მეცნიერებმა დედამიწის 1 268 მეტრი სიღრმიდან ამოღებული მანტიის ნაწილი შეისწავლეს
2023 წელს მეცნიერებმა დედამიწის მანტიამდე ჩააღწიეს და 1 268 მეტრი სიღრმიდან ჩვენი პლანეტის მანტიის ნაწილი ამოიღეს. ეს მათ JOIDES Resolution-ის სახელით ცნობილი გემის საბურღი მოწყობილობის მეშვეობით შეძლეს.
სპეციალისტებმა მისი გამოყენებით წყნარი ოკეანის ქვეშ ე.წ. ტექტონიკური ფანჯრის (რეგიონი, რომლის მიმდებარედაც მანტია უფრო მაღლაა ამოწეული) არეალი გაბურღეს. იქიდან მოპოვებული გეოლოგიური მასალა მანტიის თითქმის უწყვეტი ცილინდრული ნიმუშია.
მანტია ბირთვსა და ქერქს შორისაა მოქცეული, რაც ნიშნავს, რომ ის ძალიან დიდ სიღრმეშია. შესაბამისად, მისი პირდაპირ გამოკვლევა მარტივი არაა. ამის მიუხედავად შუაატლანტიკური ქედის ნაპრალი, რომელიც ოკეანის ჩრდილოეთში მდებარეობს, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს და მანტიას ხელმისაწვდომს ხდის.
ახლახან მეცნიერებმა გამოცემა Science-ში სწორედ ზემოხსენებული ნიმუშის ანალიზის პირველადი შედეგები გამოაქვეყნეს.
"ჩვენი კვლევის ფარგლებში მანტიის შედგენილობის გაგება ამოღებული ქვების მინერალოგიისა და ქიმიური მახასიათებლების დოკუმენტირების გზით დავიწყეთ.
მიღებული შედეგები განსხვავდება იმისგან, რასაც ველოდით. ქვებში მინერალი პიროქსენი ბევრად ნაკლები ოდენობითაა, მაგნიუმი კი მაღალი კონცენტრაციით გვხვდება. ორივე მათგანი დნობის უფრო მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს, ვიდრე ვპროგნოზირებდით.
მივაგენით იმ არხებსაც, რომელთა გავლითაც მანტიაში ნადნობი მასა გადაადგილდებოდა. შესაბამისად, შეგვიძლია გავიგოთ, რა ემართება მაგმას მას შემდეგ, რაც ის ფორმირდება და დედამიწის ზედაპირისკენ ადის", — აცხადებენ ავტორები.
ვულკანიზმის გარდა, ამგვარი ნიმუშის შესწავლა შესაძლოა, სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაშიც დაგვეხმაროს. საქმე ისაა, რომ მსგავსი მასალა მინერალ ოლივინსა და წყალს შორის ისეთი ურთიერთქმედების კვალსაც ინახავს, რომლებიც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მოლეკულების წარმომქმნელი ქიმიური რეაქციების მთელ ჯაჭვს უძღვის წინ.
ასევე, პლანეტის მანტიის ეს ნიმუშები უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის დედამიწის განვითარების ადრეულ ეტაპზე არსებული ქიმიური და ფიზიკური პირობების შესახებაც, რომელშიც სიცოცხლის პირველი ფორმები ცხოვრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი სიღრმე არაა, რომელიც გაუბურღავთ. რეკორდად 12 263 მეტრი მიიჩნევა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში გაბურღეს, მაგრამ იქ ქერქი სქელია, ამიტომ მანტიამდე მაინც ვერ ჩააღწიეს.
კომენტარები