როგორ აირეკლა პირველი მსოფლიო ომი ბეჭდების მბრძანებელში
1968 წელს, BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჯ.რ.რ. ტოლკინმა ისაუბრა პირველ მსოფლიო ომში მიღებულ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ მოახდინა ამან გავლენა მის ეპიკურ ფენტეზი რომანზე.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ამბები, ადამიანური ამბები, ყოველთვის ერთ რამეზეა — სიკვდილზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე", — ამბობდა ბეჭდების მბრძანებლის ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკინი BBC-ის დოკუმენტურ ფილმში 1968 წელს, როცა ცდილობდა, აეხსნა, რაზე იყო მისი მაგნუმ ოპუსი.
ბეჭდების მბრძანებელი, რომლის პირველი ტომი 1954 წელს გამოიცა, იმ დროისთვის უკვე ბესტსელერად და ფენტეზის ჟანრის საეტაპო ნაწარმოებად ქცეულიყო; მკითხველები დაეტყვევებინა ჩახლართულ ფიქციურ სამყაროს, ელფებით, ჰობიტებით და ჯადოქრებით დასახლებულ მიწებს, რომელსაც უკეთური საურონი ემუქრება.
იმის უკეთ ასახსნელად, თუ რას გულისხმობდა ნათქვამით "ამბები სიკვდილზეაო", ტოლკინმა პიჯაკის ჯიბიდან საფულე ამოიღო და იქიდან გაზეთის ნაგლეჯი ამოაძვრინა. მწერალმა ხმამაღლა წაიკითხა ნაწყვეტი სტატიიდან, რომელშიც მოხმობილი იყო ფრაზა სიმონ დე ბოვუარის მემუარული ტექსტიდან ძალიან ადვილი სიკვდილი. 1964 წელს გამოცემულ ამ ესეში ბოვუარი იხსენებს, როგორ ებღაუჭებოდა სიცოცხლეს დედამისი გარდაცვალებამდე.
"არ არსებობს ბუნებრივი სიკვდილი", — წაიკითხა ტოლკინმა, — "არაფერი არაა ბუნებრივი, რაც ადამიანს თავს ხდება, რადგან მისი არსებობაც კი სამყაროზე უამრავ კითხვას ბადებს. ყველა მოკვდება, მაგრამ სიკვდილი ყოველთვის უცაბედი უბედურებაა და მაშინაც კი, თუ ადამიანმა ეს იცის და მას ეგუება, სიკვდილი გაუმართლებელი ძალადობა გახლავთ".
ამ სიტყვებს შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ბეჭდების მბრძანებლის საკვანძო აზრი სწორედ ეს არისო, დასძინა ტოლკინმა.
სიკვდილის ფენომენი ტოლკინის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან გაჩნდა და ამ გამოცდილებებმა დიდწილად ჩამოაყალიბა მისი მსოფლმხედველობა და ის თემები, რომლებსაც ავტორი შუახმელეთის ამბების წერისას გამუდმებით უბრუნდებოდა.
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი 1892 წელს, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა "ორი ძალიან, უკიდურესად ბრიტანელი მშობლის" ოჯახში. აფრიკაში გადასახლება მათ მწერლის მამის საბანკო საქმიანობის გამო მოუწიათ.
როცა ჯონი სამი წლის იყო, დედამისთან და თავის უმცროს ძმასთან, ჰილარისთან, ერთად, ინგლისში ნათესავების სანახავად გაემგზავრა. შინ დაბრუნებას აპირებდა მამამისიც, მაგრამ იგი მოულოდნელად გარდაიცვალა რევმატული ცხელებისგან. უცაბედი სიკვდილით მარჩენლის გარეშე დარჩენილი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა. მწერლის დედამ, მეიბელმა, ბრიტანეთში დარჩენა ამჯობინა და ბირმინგემის მახლობლად, სოფელ სერჰოულის იაფიან კოტეჯში დასახლდა.
ამ "ორმაგმა" დაბრუნებამ [ფიზიკურმა და ემოციურმა] ჩვეულებრივი ინგლისური მინდვრები და სოფლად გატარებული დრო ჩემთვის უაღრესად ფასეული გახადაო, უთხრა ტოლკინმა BBC-ს.
გარემომცველი სოფლის ხედებისა და მახლობელი ბირმინგემის ინდუსტრიული სურათების შერწყმამ მოგვიანებით ბეჭდების მბრძანებლის პეიზაჟების დახატვაზეც დიდი გავლენა მოახდინა.
ტოლკინი დედასთან განსაკუთრებულად ახლოს იყო. მეიბელი შვილებს შინ ასწავლიდა და ამბების, მითებისა და ბოტანიკის სიყვარულს უნერგავდა. დედამ შენიშნა ჯონის მიდრეკილებაც ენებისადმი და მას პატარაობიდანვე ამეცადინებდა ლათინურში, ფრანგულსა და გერმანულში, მოგვიანებით კი, უბიძგა, თავშესაქცევად საკუთარი ენებიც გამოეგონა.
მომავალი მწერალი 12 წლის იყო, როცა მეიბელს დიაბეტის პირველი ტიპის დიაგნოზი დაუსვეს, ეს კი, 1921 წლამდე, ინსულინის აღმოჩენამდე, სასიკვდილო განაჩენად ითვლებოდა. ახალი საუკუნის დამდეგს, ტოლკინის დედა კათოლიკე გახდა და როცა 1904 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა, დაობლებული ბიჭები აღსაზრდელად ჯერ მამა ზევიერ მორგანთან, მერე კი დეიდასთან გააწესეს.
თავისი ნიჭის დამსახურებით, ტოლკინი ოქსფორდის უნივერსიტეტში აღმოჩნდა, სადაც ჯერ კლასიკურ ენებს სწავლობდა, მერე კი ფილოლოგიაზე გადაინაცვლა. 1914 წელს, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ჯონი ჯარში გაწვევისგან უნივერსიტეტმა დაიხსნა, მაგრამ მომდევნო წელს, როცა სწავლა დაასრულა, ახლობლებისგან ზეწოლით ლანკაშირის დანაყოფის უმცროსი ლეიტენანტი გახდა და დასავლეთის ფრონტისკენ გასწია.
ტალახი, არეულობა და სიკვდილი
ტოლკინის ბატალიონი სომში 1916 წლის ივლისში ჩავიდა. იქ მომხდარი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დაპირისპირებად მიიჩნევა. სანგრებში ნანახმა ტალახმა, არეულობამ და სიკვდილმა მწერალზე წარუშლელი კვალი დატოვა და მის მომავალ შემოქმედებაშიც შეაღწია.
საფრანგეთისა და ბელგიის გაჩანაგებული ბრძოლის ველები ადვილად შეიძლება ამოვიცნოთ ბეჭდების მბრძანებელში მორდორის უდაბური, ჯოჯოხეთური პეიზაჟის აღწერილობაში. საკუთარი თვალით ნანახი უსაზღვრო ტანჯვისა და ახალგამოგონებული საომარი მანქანით ხოცვა-ჟლეტის გამოძახილი კი ნაწარმოებში ორკების საომარი მექანიზმები და სარუმანის მიერ შუახმელეთის გაუტყეურებაა.
ჟურნალისტი ჯონ გართი, ავტორი წიგნისა ტოლკინი და დიდი ომი, 2017 წელს BBC-თან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მწერალმა საკუთარი შემოქმედება "ეგზორცისტულ რიტუალად" აქცია პირველ მსოფლიო ომში ნანახი საშინელებისგან გასათავისუფლებლად. ომმა ტოლკინს მხოლოდ სანგრის ცხელება როდი დამართაო, ამბობს გართი.
"სომში მან თავისი ორი უახლოესი მეგობარი დაკარგა, ასე რომ, შინაგანადაც ისევე იყო გატეხილი, როგორც ფიზიკურად", — აღნიშნავს ჟურნალისტი.
ამავე აზრს იზიარებს პოეტი და თეოლოგი, დოქტორი მალკოლმ გუტე. BBC-ის პოდკასტში 2021 წელს მან თქვა, რომ "[ბეჭდების მბრძანებელში] არის დეტალები, რომლებიც პირდაპირ ასახავს მის საომარ გამოცდილებას, ამას კი მაშინვე ალბათ ვერ დაწერდა. იგი ტრავმირებული იყო. ასე ამოვიდნენ მკვდრები ჭაობებიდან. ასე ამოვიდა მომწამვლელი კვამლი მორდორის მიწიდან. ეს ყველაფერი დასავლეთის ფრონტს უკავშირდება".
ამგვარადვე, ასეთი საშინელებების შემსწრე ჯარისკაცებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების ხილვამ ბეჭდების მბრძანებლის ორი მთავარი ჰობიტი პერსონაჟის, სემისა და ფროდოს, ურყევ კავშირს ღრმააზროვანი რეალისტურობა შესძინა.
"ტოლკინი გარკვევით მიუთითებდა, რომ ეს ახალგაზრდა ოფიცრებისა და მათი თანაშემწეების ურთიერთობას ასახავდა", — აღნიშნავს გუტე.
1916 წლის ნოემბერში, ბრძოლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ტოლკინი დაავადდა სანგრის ცხელებით, რომელიც ადამიანს ტილებით გადაეცემა. ამის გამო იგი ბრძოლის უუნაროდ მიიჩნიეს და ინგლისში დააბრუნეს. ომის დასასრულს კი, ბატალიონში მისი თითქმის ყველა თანამებრძოლი მოკლული იყო.
თუმცა, მართალია, ტოლკინის ომის გამოცდილებამ მწერლის გამოგონილ მითოლოგიურ სამყაროს სიღრმისეულობა და ნამდვილობა შესძინა, თავად ავტორი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ბეჭდების მბრძანებელი არც პირველი მსოფლიო ომის და არც სხვა ისტორიული მოვლენის ალეგორია არ გახლდათ.
"ხალხს ბოლომდე არ ესმის, რა სხვაობაა ალეგორიასა და მისადაგებას შორის", — ამბობდა ტოლკინი 1968 წლის ინტერვიუში, — "შეიძლება შექსპირის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ნახო და ის შენს გონებაში რაღაცას მიუსადაგო, მაგრამ ეს ალეგორია არ არის. მსგავსად უსადაგებს ბევრი ბეჭედს ატომურ ბომბს და ასკვნის, რომ ასე ჩავიფიქრე მეც, მთელი ეს ამბავი კი ალეგორიაა. ასე არაა".
ბეჭდების მბრძანებლის გაუნელებელი აქტუალურობის მიზეზი ისიცაა, რომ ნაწარმოები პირდაპირი ალეგორია არ გახლავთ. მასში წამოჭრილი თემები — ომი და მისგან მიღებული ტრავმა, ინდუსტრიალიზაცია და ბუნების განადგურება, ძალაუფლების მავნე გავლენა და ის, თუ როგორ გადაატანინებს ხოლმე მეგობრობა ადამიანებს უბედურებასა და დანაკლისს — კონკრეტულ მოვლენასა თუ დროზე მეტს ეხმიანება.
ფენტეზის ჟანრის ამ ნაწარმოებს, თავის დროზე, უბრალოდ, სათავგადასავლო ამბავი უწოდეს, რომელშიც შეუპოვარი მეგობრები ენით აუწერელ ბოროტებას ებრძვიან. თუმცა, ბეჭდების მბრძანებელი ომს არ განადიდებს — იგი გვიჩვენებს, როგორ ცვლის სამუდამოდ სიკვდილი და კონფლიქტისგან მიღებული ტრავმა მათ მომსწრეებს.
ქვედა ნაწილი შეიცავს მცირე სპოილერს ბეჭდების მბრძანებლიდან
პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ბევრი ჯარისკაცი, რომელთაც შინ ეგებებოდნენ ისინი, ვინც ვერასდროს გაიგებდა მათ ნანახსა და განცდილს, გაუცხოებას შეეპყრო. ეს ბეჭდების მბრძანებლის ბოლო ტომში აისახა, როცა ჰობიტები შაირს უბრუნდებიან. ისინი აღმოაჩენენ, რომ ომის შედეგად მათი სამყარო სამუდამოდ შეიცვალა, სხვა ჰობიტები კი ვერაფრით მიხვდებიან, რატომ არ შეიძლება ძველებურად გულუბრყვილოები დარჩნენ ფროდო და სემი, რომელთაც თავს გადახდენილი ამბები მოსვენებას არ აძლევს.
"ერთმა მიმომხილველმა წიგნს მხიარული უწოდა", — იხსენებდა ტოლკინი ინტერვიუში, — "დადებითი გმირები შინ დაბრუნდნენ და ყველა ბედნიერიაო. ეს, რასაკვირველია, სიცრუეა. მას აშკარად არ წაუკითხავს წიგნი".
კომენტარები