აშშ-ის კენტუკის შტატში "მამონტის მღვიმე" მდებარეობს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელია. მის სიღრმეში პალეონტოლოგებმა ზვიგენის აქამდე უცნობი სახეობის ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც 340 მილიონი წლის წინ მცხოვრებ არსებას ეკუთვნის.

მას Macadens olsoni უწოდეს. ეს იყო მცირე ზომის ზვიგენი, რომლის სიგრძეც სულ რაღაც 30 სანტიმეტრს აღწევდა. იგი მოლუსკებითა და მატლებით იკვებებოდა, რისთვისაც მომრგვალებულ კბილებს იყენებდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან უძველესი წყლის ცხოველების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

მამონტის მღვიმე.

ფოტო: National Park Service

რაც შეეხება მამონტის მღვიმეს, მისი ქანები 320-260 მილიონი წლის წინანდელია და ერთ დროს წყალქვეშ იყო მოქცეული. მაშინ იქ მისისიპური ზღვა არსებობდა. თავად მღვიმური სისტემა ბევრად ახალგაზრდაა, რადგან 10-15 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა, როცა მდინარეები და არხები ზედაპირიდან ქვებში ჩაიჟონა და ეს სტრუქტურა დატოვა.

მამონტის მღვიმის ზუსტი სიგრძე უცნობია, თუმცა მისი 686 კილომეტრი შესწავლილია. სპეციალისტები ახალ გასასვლელებს ჯერ კიდევ პოულობენ. იქაურობა ძველი თევზების ნამარხებითაა მდიდარი, რის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე 70 სხვადასხვა სახეობა აღმოაჩინეს. ყველა მათგანი უკვე გადაშენებულია.

მღვიმეში მიკვლეული ძველი სახეობები.

ფოტო: Julius Csotonyi

მათ შორისაა Macadens olsoni-ც, რომელსაც ე.წ. ჟენევივის ფორმაციაში მიაკვლიეს. ეს კარბონული პერიოდის (358.9-298.9 მილიონი წლის წინანდელი) გეოლოგიური წარმონაქმნია. ზვიგენის სახელის პირველი ნაწილი მღვიმეს უკავშირდება და ამ ცხოველის გვარს აღნიშნავს, მეორე კი სახეობას შეესაბამება და მეცნიერ რიკარდ ოლსონის პატივსაცემად დაარქვეს.

ამ ზვიგენის ნამარხის მიგნება მამონტის მღვიმეში შემონახული ძველი ეკოსისტემების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.