აშშ-ში გამოცადეს ტექნოლოგია, რომელიც ღრუბლების მიერ მზის სხივების არეკვლას აძლიერებს
იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა მიმდინარეობს, მეცნიერები მასთან საბრძოლველად სხვადასხვა მეთოდზე აქტიურად მუშაობენ. ახლახან აშშ-ში, სან ფრანცისკოს ყურის მიმდებარედ, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგია გამოცადეს, რომელიც ოკეანის თავზე ღრუბლების მიერ მზის სხივების არეკვლას აძლიერებს.
ღრუბლებში ეს ისედაც ხდება, რის შედეგადაც სხივები ისევ კოსმოსში ბრუნდება. ამ პროცესის ხელოვნურად გაუმჯობესებით გაგრილების ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი, მაგრამ როგორ?
ზემოხსენებული ტექნოლოგია შედარებით დაბლა განლაგებული ღრუბლებისკენ ზღვის მარილის ნაწილაკების გაშვებას გულისხმობს, რასაც აეროზოლის სახე ექნება. ამან დედამიწის მიერ დიდი ოდენობით სითბოს შთანთქმა უნდა შეაფერხოს, რასაც მზის რადიაციის მოდიფიკაცია ან გეოინჟინერია ეწოდება.
მეცნიერთა გუნდმა სპეციალური გამფრქვევი მოწყობილობა გამოიყენა, რომელიც ავიამზიდ Hornet-ზე განათავსეს და მისი საშუალებით ჰაერში ზღვის მარილის შემცველი აეროზოლი გაუშვეს. მასში ნაწილაკების ზომა ზუსტად ისეთი მცირე იყო, როგორიც საჭიროა, რაც სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია. მასშტაბების გასაზრდელად უფრო დიდი ზომის დანადგარების გამოყენებას გეგმავენ.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ გეოინჟინერიის ასეთი მასშტაბური მეთოდები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, რადგან შესაძლოა, გლობალურ კლიმატზე იქონიოს გავლენა. მაგალითად, ოკეანის დინებები და ატმოსფერული ნალექის სიხშირე შეცვალოს. ახლახან გამოცდილი ტექნოლოგიის ავტორები ამბობენ, რომ მსგავს პოტენციურ გვერდით ეფექტებს განიხილავენ და უყურადღებოდ არ ტოვებენ.
მათი თქმით, პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეს ცდა ჩატარდა, იმის გაგებას ემსახურება, შეიძლება თუ არა ამ ტექნოლოგიით სასურველი შედეგი მიიღწეს. ასევე, როგორ აისახება სხვადასხვა რეგიონში მისი გამოყენება გლობალურ ან ადგილობრივ ტემპერატურასა თუ ნალექზე.
რა თქმა უნდა, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საუკეთესო გზა მაინც სათბურის აირების ემისიის შემცირებაა, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია.
კომენტარები