მოკლედ: საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.

  • გამოძიებაში, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ჩართული იყვნენ შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები.

დეტალები: გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. მათ სურდათ, რეალიზაციის მიზნით, ევროპის მასშტაბით, მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს დაუფლებოდნენ.

  • ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალი წიგნის ჩასანაცვლებლად, წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.
  • გეგმის თანახმად, ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებიდან წიგნები უნდა აეღოთ და მაღალი ხარისხის ასლებით ჩაენაცვლებინათ.
  • დანაშაულებრივმა ჯგუფმა, 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნები მოიპოვეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოში გაჩხრიკეს ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილები.

  • ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი.

ბოლო ხაზი: გამოძიება დაწყებულია მუხლით, რომელიც გულისხმობს, ქურდობას, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით.

  • მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.