ინდოეთმა 3D პრინტერით დაბეჭდილი ძრავის მქონე რაკეტა პირველად გაუშვა
ინდურმა სტარტაპმა Agnikul Cosmos სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ძრავით აღჭურვილი რაკეტა 30 მაისს პირველად გამოცადა. ეს ქვეყანას კოსმოსის ასათვისებლად ბიუჯეტური და დროში ეფექტიანი ტექნოლოგიის გამოყენებისკენ უხსნის გზას, რადგან მსგავსი აპარატებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების 3D პრინტერით შექმნა საკმაოდ მცირე დროშია შესაძლებელი.
ეს ინდოეთისთვის კერძო რაკეტის რიგით მეორე გაშვება იყო. ასევე, პირველი მისია, რომლის ფარგლებშიც ნახევრად კრიოგენური ძრავა გამოცადეს. სრულად კრიოგენურისგან განსხვავებით, რომელშიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე თხევადი ჟანგბადი და წყალბადი ინახება, მასში ეს უკანასკნელი ნავთითაა ჩანაცვლებული. ასეთ საწვავს ნაკლები მოცულობა უკავია და ნორმალურ ტემპერატურაზეც ნარჩუნდება.
Agnibaan Sorted-ის სახელით ცნობილი რაკეტა, რომელიც ახლახან გაუშვეს, 700 კილომეტრ სიმაღლეზე 300 კილოგრამამდე წონის ტვირთის ასატანადაა შექმნილი. მისია აქამდე 4-ჯერ გადაიდო, რისი მიზეზიც ტექნიკური პრობლემები იყო. საბოლოოდ, ის შრიჰარიკოტას სანაპიროზე არსებული სატიშ დუვანის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა და 2 წუთში 8 კილომეტრ სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც ბუნგალის ყურეში დაეშვა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ რაკეტამ კონტროლირებადი მანევრები ისე განახორციელა, როგორც მოსალოდნელი იყო, ასე რომ მისი ფუნქციონირებით კმაყოფილები არიან. ცდის შედეგებს მეცნიერები მომდევნო წლის დასაწყისისთვის რაკეტა Agnibaan-ის შესაქმნელად გამოიყენებენ.
ადგილობრივი მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს წარმატება ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ Agnikul Cosmos-ისთვის, არამედ ინდოეთის კოსმოსური სექტორისთვის. მათი თქმით, ამით ახალგაზრდა ინოვატორებისა და მეწარმეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ქვეყანას "გლობალური თავდაჯერებულობაც" მოუტანა.
ამჟამად სტარტაპს რაკეტის თითო ძრავის დასაბეჭდად დაახლოებით 75 საათი სჭირდება, რასაც პრინტერი ავტომატურად ახერხებს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტანდარტული 3D დანადგარები ამას 10-12 კვირას ანდომებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ახლახან ინდოეთმა მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი სხვა ძრავაც გამოცადა, რომლის კომპონენტების რაოდენობაც 14-დან 1-მდე შეამცირა. ამით გამოყენებული მასალის რაოდენობა დაიზოგა და ბეჭდვის დროც 60%-მდე შემცირდა.
ეს ყველაფერი ქვეყანას 1 წელზე მეტ ხანში 30 სახელმწიფო და კომერციული მისიის შესრულებაში დაეხმარება. ინდოეთი გეგმავს, რომ 2025 წელს 3 ასტრონავტი დედამიწის დაბალ ორბიტაზე 3 დღით გაგზავნოს, 2040 წლისთვის კი — მთვარის გარშემო. ასევე, 3035 წლისთვის კოსმოსური სადგურის შექმნა სურთ, ხოლო 2050 წლისთვის მთვარეზე ბაზის აშენებას აპირებენ.
კომენტარები