საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, საჯარო რეესტრის მიხედვით, 20-ზე მეტი კომპანიის წილებს სრულად ან ნაწილობრივ ფლობს. მისი შემოსავლები კი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ამ თანხამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მის მიერ მიმდინარე წლის 31 ივლისს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა.

მინისტრის შემოსავლები ბიზნესიდან

ხეჩიკაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს, მინისტრობამდე, კომპანია შპს კია მოტორს ჯორჯიადან, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს წლებია იგებს, 4,2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 2015 წლის მაისში ის მინისტრად დაინიშნა, ამ წელს მისი შემოსავალი გაიზარდა კია მოტორს ჯორჯიაში და 5,6 მილიონს გადააჭარბა. მან შემოსავალი მიიღო კიდევ ერთი კომპანიისგან, (შპს იბერია ავტო ცენტრი) რომელიც ასევე წლებია იგებს სახელმწიფო ტენდერებს. ამ კომპანიიდან შემოსავალი 2,6 მილიონ ლარს აჭარბებდა.

განსხვავებული მდგომარეობაა 2016 წელს. მართალია, ხეჩიკაშვილის შემოსავლები გაიზარდა, თუმცა მას თანხა არ მიუღია კია მოტორს ჯორჯიადან, იბერია ავტო ცენტრიდან მიღებული შემოსავალი კი გასულ წელზე 25-ჯერ ნაკლები, დაახლოებით 105 ათასი ლარი იყო. 2016 წელს მინისტრმა 10 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შპს იბერია სერვისიდან.

შპს კია მოტორს ჯორჯიასა და შპს იბერია ავტო ცენტრს სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, ხეჩიკაშვილის მინისტრობამდეც და მინისტრობის დროსაც, ჯამში, ათეულობით მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული. შპს იბერია სერვისის მიერ მოგებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ბაზაში არ იძებნება. სამივე კომპანიაში მინისტრს წილები ეკუთვნის, მათ შორის იბერია ავტო ცენტრში 100 პროცენტი.

იბერია ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, დავით გოგორიშვილის ინფორმაციით, სამივე კომპანია, რომლიდანაც მინისტრმა შემოსავალი მიიღო, ამ ჯგუფის წევრია. თავად იბერია ბიზნეს ჯგუფის 33%-ს ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს. ამ ჯგუფის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ სხვადასხვა დროს ავტომობილები მიაწოდეს: საქართველოს პარლამენტს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს, შემოსავლების სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს რკინიგზას, სახელმწიფო დაცვის სამსახურსა და 20-ზე მეტ კერძო კომპანიას.

მინისტრის ოჯახის სხვა შემოსავლები

ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ოჯახში ხელფასს მხოლოდ ის იღებს. 2016 წელს, მინისტრად მუშაობის დროს, მან 75 ათასი ლარი გამოიმუშავა. როგორც უწყებიდან On.ge-სთვის მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში წერია, ამ თანხიდან 32,5 ათასი ლარი დანამატია.

მინისტრმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 25 ათასი ლარი გამოიმუშავა. მან წელსაც აიღო დანამატი. საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარია, დანამატი კი - 2 710 ლარი.

ოჯახური მდგომარეობა და ქონება

ტარიელ ხეჩიკაშვილს ჰყავს ცოლი და შვიდი შვილი. უძრავი ქონების ძირითადი ნაწილი მისი ცოლის, თამარ ხეჩიკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. თავად მინისტრს კი მხოლოდ 7 მ2 ზომის ავტოფარეხი ეკუთვნის თბილისში.

ეკატერინე ხეჩიკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ბინები შავი ზღვის ქუჩაზე (63 მ2) და დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 143 მ2, საცხოვრებელი სახლები დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 1 178 მ2 და დაბა ფასანაურში 800 მ2. გარდა ამისა, მის სახელზევეა რეგისტრირებული ორი მიწის ნაკვეთი სოფელ საგურამოში 1 200 მ2 და დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 1 000 მ2. მის შვილს, თამარ ხეჩიკაშვილს კი აღმაშენებლის ხეივანში 1 401 მ2 მიწის ნაკვეთის ნახევარი ეკუთვნის.

ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული სამი ავტომობილიდან მინისტრს არცერთი ეკუთვნის. მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული 2011 წელს შეძენილი ფოლკსვაგენი, მის შვილს თამარ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის - აუდი A8, მეორე შვილს, რუსუდან ხეჩიკაშვილს კი - კია სორენტო.

განახლება: კომპანია იბერია ბიზნეს ჯგუფი განმარტებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2016 წელს 10 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი კომპანიის ქონების რეალიზაციით მიიღო. ეს ინფორმაცია კომპანიის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო ქვლივიძემ On.ge-ს მიაწოდა.