მეცნიერებმა ცნობისმოყვარეობასთან დაკავშირებული ტვინის ნაწილი გამოავლინეს
მეცნიერებმა დაადგინეს ის, თუ ტვინის რომელ ნაწილში იბადება ცნობისმოყვარეობა.
ცნობისმოყვარეობა ადამიანის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ეს არის ის, რაც მოქმედებისკენ გვიბიძგებს და სიახლეების სურვილს გვიჩენს. და, აი, ისიც! მეცნიერებმა დაადგინეს ის, თუ ტვინის რომელ ნაწილში იბადება ცნობისმოყვარეობა.
აღმოჩენა აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააკეთეს. მათ ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) ტვინის სხვადასხვა ნაწილში ჟანგბადის დონის გასაზომად გამოიყენეს. ამით იმის დადგენაა შესაძლებელი, თუ რამდენად აქტიურია ტვინის კონკრეტული უბნები გარკვეულ მომენტში.
იმის ცოდნა, თუ საიდან იღებს სათავეს ცნობისმოყვარეობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ქრონიკული დეპრესიის დროს ადამიანებში ცნობისმოყვარეობის ნაკლებობა აღინიშნება. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, მკვლევრები ცდილობენ შეიმუშაონ სპეციალური თერაპიები და იმის ცოდნა, თუ საიდან იღებს სათავეს ტვინში ცნობისმოყვარეობა, უმნიშვნელოვანესია.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ ის, თუ სად იბადება ცნობისმოყვარეობა", — ამბობს ნეირომეცნიერი, ჟაკლინ გოტლიბი.
ექსპერიმენტების ფარგლებში მკვლევრებმა 32 მონაწილეს სპეციალური გამოსახულება, სახელწოდებით "ტექსფორმები", მისცეს. მათზე გამოსახული იყო ნაცნობი საგნები და ცხოველები — როგორიცაა ქუდები ან ბაყაყები. საინტერესოა, რომ გამოსახულებები დამახინჯებული იყო და მათ ამოცნობას გონების დაძაბვა სჭირდებოდა. მკვლევრებმა მოხალისეებს სთხოვეს, შეეფასებინათ თავიანთი თავდაჯერებულობა და ცნობისმოყვარეობა ილუსტრაციების იდენტიფიცირებისას.
შეფასებებისას კვლევის მონაწილეებს fMRI სკანირებით დააკვირდნენ, რა დროსაც ტვინის სამ რეგიონში შესაბამისი აქტივობები დააფიქსირეს. საუბარია ტემპორალურ ქერზე (დაკავშირებულია მხედველობასთან და ობიექტების ამოცნობასთან), ვეტრომედიალურ პრეფრონტალურ ქერქსა (დაკავშირებულია თავდაჯერებასთან) და წინა ცინგულარულ ქერქზე, რომელიც ინფორმაციის შეგროვებისას აქტიურდება.
აღმოჩნდა, რომ, ვეტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი (vmPFC) მოქმედებს, როგორც ერთგვარი ნევროლოგიური ხიდი კეფის ტემპორალურ ქერქსა და ცნობისმოყვარეობის სუბიექტურ აღქმებს შორის. ეს ჰგავს ისეთ ტრიგერს, რომელიც გვეუბნება, როდის უნდა ვიყოთ ცნობისმოყვარეები. რაც უფრო ნაკლებად თავდაჯერებულნი იყვნენ მოხალისეები სურათზე გამოსახული ობიექტის მიმართ, მით უფრო ცნობისმოყვარეები ხდებოდნენ ისინი.
"ეს ნიშნავს, რომ აღქმა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ცნობისმოყვარეობასთან", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა ხაზს უსვამს, რომ ცნობისმოყვარეობა ადამიანის ფუნდამენტი და ჩვენი, როგორც სახეობის გადარჩენის გასაღებია. მის გარეშე ადამიანი ვერ დაამუშავებდა ინფორმაციას ისე, როგორც ახლა შვრება და მეტიც, ვერ მოხდებოდა ახლის შემეცნებაც.
"ცნობისმოყვარეობას ღრმა ბიოლოგიური ფესვები აქვს. სწორედ ცნობისმოყვარეობა გვიბიძგებს გავიგოთ მეტი და ესაა მთავარი განმასხვავებელი სხვა ცხოველებისგან", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები