ადამიანის პენისში პლასტმასის მიკრონაწილაკები აღმოაჩინეს — კვლევა
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა პლასტმასის მიკრონაწილაკები (MPs) ადამიანის პენისის ქსოვილში აღმოაჩინეს. ეს ასეთი პირველი შემთხვევაა და აჩენს შეკითხვებს, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.
"კვლევების წინასწარი შედეგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ნაყოფიერებისა და სპერმის ხარისხზე ცუდად მოქმედებს", — აღნიშნულია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ კაცებში სპერმის რაოდენობა ათწლეულებია რაც მცირდება. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა მიკროპლასტმასა სპერმის რაოდენობის შემცირებასთან და ჰორმონალურ დარღვევებთან დააკავშირა.
სხვადასხვა მიკროპლასტმასა პენისის ქსოვილში
კვლევას მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერი, რანჯიტ რამასამი ხელმძღვანელობდა. მკვლევრებმა ხუთი კაცის ქსოვილის ნიმუშები შეისწავლეს. კაცებს ერექციულ დისფუნქციასთან დაკავშირებული ოპერაცია უტარდებოდათ. ხუთიდან ოთხს პენისის ქსოვილში მიკროპლასტმასა აღმოაჩნდა.
მკვლევრებმა პენისის ქსოვილში შვიდი სხვადასხვა სახის მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს. ყველაზე გავრცელებული იყო პოლიეთილენის ტერეფტალატი (PET) და პოლიპროპილენი, რომლებიც ჩვეულებრივ საკვებისა და სასმლის შეფუთვაში გამოიყენება.
მკვლევრები თვლიან, რომ ერექციის დროს გაზრდილმა სისხლის ნაკადმა, შესაძლოა, ორგანიზმში მოცირკულირე მიკროპლასტმასა პენისში მოახვედროს.
მიკროპლასტმასა უკვე ყველგანაა
მიკროპლასტმასა, რომელიც განისაზღვრება, როგორც პლასტმასის ფრაგმენტები, რომელთა დიამეტრი 5 მილიმეტრზე ნაკლებია, თითქმის ყველგანაა. სწორედ ეს არის გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი. ეს მასალა უფრო დიდი პლასტმასის დაშლის შემდეგ წარმოიქმნება.
"ამ ნივთიერებამ შეაღწია ატმოსფეროში, მტკნარსა და ხმელეთის ეკოსისტემებში, საკვებში და საყოფაცხოვრებო ნივთებშიც", — აღნიშნულია კვლევაში.
ძველმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი ლიტრი წყალი შეიძლება 240 000 მიკროპლასტმასას შეიცავდეს.
ადამიანები ამ პაწაწინა ნაწილაკებს ჭამისა და სუნთქვის დროს შთანთქავენ. ეს ნაწილაკები უკვე აღმოჩენილია ადამიანის სისხლშიც. მეტიც, კონკრეტული მასალა ასევე აღმოაჩინეს ადამიანის სპერმასა და სათესლე ჯირკვლებში.
ასევე: მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
გარდა ამისა, ორგანიზმში მიკროპლასტმასას არსებობა დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთანაც. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მასალას შეუძლია დააზიანოს ადამიანის უჯრედები, გამოიწვიოს ქსოვილის ანთება და შესაძლოა, გაზარდოს გულის შეტევის რისკები.
მეცნიერების თქმით, ამ მიმართულებით მეტი კვლევა აუცილებელია.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები