კვლევის თანახმად, ChatGPT-ის ტიურინგის ტესტის ჩაბარება შეუძლია
მკვლევრების თქმით, ChatGPT-იმ ტურინგის ტესტი დაძლია.
1637 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა საინტერესო შეკითხვა დასვა: შეუძლია თუ არა მანქანას აზროვნება? სამი საუკუნის შემდეგ ინგლისელმა მათემატიკოსმა, ალან ტიურინგმა ეს საკითხი გაშალა და ტიურინგის ტესტი შემოგვთავაზა. ამ ტესტით უნდა განგვესაზღვრა ის მომენტი, როდესაც ადამიანებსა და მანქანებს შორის ზღვარი წაიშლებოდა.
ტესტის მიხედვით, პირველი ადამიანი ურთიერთქმედებს კომპიუტერსა და მეორე ადამიანთან. კითხვებზე პასუხის გათვალისწინებით პირველი ადამიანი უნდა მიხვდეს, ვის ესაუბრება: ადამიანს თუ კომპიუტერულ პროგრამას. კომპიუტერული პროგრამის მიზანია ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს და არასწორი არჩევანი გააკეთებინოს. თუ პირველი ადამიანი მოტყუვდება, ესე იგი, მანქანამ ტესტი "ჩააბარა".
ახლა, ტიურინგის ტესტის შექმნიდან 74 წლის შემდეგ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები, სან დიეგოში, საინტერესო ექსპერიმენტს ატარებენ. კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს 5 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა, ტესტი ჩაბარებულია!
"ექსპერიმენტის მონაწილეები ვერ ხვდებოდნენ, რომ ისინი GPT-4-ს ესაუბრებოდნენ. საუბარი 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ადამიანებს ეჭვიც კი არ გაუჩნდათ", — აღნიშნულია კვლევაში.
თუმცა, ChatGPT ადამიანების "დარწმუნებას" ყოველთვის ვერ ახერხებდა. 50%-ის შემთხვევაში, ადამიანები ხვდებოდნენ, რომ მათ ხელოვნური ინტელექტი წერდა.
ტიურინგის ტესტზე შეიძლება ელაიზა გაგვახსენდეს. ეს იყო პირველი პროგრამა, რომელიც ადამიანის საუბარს სიმულირებდა. თუმცა, ელაიზას შემთხვევაში საუბარი არ იყო ისეთივე კომპლექსური, როგორც ეს GPT-4-თან. მეტიც, მარტივი საუბრის მიუხედავად, ელაიზამ მაშინ მხოლოდ 22%-ის "მოტყუება" შეძლო.
რას ნიშნავს ეს?
"ტიურინგის ტესტის ჩაბარება არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერება გააჩნია. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ფაქტია, დღეს ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, ხელოვნურმა ინტელექტმა ტიურინგის ტესტი ჩააბარა, ალანი ამ შედეგებით იამაყებდა", — აღნიშნულია კვლევაში.
ეს ტესტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს ხელოვნურ ინტელექტს ადამიანთან ისე შეუძლია საუბარი, თითქოს თავად ისიც ადამიანი იყოს. ეს ნიშნავს, რომ მართალია ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერი არ გააჩნია, მაგრამ ლინგვისტიკის მხრივ, ის ადამიანებს დიდად აღარ ჩამორჩება.
"იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ესაუბრებოდნენ. დიდი ალბათობით ეს მალე შეიცვლება და გარჩევა სულ უფრო რთული იქნება", — განუცხადა Tech Xplore-ს კვლევის ავტორმა, კამერონ ჯონსმა.
ეს ბევრ რამეს კიდევ უფრო ავტომატიზებულს გახდის, თუმცა იმატებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაც.
კვლევის ნახვა arXiv-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები