ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
ფეხბურთში წარმატებულ მეკარედ ყოფნა არამხოლოდ გადახტომასა და დაჭერას, არამედ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარსაც მოითხოვს — იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს სხვა ათლეტებსა და მით უმეტეს, დანარჩენ ხალხს შეგვიძლია.
კვლევით დადგინდა, რომ მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად ხედავენ და მიღებულ ინფორმაციასაც სხვანაირად ამუშავებენ.
"ფეხბურთის სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, მეკარეებმა ათასობით ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შეზღუდული ან არასრული სენსორული ინფორმაციის საფუძველზე", — განაცხადა მაიკლ ქვინმა, დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის მკვლევარმა — "ამის მიხედვით ვივარაუდეთ, რომ მეკარეებს გაძლიერებული ექნებოდათ სხვადასხვა გრძნობით მიღებული ინფორმაციის შეჯერების უნარი, კვლევის შედეგებმა კი ეს ჰიპოთეზა დაადასტურა".
კვლევის მიმდინარეობა და შედეგები
ქვინმა და მისმა კოლეგებმა 60 ადამიანზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. სულ ცდისპირთა სამი ჯგუფი იყო: 20 მეკარე, სხვა პოზიციებზე მოთამაშე 20 ფეხბურთელი და იმავე ასაკის 20 ისეთი ადამიანი, რომლებიც ფეხბურთს არ მისდევდნენ.
ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეების თვალწინ სინათლე ელავდა. გაელვებას ზოგჯერ ორი მკაფიო ხმოვანი სიგნალი ერთოდა თან. კვლევის მონაწილეებს უნდა ეთქვათ, შუქმა ერთხელ გაიელვა თუ ორჯერ.
რაც უფრო მალე გაისმოდა ხმა გაელვების შემდეგ, მით უფრო ხშირად ამბობდნენ ცდისპირები, რომ ორი გაელვება დაინახეს. შესაბამისად, ისინი ხმასა და ვიზუალურ სტიმულს ერთიანად აღიქვამდნენ. მოედნის შორეული ნაწილის მოთამაშეებისა და ჩვეულებრივ ადამიანებს ამ მხრივ ერთნაირი ქულები ჰქონდათ.
მიუხედავად ამისა, მეკარეები დანარჩენი ორი კატეგორიისგან განსხვავებულები აღმოჩნდნენ. მათ ხმა და ვიზუალური სტიმული ერთმანეთში მხოლოდ მაშინ ერეოდათ, როცა ამ ორს დროში ძალიან ახლო-ახლო ჰქონდა ადგილი. მეკარეების დასაბნევად ხმები ვიზუალურ სტიმულთან სამჯერ უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო, ვიდრე დანარჩენი მოთამაშეების შემთხვევაში.
შედეგების მიხედვით, მეკარეებს სხვადასხვა ტიპის სენსორული ინფორმაციის გამიჯვნა სხვებზე უკეთ გამოსდით. ეს მათ საშუალებას აძლევს, მოთამაშეების სირბილისა და ხმაურიანი მოედნის ფონზე მხოლოდ მნიშვნელოვანს მიაქციონ ყურადღება. კვლევამ, ამას გარდა, გამოავლინა, რომ მეკარეებს დამაბნეველი სტიმულის დამუშავებაც უკეთ გამოსდით; უფრო ეფექტიანად საზღვრავენ იმასაც, თუ როდის მოხდება რაიმე მოვლენა.
მეკარეებს მაყურებელთა ხმების გაფილტვრა სჭირდებათ. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ბურთზე ფეხის შეხების ხმებსაც ეყრდნობიან (განსაკუთრებით მაშინ, თუ წინ რაიმე ეფარებათ) იმის გადასაწყვეტად, თუ რას მოიმოქმედებენ. ვინაიდან ხმა სინათლეზე ნელა გადაადგილდება, ხმები მათ შეფერხებით მიეწოდებათ. ეს შეყოვნება გაცილებით მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს მაშინ, თუ ბურთს შორ მანძილზე ურტყამენ.
ჯერჯერობით რთული სათქმელია, მეკარეებში ასეთ უნარებს ამ პოზიციაზე თამაში ავითარებს თუ, პირიქით, თავად ამ განსხვავებების გავლენით ხდებიან მეკარეები.
მეცნიერებს სამომავლოდ იმის გაგება სურთ, თუ რამდენად განსხვავდებიან სტიმულების აღქმის კუთხით დაცვასა და თავდასხმაზე მოთამაშე ფეხბურთელები.
ნაშრომს ჟურნალში Current Biology გაეცნობით.
კომენტარები