ცხოველიდან ადამიანში გადმოსული ვირუსით გამოწვეული არაერთი დაავადება არსებობს, როგორიც COVID-19 და ებოლაა. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, მათ თავად ჩვენ უფრო ხშირად ვაინფიცირებთ, რაც მეცნიერებმა ვირუსული გენომების შესწავლის შედეგად დაადგინეს.

სპეციალისტებმა საერთო ჯამში თითქმის 12 მილიონი გაშიფრული ვირუსული გენომი გააანალიზეს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ბაზებშია თავმოყრილი. მიღებული შედეგები ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ადამიანები ზოონოზური ვირუსების მხოლოდ პასიური მიმღებლები ვართ. ეს იმიტომ, რომ, რეალურად, ვირუსები ჩვენგანაც ვრცელდება, თანაც საკმაოდ აქტიურად. ეს ეხება როგორც შინაურ, ისე ველურ ცხოველებს.

"ადამიანი ისე უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი კვანძი ვირუსის მატარებელი სხეულების უზარმაზარ ქსელში, რომელშიც პათოგენები დაუსრულებლად მიმოიცვლება", — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის მიერ ცხოველის დაინფიცირების შემთხვევები, რასაც ანთროპონოზი ეწოდება, დაახლოებით ორჯერ ხშირია, ვიდრე პირიქით.

როცა ვირუსი ადამიანიდან ცხოველებში ან მათგან ჩვენში ვრცელდება, ეს პათოგენში გენეტიკურ ან მუტაციურ ცვლილებებს იწვევს, რაც მათ ახალ ორგანიზმთან ადაპტაციას უადვილებს. პოტენციურად, ეს შესაძლოა, ახალი დაავადებების გაჩენას დაედოს საფუძვლად, რომელთა განკურნების მეთოდებიც ჯერ არ გვაქვს. შესაბამისად, მსგავს პროცესებში გარკვევა ეპიდემიებისა და პანდემიების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.

"სამომავლოდ მთავარი გამოწვევა სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნისა და ინსტრუმენტების გაერთიანებაა, მათ შორის გენეტიკის, ეპიდემიოლოგიისა და ეკოლოგიის, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ ვრცელდება ვირუსები სახეობებს შორის", — ამბობენ მეცნიერები.

მათი თქმით, ამ გზით ვირუსების ევოლუციის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალება გვექნება და უკეთ მოვემზადებით იმ ახალი დაავადებებისთვისაც, რომლებიც შესაძლოა, მომავალში გაჩნდეს. ამასთანავე, არსებობს რისკი, რომ ჩვენგან გავრცელებულ ინფექციებს ცხოველთა პოპულაციებზე უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.