გრენლანდიასა და კანადას შორის ახალი მიკროკონტინენტი აღმოაჩინეს
კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაფინის კუნძულსა და სამხრეთ-დასავლეთ გრენლანდიას შორის ახალი მიკროკონტინენტი აღმოაჩინეს. მისი არსებობა ბრიტანელმა და შვედმა მეცნიერებმა გრავიტაციული და სეისმური მონაცემების შესწავლის გზით გამოავლინეს. მათ ამ ინფორმაციის გამოყენებით დეივისის სრუტის მიმდებარე ტერიტორიის ფილების ტექტონიკის რეკონსტრუქცია შეძლეს.
ვიცით, რომ დეივისის სრუტე ერთმანეთთან აკავშირებს ბაფინის ყურესა და ლაბრადორის ზღვას, რომლებიც გრენლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ქანების რღვევამ და ფსკერის გაფართოებამ წარმოქმნა. ამის მიუხედავად, გრენლანდიასა და კანადას შორის ფილების მოძრაობისა და დეივისის სრუტის ტექტონიკური ევოლუციის შესახებ გარკვეული კითხვები არსებობდა.
უფრო კონკრეტულად, წინა მოდელებით ვერ ახსნეს, რას უნდა გამოეწვია იქ ანომალიურად სქელი კონტინენტური ქერქის ფორმირება. მეცნიერები რეკონსტრუქციის მეშვეობით ამ რეგიონის წარსულზე კონცენტრირდნენ, როცა გრენლანდია და კანადა განცალკევდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ეს დიდი მასა სინამდვილეში მიკროკონტინენტია.
ესაა ტექტონიკური ბლოკი, რომელიც კონტინენტს გამოეყო. მისი სისქე 19-24 კილომეტრია და უფრო თხელი ქერქითაა გარემოცული. ის გრენლანდიისგან არასრულად განცალკევდა, ამიტომ მეცნიერები მას დეივისის სრუტის პროტო-მიკროკონტინენტს უწოდებენ.
ავტორთა გამოთვლების მიხედვით, ტექტონიკური ფილების გაყოფა დაახლოებით 118 მილიონი წლის წინ დაიწყო. საბოლოო ჩამოშორება კი ლაბრადორის ზღვაში 61.27 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა. კონტინენტების განცალკევების შემდეგ გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკის ფილას შეერწყა, რა დროსაც ახალი მიკროკონტინენტი ჩამოყალიბდა. ეს 58-49 მილიონი წლის წინ უნდა მომხდარიყო.
მეცნიერები ამბობენ, რომ მათი კვლევა დედამიწის ფილების ტექტონიკის უკეთ გაანალიზებაში დაგვეხმარება. ახალი ნაშრომი გამოცემაში Gondwana Research გამოქვეყნდა.
კომენტარები