების ლავა. ლავა სტიქიაა და მისი გადატანა კონსტრუქციულ ენერგიად არ ხდება. სტიქიური ძალა უდიდეს ენერგიას ატარებს. მაგრამ ის მხოლოდ დამანგრეველია ბუნებაშიც და კულტურაშიც. ამიტომ მისი ათვისება არ ხდება.

ადამიანს იმიტომ აქვს ცნობიერება, რომ სტიქიური არ იყოს. უნდა შევძლოთ ვიყოთ ადამიანები, მოაზროვნე ადამიანები. ეს ნიშნავს მომავალზე ორიენტირებულ ადამიანს, რაც ნიშნავს იმის გაზრებას, თუ რას აკეთებ დღეს, აქ და ახლა.

რატომ არის ეს კანონი საშიში?

ზოგადად, კანონებს გარდა საკუთრივი იურიდიული, პოლიტიკური მნიშვნელობისა, მორალური მნიშვნელობაც აქვს. კანონები ქმნის იმ პოლიტიკურ დათქმას, რომლის პირობებშიც საზოგადოებამ თავისი კულტურული პროფილი, იდენტობა, არსი უნდა შექმნას და განავითაროს.

ეს "გამჭვირვალობის" კანონი, რეალურად, არის კანონი გაუმჭვირვალობის დაკანონების შესახებ, იმ გაუმჭვირვალობის, რომელიც ახასიათებს ავტორიტარული ყაიდის ქვეყნებს. ეს კანონი მოკლავს ღია საზოგადოების ნიშნებს და პირობებს. ეს კი პოლიტიკური კლიმატის საკითხია და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საგრანტო პროექტში უცხოური თანხის ოდენობის გამჭვირვალობას.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყაში ფულს სუნი აღარ აქვს. ამიტომ აქ კონტროლის საგანი ფული კი არა, ის იდეებია, რომელიც ფულით უნდა გაკეთდეს. ასე რომ, როგორ კანონიერადაც არ უნდა მოვიტანოთ თანხა, ან სულაც ენთუზიაზმე გადავეწყოთ ჩვენ და მთელი მსოფლო ჩვენთვის, აუცილებლად მოხდება იმ საქმის დისკრედიტაცია, რომელიც იდეურად მიუღებელია, თუ ის ოფიციალურ პოლიტიკურ გემოვნებასთან და კურსთან თანხმობას არ გამოხატავს.

ალბათ, ეს სულაც არ იქნება მაინცადამაინც მაღალი ტრიბუნებიდან და კაბინეტებიდან უშუალოდ მართული პროცესი. ამას უკვე კანონის მორალური ძალმოსილება გააკეთებს: სოციალური გადარჩენის ახალი წესრიგში საზოგადოების წევრები თვითონ დაიწყებენ იმ ადამიანების მარგინალიზებას, რომლებიც უცხონი არიან. დემორალიზების ამ სახის გასახსენებლად არაა საჭირო მხატვრული ანალოგიები, როცა უახლოესი ისტორიული წარსული და თანამედროვე სამყაროს რამდენიმე მახინჯი პოლიტიკური რეჟიმი გვაქვს.

გვეშველება რამე?

რაშია ხსნა? ხსნა ნამდვილად არ არის ყველგან და თუ რამეში სცდებოდა ის წმინდა კაცი ილიას განდეგილში, ესაა. ამ ვითარებაში არ ვიცი რა არის ხსნა და ეფექტიანი გზები. რა შეუძლია საზოგადოებას დღეს და აქ.

ამ წინასაარჩევნო მონაკვეთში, ალბათ, ადამიანური რესურსების დონეს ვერ გავცდებით. მაგრამ უფრო დიდ დროში, პოლიტიკური მოთხოვნები ჯანსაღი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნა და სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს.

რომელი უფრო დიდი უბედურებაა სიღარიბე თუ სიმაძღრე კორუფციასა და უსამართლობაში, არ ვიცი. ორივე ამახინჯებს ცნობიერებას. ამიტომ ეკონომიკური კეთილდღეობისა და სამართლიანი სასამართლოს მიღწევა ყოფნა-არყოფნის საკითხია ჩვენთვის.

ბოლოს და ბოლოს, კულტურულ ცხოვრებას, რომელიც ვერა და ვერ გახდა თვითკმარი, საკუთარ კალაპოტში განვითარებადი პროცესი, სჭირდება გარკვეული პირობა, რომელშიც მოვლენები ზომიერად დინამიურია საიმისოდ, რომ დააკვირდე და ისეთ რეზონანსში იყო რეალობასთან, რომელიც მხოლოდ აქ და ახლას არ ეკუთვნის.

სხვა რომ არაფერი, ჭარბი რეალობა წარმოსახვას აზარალებს. ადამიანი კი წარმოსახვის არსებაა. ასე შექმნა მან თავისი არსებობის საუკეთესო რეალობები.

ცოდვა გამხელილი ჯობია და, ჩემი პირადი "ხეირიც" ესაა — ვიყო ჩრდილში. იქ სადაც მაღალი ტემპერატურა გულს და გონებას არ ახურებს, სადაც საქმის კეთება ცივად და უხმაუროდ არის შესაძლებელი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საბა ბრაძველი: ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე — პოსტ-საარჩევნო პერიოდი

ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა დაიდო. მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე — პოსტ-საარჩევნო პერიოდი.…