პიტერ ჰიგსი დაიღუპა — კაცი, რომელმაც ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა გახადა შესაძლებელი
ბრიტანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი პიტერ ჰიგსი 8 აპრილს, 94 წლის ასაკში, დაიღუპა.
ამ მეცნიერის გვარი, ალბათ, ყველას გაგვიგონია, რადგან ჰიგსის ბოზონს ეს სახელი სწორედ მის პატივსაცემად უწოდეს. ამის მიუხედავად, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რა დამსახურება აქვს მის კვლევებს აღნიშნული ელემენტარული ნაწილაკის აღმოჩენაში. წინამდებარე სტატიაში მოგიყვებით, როგორ მიგვიყვანა პიტერ ჰიგსის თეორიებმა ფიზიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიგნებამდე.
ყველაფერი 1960-იან წლებში დაიწყო, როცა მეცნიერი ცდილობდა ამოეხსნა, რატომ აქვს ატომებს მასა და, ზოგადად, რა უნარჩუნებს სამყაროს ერთიანობას. რამდენიმე დეკადის შემდეგ, 2012 წელს, CERN-ში არსებული დიდი ადრონული კოლაიდერით ჰიგსის ნაწილაკი აღმოაჩინეს.
"ძალიან სასიამოვნოა, როცა ზოგჯერ მართალი ხარ", — განაცხადა მაშინ ფიზიკოსმა.
აქედან ერთ წელში პიტერ ჰიგსს, ფრანსუა ანგლერთან ერთად, ნობელის პრემია გადაეცა.
ნაწილაკთა მასის კვლევიდან ჰიგსის ბოზონამდე
პიტერ ჰიგსი ქალაქ ნიუკასლში 1929 წელს დაიბადა. მან სკოლა ბრისტოლში დაამთავრა და გამორჩეული მოსწავლე იყო, რომელიც სამეცნიერო კონკურსებში ხშირად იმარჯვებდა, თუმცა არა ფიზიკის, არამედ ქიმიის მიმართულებით. ლონდონის სამეფო კოლეჯში სწავლის შემდეგ მეცნიერმა კვლევა ედინბურგის უნივერსიტეტში განაგრძო.
მისი მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ ჰქონდა ნაწილაკებს მასა, რის ამოხსნასაც აქტიურად ცდილობდა. ამისთვის ე.წ. ჰიგსის მექანიზმის იდეამდე მივიდა, რომელიც ბოზონებში მასის წარმოქმნას კვანტურ ველს (ჰიგსის ველს) უკავშირებდა. კერძოდ, ის ფიქრობდა, რომ საკმარისად მაღალ ტემპერატურაზე ეს ველი ურთიერთქმედებისას სიმეტრიის სპონტანურ დარღვევას იწვევს, რის შედეგადაც ბოზონებს მასა ეძლევა.
ჰიგსს გამოცემებში საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნება უჭირდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მისი კარგად არ ესმოდათ. საბოლოოდ, პირველი კვლევა 1964 წელს დაიბეჭდა. როგორც თავად ამბობდა, თეორია წლების განმავლობაში შეიმუშავა და "ევრიკა" მომენტები არ ჰქონია.
დაახლოებით იმავე დროს იმავე იდეის შესახებ ნაშრომები მეცნიერთა ორმა სხვა ჯგუფმაც გამოაქვეყნა, მაგრამ ყველასთვის კარგად ცნობილ ნაწილაკს მაინც ჰიგსის სახელი დაერქვა. ამ ბოზონს სპეციალისტები მოწინავე ტექნოლოგიებით თითქმის 50 წელი ეძებდნენ, ფიზიკოსი კი კვლევით პროცესებს თვალს მუდმივად ადევნებდა.
დიდი ადრონული კოლაიდერი, რომლითაც ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინეს, 10 მილიარდდოლარიანი პროექტია. ის ნაწილაკთა ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელი იყო, რომელსაც მეცნიერის თეორიის გამოცდა შეეძლო. რა თქმა უნდა, ასეთი ნაწილაკის არსებობა მართლაც დადასტურდა.
"ლოდინი დიდხანს მოგვიწია, მაგრამ შესაძლოა, ამას უფრო მეტი დრო დასჭირვებოდა ან შედეგისთვის საერთოდაც ვერ მიგვეღწია. თავდაპირველად არც კი ვიცოდი, ეს აღმოჩენა ჩემს სიცოცხლეში გაკეთდებოდა თუ არა", — ამბობდა მეცნიერი.
როცა ის ნობელის ჯილდოს მფლობელად გამოაცხადეს, წესის მიხედვით, ამ ამბის სათქმელად ტელეფონზე ვერ დაურეკეს, რადგან ფიზიკოსს მობილურიც კი არ ჰქონდა. მან ეს სიახლე მეზობლისგან გაიგო, რომელმაც ქუჩაში მიმავალი პიტერ ჰიგსი მისალოცად გააჩერა.
ის იყო მეცნიერი, რომელიც ცნობადობას სულაც არ ესწრაფოდა, არამედ მთელ ძალისხმევას სამეცნიერო კვლევაში დებდა, რომელმაც კაცობრიობა უმნიშვნელოვანეს აღმოჩენამდე მიიყვანა.
კომენტარები