ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
ქართველი გულშემატკივრების ის თაობა, ვინც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან ერთად გავიზარდეთ, ამ დღეს 30 წელი ველოდით.
დამოუკიდებელ საქართველოში არ დავბადებულვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე, მაგრამ არც ისე ადრე, რომ 1981 წლის ტრიუმფი მახსოვდეს, თუმცა ფეხბურთი მაინც თბილისის "დინამომ" შემაყვარა 80-იანი წლების ბოლოს. ეს უკვე ის ძლევამოსილი გუნდი აღარ იყო, მაგრამ პატარა ბავშვისთვის ეს იყო ერთადერთი საშუალება, საკუთარი პატრიოტული გრძნობები დაეხარჯა და სამშობლოსთვის დაეჭირა მხარი. მაშინ ფეხბურთი იყო ქართველების ბრძოლის ველი და "დინამო" — მთავარი დამრტყმელი ძალა.
მე არასდროს ვეძახდი ჩემს თავს ფეხბურთის გულშემატკივარს, მე მხოლოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი ყოველთვის. შემეძლო, მაგალითად "ბარსელონას", ან მადრიდის "რეალის" თამაში არ მენახა, მაგრამ ცხრა მთა გადამევლო უშუქო ბათუმში, რომ სადმე მეპოვა ტელევიზორი, სადაც "ნიუკასლის" მატჩს ვნახავდი, რათა ქეცბაიას თამაშისთვის მომეკრა თვალი, ან "აიაქსის" თამაშს ვნახავდი, სადაც არველაძე გამოდიოდა და ა.შ.
რადგან 90-იან წლებში ქართული კლუბები დიდ ასპარეზზე ვეღარ გვახარებდნენ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენოდა, მხოლოდ ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატებით გაგვეხარა. ჯერ სკოლიდან და შემდეგ უნივერსიტეტიდან სახლში ისე არ მივიდოდი, რომ გაზეთების "სტელაჟთან" არ გავჩერებულიყავი და "სარბიელი" და "11X11" (თერთმეტი თერთმეტზე) არ წამეკითხა. თან გაზეთების ყველა გამყიდველი მცნობდა და მათი წაკითხვის უფლებას მაძლევდა (აბა, ყოველდღიურად მათი ყიდვის ფული არ მქონდა). იმ დაქცეულ 90-იანებში, ქართველი ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატებები ერთადერთი სიხარული იყო გაუბედურებულ ქვეყანაში.
მაგრამ ზოგადად, ქართული ფეხბურთის წარმატებას, რაც ნაკრების რომელიმე დიდ ფორუმზე გასვლით გამოიხატებოდა, მაშინ ვერ ვეღირსეთ. ყოველი ახალი ციკლი ახალი იმედებით იწყებოდა და ძველი იმედგაცრუების მწარე გემოთი მთავრდებოდა.
90-იანების საოცარი თაობა ამ მხრივ უსახელოდ წავიდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს და ბევრჯერაც თქმულა, ამიტომ აქ არ შევჩერდები, მაგრამ თამამად ვიტყვი: მაშინ რომ შემოეღო UEFA-ს "ერთა ლიგის" გათამაშება, რამაც ახლა ოცნება აგვიხდინა, დარწმუნებული ვარ, ის თაობა მოახერხებდა ევროპაზე გასვლას (ნუ დაგვავიწყდება, რომ სტანდარტული შესარჩევი ჯგუფიდან ჩვენ ახლაც ვერ გავედით).
მერე დადგა ორიათასიანები და ორიათას ათიანი წლები. სრული ფრუსტრაცია, ქართული ფეხბურთი წინ წასვლის მაგივრად სულ უფრო უკან მიდიოდა. ნაკრების გასვლის შანსებზე კი არა, უკვე იმაზე ვფიქრობდით, ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავსულიყავით.
საქართველოში მომრავლდა ხალხი, ვინც მინდვრების გადახნას ითხოვდა. გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობა, ვინც მეუბნებოდა, მერაბ, შენ კიდევ ამათზე ნერვიულობ? შეეშვი, ხომ ხედავ, მაგათგან არაფერი გამოვაო. მაგრამ, საბედნიეროდ, ქვეყანაში ბევრი აღმოჩნდა ჩემნაირი ჯიუტი გულშემატკივარი, რომელთაც მუდამ გვჯეროდა, რომ ფეხბურთი ჩვენი თამაშია, ქართველების ფეხბურთის თამაშის ნიჭი არსად გაქრებოდა, ადრე, თუ გვიან ამოხეთქავდა და ქართული ფეხბურთის აღორძინების ხანა დაიწყებოდა.
სწორედ ეს დღე იყო გუშინ — ქართული ფეხბურთის აღორძინების დასაწყისის, და დარწმუნებული ვარ, აქამდე პესიმისტურად განწყობილებსაც არანაკლებ უხარიათ, ვიდრე ჩვენ — ქართული ფეხბურთის მუდმივ ოპტიმისტებს.
ეგ კი არა, ისეთ ხალხსაც უხარია, ვისაც აქამდე ფეხბურთისთვის საერთოდ არ უყურებია, რადგან მათაც უყვართ სამშობლო და სამშობლო, ყველაზე მძაფრად, თანამედროვე ეპოქაში, სპორტში იგრძნობა.
UEFA-მ ერთა ლიგის შექმნით ეს შანსი მოგვცა და მეორე ცდაზე გამოვიყენეთ. ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა (როცა ბერძნების თავური ხარიხას მოხვდა) და მიზანს მივაღწიეთ. ახლა მთავარია, ეს დღე მართლაც ქართული ფეხბურთის აღორძინების დასაწყისად იქცეს და არ დარჩეს ერთ ლოკალურ წარმატებად. ამის ყველა პირობა არსებობს. წამოვიდა ფეხბურთელების ახალი თაობა, ახალი მენტალიტეტით. მენტალიტეტი ყოველთვის იყო ქართველი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა და ყველაზე სასიხარულო სწორედ ისაა, რომ ეს იცვლება.
ამ ბიჭებმა ისტორია უკვე დაწერეს, მაგრამ ისტორია გაგრძელების გარეშე არაფერია. მე მჯერა, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე არ წავალთ ტურისტებად, როგორც ეს ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში მოხდა, რომელმაც ჩვენ გამოგვაგდო, მაგრამ იქ მერე ვერაფერი ქნა.
ასევე, მჯერა, ერთ დღესაც მსოფლიო ჩემპიონატზეც გავალთ. იქ ისეთი შემოვლითი გზა, როგორიც "ერთა ლიგაა", აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენი გუნდის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სტანდარტული შესარჩევი ციკლიდან გასვლა.
წინ საქართველო!
კომენტარები