სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
ფოტო: Centre for Digestive Care
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა მდგომარეობაა, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანო გარკვეული რაოდენობის სისხლს კარგავს.
კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა ნაწილიდან სისხლდენას სხვადასხვა პრობლემა იწვევს:
- ზედა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას საყლაპავ მილთან, კუჭთან, თორმეტგოჯა ნაწლავთან ან წვრილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს.
- წვრილი ნაწლავიდან სისხლდენას მლივი ნაწლავის (წვრილი ნაწლავის შუა ნაწილი) ან თეძოს ნაწლავის (წვრილი ნაწლავის ქვედა სექცია) პრობლემები იწვევს.
- ქვედა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის პრობლემები განაპირობებს.
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ტიპები
- მწვავე: უეცარი მძიმე სისხლდენა. დაუყოვნებლივ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.
- ქრონიკული: სისხლდენა დიდი ხნის განმავლობაში პერიოდულად იჩენს თავს.
- ფარული: სისხლდენა მიკროსკოპულია, თუმცა მისი სიმპტომების შემჩნევა ლაბორატორიული შემოწმების გზითაა შესაძლებელი.
- ხილული: სიმპტომები აშკარადაა გამოვლენილი, მაგალითად, სისხლის ღებინება.
- უხილავი: სტანდარტული ენდოსკოპიური ანალიზი სისხლდენის წყაროს ვერ ავლენს.
გამომწვევი მიზეზები
ზედა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას შეიძლება იწვევდეს:
- კრონის დაავადება
- საყლაპავი მილის კიბო
- საყლაპავი მილის ვარიკოზი
- ეზოფაგიტი
- გასტრიტი
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST)
- გულძმარვა (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
- ღვიძლის კიბო
- პანკრეასის კიბო
- პეპტიკური წყლული
- კუჭის კიბო
ქვედა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას შეიძლება იწვევდეს:
- მსხვილი ნაწლავის პოლიპები
- კოლორექტული სიმსივნე
- კრონის დაავადება
- დივერტიკულიტი და დივერტიკულოზი
- კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST)
- ჰემოროიდები
- წყლულოვანი კოლიტი
სიმპტომები
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომები მის სიმწვავესა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი
- სიფერმკრთალე
- დისპნეა (სუნთქვის უკმარისობა)
- დაღლილობა
- სისხლის ამოღებინება
- ყავის მარცვლების მსგავსი ნივთიერების ამოღებინება
- სისუსტე
ახასიათებს თუ არა მწვავე სისხლდენას განსხვავებული სიმპტომები?
კუჭ-ნაწლავის მწვავე სისხლდენა უეცრად იწყება. ამ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი. სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა
- პულსის აჩქარება, რაც შფოთვის შეგრძნებასა და გულის აჩქარებასთანაა დაკავშირებული
- შოკი (ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანოებს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება)
დიაგნოზი
თავდაპირველად პაციენტი სიმპტომებს აღწერს, სისხლდენის წყაროსა და სიმწვავის დასადგენად კი შემდეგი გამოკვლევებია საჭირო:
- სისხლის ანალიზი (მოწმდება, მაგალითად, ანემია)
- კომპიუტერული ტომოგრაფია სპეციალური ტექნოლოგიით ნაწლავის 3-განზომილებიანი გამოსახულების შექმნას გულისხმობს.
- რენტგენით ზედა ან ქვედა მომნელებელი ტრაქტის გამოსახულებას იღებენ, რათა სისხლდენა დააფიქსირონ.
- ზედა ენდოსკოპიით ზედა კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიმპტომებს ამოწმებენ, ამისთვის გრძელ ზონდს იყენებენ, რომელსაც ზედ პატარა კამერა აქვს დამაგრებული.
- ენტეროსკოპია ენდოსკოპიის მსგავსია: ამ დროსაც კამერიან ზონდს იყენებენ. ეს განსაკუთრებულად ეფექტიანი წვრილი ნაწლავის გამოკვლევისთვისაა, რომელიც, როგორც წესი, რთულადაა მისაწვდომი.
- კოლონოსკოპია / სიგმოიდოსკოპია ქვედა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის გამოკვლევას გულისხმობს.
თუ ექიმები სისხლდენის წყაროს ვერ პოულობენ ან თუ პაციენტს მწვავე სისხლდენა აღენიშნება, დამატებითი გამოკვლევებია საჭირო, მაგალითად:
- ანგიოგრაფია, რომლის დროსაც სისხლძარღვების უკეთ დასანახად საღებავს იყენებენ.
- კაფსულური ენდოსკოპია აბის ზომის კამერის გადაყლაპვას მოიაზრებს, რომლითაც ფოტოებს იღებენ.
- რადიონუკლიდური სკანირების დროს პაციენტი სპეციალურ ნივთიერებას იღებს, რომელიც რადიოაქტიური მასალის უსაფრთხო დოზას შეიცავს. გამოსახულების შექმნისას ეს ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებს უფრო თვალსაჩინოს ხდის.
მკურნალობის გზები
არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სისხლდენას კურნავს. ეს წამლები:
- ამცირებს კუჭის წვენის დონეს
- ხელს უწყობს სისხლის შედედებას
- ამცირებს შეშუპებას
ხშირად ექიმები ენდოსკოპიას ან კოლონოსკოპიას მიმართავენ.
მწვავე სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს აუცილებელი. ეს შეიძლება ლაპაროსკოპიასაც (უსისხლო ოპერაცია) მოიცავდეს. ქირურგები მცირე ჭრილებს აკეთებენ, რომელშიც პატარა კამერასა და ქირურგიულ ინსტრუმენტებს ათავსებენ. ეს ტექნიკა სისხლდენის წყაროს დასადგენად და სამკურნალოდ ძალიან ეფექტიანია.
სამომავლო პერსპექტივა
პაციენტების უმრავლესობა სრულად ახერხებს გამოჯანმრთელებას. ნაწლავების შეხორცებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. რეციდივის თავიდან ასარიდებლად ცხოვრების სტილის შეცვლაა რეკომენდებული:
- ისეთი წამლების მიღებისგან თავის შეკავება, რომლებიც სისხლდენასთან ხშირადაა დაკავშირებული
- წყლულის გამომწვევი მიზეზების მკურნალობა
- სტრესის შემცირება
- ჯანსაღი კვება
პრევენციის გზები
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე გზა არსებობს:
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (NSAID) და ასპირინის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიღება
- კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან, მაგალითად, დივერტიკულიტთან, დაკავშირებული სიმპტომების მართვა.
- ისეთ ინფექციებზე დატესტვა, როგორიც ჰელიკობაქტერია პილორია (თუ ამის რისკის ქვეშ ხართ), რადგან ამ ინფექციებმა შეიძლება წყლულის განვითარება გამოიწვიოს.
კომენტარები