მეცნიერებმა შექმნეს მოლეკულა, რომლის არსებობაც აქამდე მხოლოდ თეორიულად იყო დაშვებული. ნაშრომი ახალ ინფორმაციას გვაძლევს კოსმოსის ქიმიასა და რთული ნაერთების წარმოშობაზე.

ჰავაის უნივერსიტეტის (მანოა) მკვლევრებმა მეთანტეტროლი შექმნეს. ეს მოლეკულა იმდენად არასტაბილურია, რომ ბუნებრივ პირობებში მისი არსებობა შეუძლებელია — ყოველ შემთხვევაში, ასეა თეორიულად. მეცნიერებმა ახლახან მისი შექმნა შეძლეს, ამისათვის კი შორეულ კოსმოსში არსებული ექსტრემალური პირობები დედამიწაზე გაიმეორეს. მათი ნაშრომი შეიძლება იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ მიმდინარეობს კოსმოსში რთული ქიმიური რეაქციები.

მეთანტეტროლი ერთადერთი ცნობილი ალკოჰოლია, რომელშიც ოთხი ჰიდროქსილის ჯგუფი (OH ჯგუფი) ერთ ნახშირბადატომთან არის დაკავშირებული. მის არსებობას თეორიულად 100 წელზე მეტია ვარაუდობენ, თუმცა მოლეკულაზე დაკვირვება ახლა პირველად მოხერხდა. მკვლევრებმა ამისათვის სპეციალური გარემო შექმნეს, რომელიც მეთანტეტროლის ფორმირებისთვის არის საჭირო. უფრო ზუსტად, მათ ვარსკვლავთშორისი ღრუბლების ცივი, თითქმის სრულად უჰაერო სივრცე გაიმეორეს, მასალები კი ძლიერ რადიაციას დაუქვემდებარეს.

ნაშრომი აჩვენებს, რომ შორეულ კოსმოსში შეიძლება ბევრად მრავალფეროვანი და მოულოდნელი ქიმიური რეაქციები მიმდინარეობდეს, ვიდრე გვეგონა. თავის მხრივ, ეს რეაქციები ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ წარმოიქმნება სიცოცხლის საშენი მასალები — კონკრეტული ორგანული მოლეკულები — ჩვენს გალაქტიკაში.

ამ ნაშრომით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეთანტეტროლის წარმოქმნა კოსმოსურ გარემოში შესაძლებელია. შესაბამისად, ახალი და მოულოდნელი გზა გამოავლინეს იმისა, თუ როგორ შეიძლება ყალიბდებოდეს რთული ნაერთები ყინულოვან ღრუბლებში — იქ, სადაც ვარსკვლავები და პლანეტები ფორმირდება.

ცდის ფარგლებში მეთანტეტროლი წყლისა და ნახშირორჟანგისგან წარმოიქმნა. ამ მოლეკულის დასაფიქსირებლად მეცნიერებმა სპეციალური ტიპის ძლიერი ულტრაიისფერი სინათლე გამოიყენეს, რომელიც ვაკუუმშიც ვრცელდება (VUV, ვაკუუმური ულტრაიისფერი გამოსხივება). შენიშნეს, რომ მაღალენერგეტიკულმა ნაწილაკებმა, რომლებიც მაღალენერგეტიკული კოსმოსური სხივების როლს ასრულებდა, ქიმიური რეაქციები გამოიწვია. ამ რეაქციების შედეგად მეთანტეტროლი და სხვა ნაერთები წარმოიქმნა.

ცხადია, ეს ალკოჰოლი დედამიწაზე ბუნებრივად არ წარმოიქმნება, რადგან ჩვეულებრივ გარემოში იგი ძალიან არასტაბილურია. კოსმოსში მისი ფორმირება იმის მანიშნებელია, რომ ქიმიური თვალსაზრისით სამყარო ბევრად დინამიკურია, ვიდრე წარმოვიდგენდით.

მიგნებები ქიმიისა და კოსმოსის შესახებ არსებული ცოდნის გამდიდრებაში შეიძლება დაგვეხმაროს. იქმნება ახალი პერსპექტივებიც იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ჩნდებოდეს სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულები კოსმოსში, სამყაროს ყველაზე ბნელ და ცივ ადგილებში.

ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.