რას ვკითხულობთ On.ge-ში ამ ზაფხულს
ზაფხულის მოსვლას ალბათ არავინ ისე არ ელოდება, როგორც აქტიური მკითხველები — ადამიანები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, თავისუფალი დრო გამონახონ და თავდავიწყებით გადაეშვან შეგულებული წიგნის სამყაროში. ასეთ წიგნის ჭიებს მრავლად შეხვდები On.ge-შიც, რომლის ოფისშიც კლავიატურის კაკუნისგან დაღლილ მაგიდებზე ხშირად აწყვია ნათხოვარი ან თხოვებისთვის გამზადებული წიგნები.
ამიტომ, ერთი სული გვაქვს ხოლმე, საზაფხულოდ თანამშრომლებს ჩამოვუაროთ და ლიტერატურული რეკომენდაციების თუ გეგმების გამხელა ვთხოვოთ. ამ ყველაფერს კი ახლა თქვენც გაგიზიარებთ.
ჩვენი ადმინისტრაციული მენეჯერისთვის, თეკლა ყანჩაველისთვის, ახლახან წაკითხული ვა, სოფელო ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ამბობს, ზაირა არსენიშვილის ამ ისტორიულ რომანში კარგად არის აღწერილი, რა ბედი გვეწია საბჭოთა ხელისუფლების ხელში და სად დაბრუნების საფრთხე არსებობს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებითო. თეკლა წიგნიდან თავის ერთ-ერთ საყვარელ მონაკვეთსაც გვიზიარებს.
"მახსოვს, ძალიან კარგადაც მახსოვს, სიტყვასიტყვით შემიძლია გითხრა, რომ ჭკუა, ანუ აზროვნება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, აზროვნება უკვე ნიშნავს თავისუფლებას, მაგრამ როცა თავისუფლებას ებრძვიან, ძალიან ხშირად, აზროვნება გმირობას ნიშნავს, გმირობას და ურჩობას...".
ზაირა არსენიშვილს სიცოცხლის განმავლობაში სცენარისტად და რეჟისორ ლანა ღოღობერიძის განუყრელ პარტნიორად უფრო იცნობდნენ, თუმცა, მწერალს არაერთი რომანი, მოთხრობა და საბავშვო ნაწარმოები აქვს გამოქვეყნებული. ვა, სოფელო, რომელიც საბჭოთა იმპერიის პირველი ათწლეულების ტერორზე გვიყვება, ავტორის მეორე რომანი და ყველაზე ცნობილი ტექსტია. ის თავდაპირველად 2002 წელს გამოიცა, მაგრამ მკითხველთა ფართო წრისთვის შეუმჩნეველი დარჩა. 2019 წელს ნაწარმოები სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა და იგი მალევე ბესტსელერი გახდა.
- ვა, სოფელო ანუ ბოროტების იმპერიის ეპიტაფია
- "მე ხომ შექსპირი არა ვარ" — ზაირა არსენიშვილის ცხოვრება და დროება
მეგი ქამაშიძეს, რომელიც ჩვენი ექაუნთ მენეჯერია, ახლახან დაუსრულებია ავსტრიელი მწერლის, დანიელ გლატაუერის, რომანი ჩრდილოეთის ქარს უხდება. მე თუ მკითხავთ, ზუსტად ზაფხულში საკითხავი წიგნიაო, გვეუბნება:
"ლამაზი და მარტივი, მეილის ენით დაწერილი და სწრაფად განვითარებადი სიუჟეტით. აი, ისეთი წიგნია, ბევრჯერ რომ გაგაღიმებს, გაგართობს, ნერვებს მოგიშლის და ისე ჩაგითრევს, ვერ გაიგებ, როდის გახვალ ბოლოში", — აღნიშნავს მეგი, — "ცალკე გამოყოფას იმსახურებს ანა კორძაია-სამადაშვილის ძალიან კარგი თარგმანი".
დანიელ გლატაუერი წინათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავსტრიული გაზეთის, Der Standard-ის, მესვეტე იყო. მოგვიანებით მან თავის სვეტებს რამდენიმე კრებულშიც მოუყარა თავი, მაგრამ საყოველთაო პოპულარობა 2006 წელს გამოცემულმა რომანმა ჩრდილოეთის ქარს უხდება მოუტანა. ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოები ონლაინ სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიყვება. ჩრდილოეთის ქარს უხდება ათობით ენაზე ითარგმნა, მის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი კი ავსტრიასა და გერმანიაში 40-ზე მეტ თეატრში დაიდგა. 2019 წელს გამოვიდა რომანის კინოეკრანიზაციაც.
გადავინაცვლოთ ჩვენს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში — NEXT.On.ge — სადაც ჟურნალისტ ნინო გიორგობიანს გასული წლის ნობელიანტი მწერლის, იუნ ფოსეს, სხვა სახელი: სეპტოლოგია I-II წაუკითხავს. ამბობს, ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე გამორჩეულიაო.
"ამ წიგნზე საუბრისას ერთი წინადადებით ვერ შემოვიფარგლები, მაგრამ ვიტყვი, რომ არაფერს ჰგავს, რაც აქამდე, ანუ 30 წლის განმავლობაში, წამიკითხავს. მხატვრული სტილი ძალიან უნიკალურია, ფიქრის უწყვეტი ნაკადი საინტერესო სიუჟეტური ლაბირინთებით, ადამიანთა შორის არსებული იდუმალი ძაფებითა და მოგონებებით", — გვიყვება ნინო და ამატებს, — "ჰო, და კიდევ: ეს წიგნი, პირდაპირი მნიშვნელობით, უწერტილოა, ანუ ტექსტში წერტილს, უბრალოდ, ვერ შეხვდებით".
"მისი ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის, რომელიც უთქმელს ანიჭებს ხმას", — ასეთი შეფასებით გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში ნორვეგიელ იუნ ფოსეს. მწერლის ნაწარმოებები 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, მისი პიესები კი მსოფლიოს ათასზე მეტ თეატრში დადგმულა. შვიდტომეული სეპტოლოგია ბევრის მიერ ფოსეს მაგნუმ ოპუსად მიჩნეული პროზაული ნაწარმოებია, რომელიც ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ორ მხატვარზე გვიყვება. ტექსტი შეეხება ეგზისტენციალურ თემებს, პიროვნულობას და იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
ჩვენს მედია ხელმძღვანელს, ხატია თორდუას, რომელიც ამ სტატიაში ნახსენები ადამიანებიდან ალბათ ყველაზე დაკავებულია, ნილ შუბინის შენი შინაგანი თევზის წაკითხვა სურს. ცნობილი ამერიკელი პალეონტოლოგისა და ბიოლოგის ამ არამხატვრულ ტექსტს ადამიანის სხეულის 3.5-მილიარდწლოვანი ისტორიაც ჰქვია, რადგან ევოლუციის განმაცვიფრებელ პერიპეტიებზე გვიყვება.
ნილ შუბინმა 2004 წელს თავის გუნდთან ერთად აღმოაჩინა განამარხებული თევზის სახეობა, ტიკტაალიკი, რომელსაც "ჯაჭვის გამოტოვებულ რგოლადაც" მოიხსენიებდნენ. ესაა გარდამავალი სახეობა წყლის და ხმელეთის ხერხემლიან ცხოველებს შორის. სწორედ ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად წიგნს შენი შინაგანი თევზი, რომელიც 2008 წელს გამოიცა და სამეცნიერო საზოგადოება აღაფრთოვანა. განამარხებული ფორმებისა და დნმ-ის კვალდაკვალ, შუბინი მილიონობით წლის წინ მცხოვრებ ჩვენს "წინაპრებს" უბრუნდება და მოგვითხრობს, როგორ ჰგავს, მაგალითად, ჩვენი ხელები ფარფლებს, როგორაა ჩვენი თავი დიდი ხნის წინ გადაშენებული უყბო თევზის იდენტურად მოწყობილი და რა გასაოცარი მსგავსებაა ჩვენი და ჭიისმაგვარებისა თუ ბაქტერიების გენომებს შორის.
On.ge-ის ჟურნალის განყოფილებაში წელსაც ჟანრულ პროზას ანიჭებენ უპირატესობას. ჟურნალისტი გიორგი მუზაშვილი ამ ზაფხულს ქართველი ფანტასტის, ნატო დავითაშვილის, ეპიკური ფენტეზი რომანის მთვარის შვილობილების წაკითხვას აპირებს. ამბობს, წიგნის პირველი გამოცემა დიდი ხნის წინ ვიყიდე, მაგრამ, რატომღაც, ვერ მოვახერხე აქამდე მისი წაკითხვა, ახლა კი, როცა ხელში ამ გასაოცრად ლამაზ ყდაში ჩასმული ტექსტი მიჭირავს, ცდუნებას ვეღარ ვუძლებო.
"ნატო დავითაშვილი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია, რომელსაც მკითხველების უმრავლესობა ალბათ იროელთა ქრონიკებით იცნობს. არადა, მას სამეცნიერო ფანტასტიკის და სამეცნიერო ფენტეზის ჟანრებშიც არაჩვეულებრივი ნაწარმოებები აქვს დაწერილი", — გვიყვება გიორგი, — "მთვარის შვილობილების წაკითხვას დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი, მაგრამ წიგნის სისქით და ანოტაციით შექმნილი მასშტაბურობის შთაბეჭდილება ცოტათი მაშინებდა. მისი ახალი გამოცემის სილამაზემ კი ეს შიში ნამდვილად დათრგუნა".
ნატო დავითაშვილი საქართველოში ფენტეზის ჟანრის პიონერია — ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული შვიდწიგნეული საგის, იროელთა ქრონიკების, გამოქვეყნება მან 2007 წელს დაიწყო. რაც შეეხება მთვარის შვილობილებს, ის დამოუკიდებელი წიგნია, რომელიც აღმოსავლური ატმოსფეროთია გაჟღენთილი. ეს მოზაიკური რომანი სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივით გვიყვება მთვარის რჩეულის სახელის მოსაპოვებლად შეჯიბრში ჩართულ 28 გმირზე, რომელთაგან თითოეულს განსაკუთრებული ძალა აქვს.
ახალი ამბების განყოფილებაში — NEWS.On.ge — ყოველთვის იმდენი საქმეა, რომ საზაფხულო საკითხავის გაზიარება მორიდებით ვთხოვეთ. არადა, ნიუსის მთავარ რედაქტორს, თინათინ კაკიაშვილს, უკვე მოუსწრია ჟოზე სარამაგუს იესოს სახარების გადაკითხვა. ამ წიგნის წაკითხვამდეც მიფიქრია, რას დაწერდა ქრისტე თავის ცხოვრებაზეო, ამბობს იგი.
"ძალიან ლამაზი სარკაზმით დაწერილი ტექსტია ბიჭზე, რომელიც დაიბადა იმიტომ, რომ მეტი სისხლი დაღვრილიყო ღმერთისთვის და ღმერთის სახელით; ასევე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჰგავდნენ ერთმანეთს სატანა და ღმერთი, როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსით, რა ძნელია სიკეთის ბოროტებისგან განსხვავება", — აღნიშნავს თინა, — "ძალიან საინტერესოა ის რაკურსიც, რომ არ უნდა იესოს, იყოს ღმერთი, ადამიანობა უნდა, საყვარელ ქალთან ერთად უნდა ცხოვრება. მაგრამ ყველაზე საინტერესო პასაჟია ტბაში შესვლა ნავით, სადაც ღმერთი და სატანა უხსნიან, თუ როგორი მნიშვნელოვანი იქნება მისი როლი, როგორც ღმერთის შვილის. ამის მერე იძულებულია, მოახდინოს სასწაულები, ბოლოს კი ჯვარზე გაეკრას და სიკვდილის წინ ხალხს სთხოვოს, რომ შეუნდონ ღმერთს, 'რამეთუ არც კი იცის, რას აკეთებს'".
პორტუგალიელი ჟოზე სარამაგუ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელია. იესოს სახარება მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი წიგნია, რომელიც 1991 წელს გამოიცა და აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია: ლიტერატურული მიმომხილველები და მკითხველები სარამაგუს ამ ფილოსოფიურ-პროვოკაციულ ტექსტს ქებით ამკობდნენ, რელიგიური საზოგადოება კი ნაწარმოებს მკაცრი კრიტიკით შეხვდა. მეტიც, პორტუგალიის მთავრობამ რომანის ევროპულ ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენას ხელი შეუშალა, რის შემდეგაც სარამაგუმ სამშობლო დატოვა და კანარის კუნძულებზე გადასახლდა.
ჩვენი სოციალური მედიის მენეჯერი ნინო დიაკონიძე დიდი მელომანიც გახლავთ, ამიტომ, სულ არ გაგვკვირვებია, როცა გვითხრა, რომ ამერიკელი კრიტიკოსის ტედ ჯიოიას არამხატვრულ წიგნს მუსიკა: ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია კითხულობს.
"ვისაც აინტერესებს, საიდან წარმოიშვა ყველასთვის ცნობილი სიმღერები და ნაწარმოებები, ბახიდან კურტ კობეინამდე, და რა გავლენა აქვს მუსიკას ხალხზე, კულტურასა და პოლიტიკაზე — ეს წიგნი მათთვის მისწრებაა!".
ტედ ჯიოია მუსიკის ისტორიკოსი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელსაც თერთმეტი წიგნი აქვს დაწერილი. მუსიკა: ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია ჯიოიას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექსტია, რომელიც მუსიკის ოთხიათასწლიან ისტორიას ჰყვება; ჰყვება განსხვავებული პერსპექტივით: როგორ იქცეოდა მუსიკა ძალაუფლების, ცვლილებების, რევოლუციების წყაროდ, როგორ ხდებოდნენ მოწყვლადი ჯგუფები — იქნებოდა ეს მიგრანტები თუ მონები — მუსიკის ნოვატორები. "ეს არის აუცილებელი საკითხავი ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მუსიკის მნიშვნელობა, საფოდან Sex Pistols-მდე და სპოტიფაიმდე", — ასეთი შეფასებით წარუდგენს გამომცემელი წიგნს მკითხველს.
კომენტარები