უწყლო სოფლის ამბავი: როგორ დაუბრუნეს ზემო ალვანს სასმელი და სარწყავი წყალი ევროკავშირის დახმარებით
თითქოს აპოკალიფსი იწყებაო, როცა წყალმომარაგება დიდ ქალაქებში წყდება, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ეს ზემო ალვანის ყოველდღიური რეალობაა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ამ სოფელს სარწყავი წყალი არ მიეწოდებოდა, კულტურების გადასარჩენად კი სასმელ წყალს იყენებდნენ არამიზნობრივად. შედეგად მოსახლეობას სრულფასოვნად არცერთი აღარ მიეწოდებოდა, სანამ გარემოსდამცველებმა შესაბამის ზომებს არ მიმართეს.
ზემო ალვანში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების შესახებ თამარ ჯამარიშვილს, პროექტის საინფორმაციო კოორდინატორს, გავესაუბრე. იგი თუშების სათემო საბჭოს ყოფილი წევრია (თუმცა კი თემისაგან განუყოფელი). სწორედ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განახორციელა CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტი "სასმელი და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდა ზემო ალვანში, ახმეტის მუნიციპალიტეტში".
პრობლემის სრულად აღმოფხვრას ბევრად მასშტაბური ძალისხმევა სჭირდება, პროექტი კი ამის პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა. გავლილი გზის შესახებ თამარი უფრო ვრცლად მოგვიყვება.
სოფელი უწყლოდ
მრავალი წელია, ზემო ალვანს სარწყავი და სასმელი წყალი არ მიეწოდება. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი წელია — თამარი ვერც კი იხსენებს, სხვანაირად როდის იყო.
სარწყავი წყლის გარეშე ზოგჯერ თვეებიც კი გადიოდა. ბუნებრივია, ეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზეც აისახა: "ის კულტურები, რომლებიც ზემო ალვანში მოგვყავს, ფაქტობრივად განადგურების პირასაა".
თემის წევრის თქმით, პრობლემის ერთ-ერთი სათავე ისაა, რომ ხალხი სარწყავ წყალს თვითნებურად ითვისებდა.
"მაგალითად, სოფლის თავში ვინც ცხოვრობდა და რაიმე მარცვლეული კულტურა — ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა და ა. შ. — ჰქონდა, თვითნებურად მიმართავდა წყალს თავისი მოსავლისკენ, და იგი ვერ აღწევდა სოფელში".
ამის გამო ხალხი სარწყავად სასმელ წყალს იყენებდა, შედეგად კი სოფელს მისი რეზერვის პრობლემაც შეექმნა. ამის გამო ზოგიერთ უბანს დღეობით აღარ მიეწოდებოდა სასმელი წყალი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. "შეიძლება 3-4 დღეც არ ჰქონოდათ სასმელი წყალიო", თამარმა მითხრა.
ამის გამო მან და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, რომ მოქმედების დრო იყო. ფინანსური მხარდაჭერა მათ ევროკავშირმა და CENN-მა გაუწიეს კლიმატის პროგრამის ფარგლებში. ასე დაიწყო პროექტიც, რომელიც 2023 წელს განხორციელდა.
ყველაფერი, რაც უკეთესობისთვის გაკეთდა
სამუშაოები ალაზნისა და სოფლის თავში, სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა. პროექტის პირველ ეტაპზე ეს ადგილი ნარჩენებისგან გაასუფთავეს და გადაასწორეს, რათა სპეციალური სტრუქტურები დაემონტაჟებინათ.
"სუფთავდებოდა 7-კილომეტრიანი სარწყავი არხი. გაიწმინდა, გასუფთავდა, როგორც სამუშაო ნარჩენებისგან, ასევე მდინარეში არსებული დაბინძურებიდან".
მდინარეში ათი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ჩაალაგეს, სახელად ბუტები (იგივე "კოლიცოები"); ამით წყალს სწორი კალაპოტი მისცეს, რათა სოფელში წყალი სრულად შემოსულიყო.
თამარის თქმით, ხალხს აქამდე კუსტარულად ჰქონდა დამზადებული მსგავსი კონსტრუქციები, რათა მთლიანი სოფლის წყალი მიეთვისებინა. ეს უკანონო ნაგებობები სწორედ ახალი ბუტებით ჩაანაცვლეს, რათა სარწყავი წყალი მთელი სოფლისაკენ წასულიყო.
მდინარეში მოეწყო წყლის ფარებიც — ორი სრულიად ახალი დაამონტაჟეს, ორი კი შეაკეთეს. წყლის რეგულირებისთვის ამ სტრუქტურებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი სხვადასხვა ნარჩენისა თუ ნაგვის შეკავებას ემსახურება, ამასთან ერთად კი წყლის ნაკადსაც არეგულირებს, თუმცა საძოვარ ტერიტორიაზე მათ საქონელი ხშირად აზიანებდა. ყოფილა მათი მოპარვის ფაქტებიც, "ამიტომ მოხდა კაპიტალური შეკეთება, რომ თვითნებურად აღარ მოხდეს ამ ფარების მოძრობა ან მოპარვა".
ამასთან ერთად, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე 18 განათება და 7 ფოტოხაფანგი. განათებების მეშვეობით თვალისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი იქნებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე საქონელი არ უნდა შეეშვათ, ხოლო ფოტოხაფანგების კი ფარების მონგრევისა თუ მოპარვისგან დაცვას ემსახურებოდა.
"რაც ჩვენ დავამონტაჟეთ, ფარების მორყევის, გაფუჭების ან მოპარვის მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. მეწყაროებთან მიმართვიანობა გაიზარდა, უკვე რეკავდნენ, აწუხებდნენ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყვნენ", — თქვა პროექტის საინფორმაციო კოორდინატორმა — "არის პროექტები, რომლებიც უბრალოდ თეორიულად ვიცით, რომ კეთდება, ეს პროექტი კი პრაქტიკულად გამოიყენა მოსახლეობამ".
მართალია, შედეგად სოფლის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა თამარმა ისიც დაამატა, რომ მხოლოდ ერთი პროექტის ფარგლებში პრობლემის სრულად მოგვარება შეუძლებელია. ამისათვის სრულიად ახალი სარწყავი სისტემა უნდა დამონტაჟდეს; პერიოდულად საჭიროა გაწმენდითი სამუშაოებიც, რომლებშიც "ყველა თანაბრად უნდა იყოს ჩართული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე თემი".
ცნობიერების ამაღლება მდგრადი ცვლილებებისთვის
თამარმა მითხრა, რომ პროექტის შედეგად ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა მანამდე ზემო ალვანის მოსახლეობა უიმედოდ და ნიჰილისტურად ყოფილა განწყობილი ცვლილებების მიმართ.
"როდესაც ჩვენ ალაზანში, ბახტრიონის ტერიტორიაზე, დავიწყეთ ტრაქტორით მუშაობა, ყველა კითხულობდა, რა ხდებოდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ შეიძლებოდა პროექტი გაკეთებულიყო და მათთვის პირდაპირი სარგებელი მოეტანა".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახლეობის ნაწილი წყალს მხოლოდ სათავისოდ იყენებდა. მეორე მხრივ, ნაწილობრივ უიმედობისა და ნაწილობრივ დაბალი ინფორმირებულობის გამო დაზარალებულები ხელისუფლებას ნაკლებად მიმართავდნენ იმის მიუხედავად, რომ უწყლობის გამო კულტურები უხმებოდათ.
ამ პრობლემის საპასუხოდ პროექტი სოფელში ცნობიერების ამაღლების კომპონენტსაც მოიცავდა — CENN-ის სპეციალისტთან ერთად მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, ტრენინგი ჩაუტარდათ წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით.
მონიტორინგისა და შედეგების გაუმჯობესების მიზნით გუნდმა გადაწყვიტა, ადგილობრივ რწმუნებულთან და მაჟორიტართან ერთად მთელი სოფელი შემოევლო და საჭირო ინფორმაცია თითოეული ოჯახისთვის პირისპირ მიეწოდებინათ:
"კარდაკარ ავუხსენით ყველას წყლის გამოყენების მნიშვნელობა, რომ, მაგალითად, დღისით არ იყო რეკომენდებული მორწყვა სასმელი წყლით, რომ, მაგალითად, მეზობელს ან გვერდით ქუჩაზე არ დასწყვეტოდათ წყალი და მეზობლის საჭიროებებიც გაეთვალისწინებინათ".
ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში ძალისხმევის შედეგი მეტად თვალსაჩინო აღმოჩნდა: "მიხვდნენ პროექტის მნიშვნელობას და ჩვენ გვეკითხებოდა ახალგაზრდა თაობა, როგორ შეიძლება დაეწერათ პროექტი წყალზე, ბუნებაზე, ნარჩენებზე".
ცოტა რამ პროექტის "შიდა სამზარეულოზე"
თამარს პროექტის განსახორციელებლად ბევრი რამის სწავლა მოუწია. თავადვე იკვლია როგორც წყლის მართვის საკითხები, ასევე დასამონტაჟებელი სტრუქტურების ტექნიკური დეტალებიც. თავისთავად, ყველაფერი მეგობრებისა და სპეციალისტების დახმარების გარეშე არ გაუკეთებია.
"თვითონ დავდიოდი ელიავაზე, თვითონ ვაკეთებდი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სპეციალისტებთან ერთად, თუმცა მივხვდი, რომ ძალიან რთულია ამ საქმის მხოლოდ ერთ პროექტში ჩატევა. გამოწვევა იყო ის, მაგალითად, რომ დილის ექვს საათზე ორი გოგო [გულისხმობს მეგობარს, ნანა ჩარხოშვილს, რომელიც პროექტში პირდაპირ არ ყოფილა ჩართული] ტრაქტორთან ვიდექით და ვაკეთებდით იმას, რაც გვეგონა შეუძლებელი, თუნდაც "კოლიცოების" ჩალაგება".
თამარის აზრით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ "სხვა სოფლიდან, სხვა რაიონიდან ან თბილისიდან არავინ არ იყო მოწვეული", პროექტისთვის გამოყოფილი თანხა კი მთლიანად სოფელშივე დაიხარჯა. ამ საქმიანობაში მისი ყველა მეგობარი თუ ნაცნობი თანაბრად იყო ჩართული.
"პროექტმა მაჩვენა, თუნდაც CENN-მა, სპეციალისტებთან მუშაობამ, რომ შეუძლებელი არაფერია, თუნდაც წყლის რესურსების მართვა", — თქვა მან.
გარდა იმისა, რომ სარწყავი სისტემა სრულად უნდა გამოიცვალოს, პროექტის საინფორმაციო კოორდინატორი ფიქრობს, რომ ზემო ალვანში კვლავაც ცნობიერების ამაღლების კუთხით არის საჭირო მუშაობა; მნიშვნელოვანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც, რადგან ეს არც ისეთი შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც მოსახლეობას ამ პროექტის განხორციელებამდე წარმოედგინა.
"უბრალოდ სწორ დროს სწორ ადგილას უნდა მიმართო სპეციალისტს ადგილზეო", — მითხრა თამარმა და სოციალურ ქსელში მხოლოდ შეწუხებული სტატუსების წერა არ კმარაო, დასძინა — "ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მარტივად, ადვოკატირების გარეშე, შევძელით წყლის მართვა".
თამარი სამომავლოდაც განაგრძობს მოსახლეობის ცნობიერებაზე ზრუნვას. თუ გავიხსენებთ, რომ გარემოსდაცვითი პროექტების წერით ზემო ალვანის ახალი თაობაც დაინტერესდა, ვინ იცის, იქნებ ახლო მომავალში წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემა სრულადაც მოგვარდეს.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს კლიმატის პროგრამა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კომენტარები