როგორი იყო ნეანდერტალელების ცხოვრება — კვლევა
ნეანდერტალელები მკვლევრებში დიდ ინტერესს იწვევენ. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს სახეობა არც თუ ისე განვითარებული იყო, თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელი გონებრივი შესაძლებლობებით დიდად არ ჩამოგვრჩებოდა. ნეანდერტალელების შესწავლა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის უნიკალურობის უკეთ გასაგებად.
და, აი, ახლა მკვლევრებმა ესპანეთის ტერიტორიაზე ნეანდერტალელების ნასახლარი აღმოაჩინეს. აღმოჩენა საყურადღებოა, რადგან ის იძლევა საინტერესო ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები ჰომო საპიენსების გამოჩენამდე. ნამარხი შეიცავს ცხოველების ძვლებისა და ქვის ხელსაწყოების ნარჩენებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნეანდერტალელები საკმაოდ ჭკვიანი არსებები იყვნენ.
ამ ტერიტორიაზე ნეანდერტალელები 100 000 წლის წინ გამოჩნდნენ და იქ 35 000 წელი დაჰყვეს. რაც შეეხება ჩვენს სახეობას, ჰომო საპიენსი აქ მაშინ მოხვდა, როდესაც ნეანდერტალელები უკვე გადაშენებულები იყვნენ.
"ეს სამარხი გვიჩვენებს იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები ჩვენი სახეობის გამოჩენამდე", — ამბობს კვლევის ავტორი, სოფია სამპერ კარომი.
კვლევამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელები კომპლექსურ იარაღებს ამზადებდნენ და ბევრ ცხოველზე ნადირობდნენ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ნეანდერტალელები მხოლოდ დიდ ცხოველებზე ნადირობდნენ, თუმცა ნამარხში აღმოჩენილი ძვლები პატარა ძუძუმწოვრებს ეკუთვნით.
მკვლევრების თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეანდერტალელებს გარემოზე ადაპტირება შეეძლოთ და ქმნიდნენ იარაღებს იმის მიხედვით, თუ რომელ ცხოველზე უნდა ენადირათ.
"კვლევამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა თუ რამდენად ადაპტირებადი არსება იყო ნეანდერტალელი. მათ შეეძლოთ ნადირობა წითელ ირემზე, ცხენებსა და ბიზონებზე, მაგრამ ასევე ჭამდნენ მტკნარი წყლის კუებსა და კურდღლებს. ამ ცხოველებზე ნადირობას სპეციფიკური მიდგომები სჭირდება", — თქვა სამპერ კარომ.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნეანდერტალელები გამოცდილი მონადირეები იყვნენ და კარგად იცნობდნენ მიმდებარე ლანდშაფტს.
"მათ იცოდნენ, თუ რას აკეთებდნენ და როგორ გადარჩენილიყვნენ", — აღნიშნულია კვლევაში.
ჩვენ ვიცით, რომ ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ. ეს ყველაფერი ცუდად ემთხვევა ევროპასა და აზიაში ჩვენს გამოჩენას. ამიტომ, ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ნეანდერტალელების გადაშენებაში მთავარი როლი ჰომო საპიენს მიუძღვის. დღეს ამის ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ნეანდერტალელები ჩვენს გამოჩენამდე თითქმის 300 000 წელი ცხოვრობდნენ და მანამდე გადაშენების საფრთხე არ ჰქონიათ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ანატომიური მტკიცებულებების თანახმად, ნეანდერტალელებს ვოკალური ტრაქტი და სმენის მახასიათებლები ჩვენი მსგავსი ჰქონდათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ანატომიური პერსპექტივიდან მათ ისევე შეეძლოთ მეტყველების საშუალებით კომუნიკაცია, როგორც ჩვენ. ამასთან, ჩვენში ნეანდერტალელის გენებია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯვარება შეგვეძლო.
კომენტარები