სამხრეთ კორეის მეცნიერების ინსტიტუტის (IBS) მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი გზა თაგვების გონების გასაკონტროლებლად. მათ გარე მაგნიტური ველის გამოყენებით ტვინში ნანონაწილაკების გააქტიურება შეძლეს.

სისტემა, სახელწოდებით Nano-MIND (Magnetogenetic Interface for NeuroDynamics), ტვინის სამიზნე რეგიონების კონტროლს ახერხებს და ამით ნერვულ სისტემებს ააქტიურებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტვინს დისტანციურად აკონტროლებენ, თუმცა წინა მიდგომები ინვაზიურ ქირურგიას ეყრდნობოდა.

"ეს არის პირველი ტექნოლოგია, რომელიც ტვინის კონკრეტულ რეგიონებს მაგნიტური ველების გამოყენებით აკონტროლებს. მომავალში, ამას ნერვული აშლილობების სამკურნალოდ გამოვიყენებთ", — თქვა ჯინვუ ჩონმა, IBS-ის ცენტრის დირექტორმა და ჟურნალ Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ავტორმა.

ექსპერიმენტებში, მკვლევრებმა გაააქტიურეს ინჰიბიტორული ნეირონები ტვინის კონკრეტულ უბნებში, რათა გაეზარდათ თაგვებში მადა.

მათ ასევე გამოიყენეს სისტემა, რათა გაეაქტიურებინათ რეცეპტორები, რომლებიც პასუხისმგებელია დედის ქცევაზე მდედრი თაგვების ტვინში. ამ აქტივობით ის თაგვები, რომლებსაც ნაშიერი არ ჰყავდათ, ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც მშობლები.

შემდეგ ექსპერიმენტში მკვლევრებმა მოახერხეს ტვინის იმ რეგიონების გააქტიურება, რომლებიც პასუხისმგებელია "მეგობრულ" ქცევაზე. მეთოდმა ამჯერადაც გაამართლა და თაგვები ბევრად უფრო მეგობრულები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ.

მკვლევრების თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამის გამოყენება დეპრესიის სამკურნალოდაც შეიძლება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.