როგორც ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის, მასუდ ბარზანის ოფიციალური განცხადებიდან ხდება ცნობილი, 2017 წლის 25 სექტემბერს ქურთისტანი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს. რეფერენდუმზე მოსახლეობამ ერთადერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: "ემხრობით თუ არა ქურთისტანის სრულ დამოუკიდებლობას?"

ერაყის ქურთისტანი - ავტონომია თვითგამორკვევის უფლებით

ერაყის ქურთისტანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, დღევანდელი მდგომარეობით ის ავტონომიურ შენაერთს წარმოადგენს და აერთიანებს ტერიტორიებს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქურთია. ისტორიულად ქურთები ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის ტერიტორიაზე იყვნენ გაბნეული თუმცა, ეთნიკურად ქურთი მოსახლეობის ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ ერაყის ჩრდილოეთით იყო. ქურთების მცდელობა, შეექმნათ ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც წესი, წარუმატებლად მთავრდებოდა. ქურთული მოძრაობა განსაკუთრებით აქტიური იყო და არის თურქეთის ტერიტორიაზე, სირიასა და ერაყში.

დღევანდელი მდგომარეობით, ერაყის ქურთისტანი ფართო ავტონომიას წარმოადგენს, ავტონომიას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და საკუთარი შეიარაღებული ძალები, პარლამენტი, ის აწარმოებს ცენტრისგან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, ასევე, განსხვავებულია საკანონმდებლო ბაზა და საგადასახადო პოლიტიკა.ქურთების დამოუკიდებლობის ხარისხი არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც დღეს. ქურთების ავტონომია პრაქტიკულად დამოუკიდებელ სუბიექტს წარმოადგენს და რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებში იგი ცენტრისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს.

ერაყის ქურთისტანი

ფოტო: traveliraqikurdistan.com

ვითარება ქურთების სასარგებლოდ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ, 2003 წლიდან, შეიცვალა. ჰუსეინის მმართველობის პერიოდში არ არსებობდა მათი ავტონომია, ხშირი იყო ქურთი მოსახლეობის დევნა. როგორც ცნობილია, ჰუსეინმა ქურთების წინააღმდეგ რამდენიმეჯერ გამოიყენა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი, იყო ეთნიკური წმენდის შემთხვევებიც. რაც შეეხება პერიოდს ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყანაში დასავლეთის დახმარებით გაწეულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა და ერაყის ახალმა ცენტრალურმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქურთების დამოუკიდებლობის ხარისხი, მათ მიენიჭათ ფართო ავტონომიის სტატუსი და ყველა ის დასახლება, სადაც ეთნიკური ქურთები უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ავტონომიის შემადგენლობაში შევიდა. დაფიქსირდა ქურთების უფლება თვითგამორკვევაზე და ეს ყველაფერი ქვეყნის კონსტიტუციის 140-ე მუხლში აისახა.

დღევანდელი ერაყის ქურთისტანი დე-ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს, თუმცა სრული დამოუკიდებლობის ხიბლი კვლავაც დიდია. წინასწარი გამოკითხვებით ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის 98% პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის იდეას.

ბრძოლა დაეშის წინააღმდეგ

ქურთისტანის სრული დამოუკიდებლობის იდეას არაერთგვაროვანი საერთაშორისო რეაქციები მოყვა. ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის (იგივე ისლამური სახელმწიფო) აღზევების შემდეგ, 2014 წელს, ერაყი ქაოსმა მოიცვა და სამთავრობო ჯარებმა ბევრი ქალაქი უბრძოლველად დატოვეს. ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებადი ტერიტორიები პერიოდულად იზრდებოდა და დროთა განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქვეყნის თითქმის ნახევარს აკონტროლებდნენ.

ფოტო: picssr.com

ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ძალები ცდილობდნენ თუმცა, დაეშის მთავარი მეტოქე სწორედ ქურთების შეიარაღებული ძალები, სახელად ფეშმერგა და ერაყის სამთავრობო არმია აღმოჩნდა.

ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ფეშმერგა საერთაშორისო მხარდაჭერით და ფინანსური თუ სამხედრო დახმარებით სარგებლობდა, სწორედ ფეშმარგას ხელმძღვანელობით გათავისუფლდა ერაყის უმნიშვნელოვანესი ქალაქები. დაეშის დასუსტებასთან ერთად, იზრდებოდა ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაც. ბოლო ასეთი გამარჯვება ფეშმერგასა და ერაყის სამთავრობო არმიისთვის მოსულის დაეშისგან განთავისუფლება. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს ისლამური სახელმწიფოს სრულ განადგურებას, რადგან მათ ხელში კვლავ რჩება რამოდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი.

სწორედ მოსულის განთავისუფლებას მოჰყვა ქურთისტანის პრეზიდენტის განცხადება რეფერენდუმის შესახებ და იქვე, ბარზანიმ რეფერენდუმის თარიღიც გამოაცხადა. გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, ქვეყნის მთავარი პარტიების კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, რეფერენდუმის ჩატარებას არ ემხრობა ქურთების მუშათა პარტია.

რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებას მოჰყვა ერაყის პრემიერის განცხადება, სადაც ის ამბობს:

"თვითგამორკვევის უფლება ყველა ხალხს აქვს და ამ გზაზე მათ არანაირი წინააღმდეგობა არ უნდა შეხვდეთ თუმცა, მგონია, რომ რეფერენდუმი ნაადრევი იქნება და ხელს შეუშლის კონსტრუქციულ დიალოგს".

სადავო ტერიტორია

მიუხედავად იმისა, რომ ქურთისტანის დამოუკიდებლობის იდეას ერაყის ცენტრალური ხელისუფლება განსაკუთრებულად არ ეწინააღმდეგება, არსებობს სადავო საკითხები, რაც საკითხს პრობლემურს ხდის. დაპირისპირების მთავარ მიზეზს კირქუკის რაიონი წარმოადგენს.

კირქუკი ნავთობით უმდიდრესი რეგიონია, რომელსაც დაეშის გამოჩენამდე ერაყის ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და არ შედიოდა ქურთისტანის ავტონომიაში. 2014 წელს კირქუკი დაეშმა უბრძოლველად აიღო მას შემდეგ, რაც ქალაქი ერაყის არმიის შენაერთებმა დატოვეს. რეგიონი დაეშისგან სწორედ ქურთულმა ფეშმერგამ გაათავისუფლა და დღემდე ის აკონტროლებს.

როგორც ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰამინ ჰავრამი აცხადებს, რეფერენდუმი ჩატარდება ხსენებულ კირქუკის ტერიტორიაზეც. 2014 წლამდე კირქუკში ქურთები მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს წარმოადგენდნენ. კირქუკის სტრატეგიული მნიშვნელობა ძალზედ დიდია და ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ელის პროვინციას.

საგარეო წინააღმდეგობა ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამო

რეფერენდუმის იდეას პოპულარობა ქურთისტანში არასდროს დაუკარგავს და არაერთხელ დაუანონსებიათ კიდეც თუმცა, პროცესი რეალურად ვერ შედგა. გარდა შიდა დაძაბულობისა, რაც შეიძლება რეფერენდუმმა გამოიწვიოს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეაქციაც. იდეას უკვე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და მოსალოდნელ რეფერენდუმს კატასტროფა უწოდა.

განცხადება რეფერენდუმის გამოცხადების შესახებ, უკომენტაროდ არ დატოვა რეგიონში ქურთების მთავარმა მოწინააღმდეგემ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა: "ეს არის არასწორი ნაბიჯი, რეფერენდუმი დიდ საფრთხეებს შეიცავს ერაყისთვის". ერდოღანის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება დამღუპველი იქნება მისი ორგანიზატორებისთვისაც. რეფერენდუმის დაანონსებას ასევე გამოეხმაურა თეთრი სახლი და რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასება მისცა. რეფერენდუმის წინააღმდეგია ასევე კრემლიც.

ქურთების გადაწყვეტილებას, შექმნან სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო არენაზე ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს თუმცა, ქურთების გაერთიანება თავისი ძლიერების ზენიტში სწორედ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოექცა. ერაყის ცენტრალური მთავრობის სისუსტემ და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმატებულმა ბრძოლამ ქურთებს თავისუფლებისთვის მებრძოლი, ჩაგრული ხალხის იმიჯი შეუქმნა.

მოსალოდნელი დესტაბილიზაცია

მიუხედავად მომგებიანი პოზიციებისა და ქურთების მიმართ არსებული სიმპათიებისა, შეიძლება, ეს არ აღმოჩნდეს საკმარისი საფუძველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად. ერაყის მოსახლეობის 20 პროცენტი ეთნიკურად ქურთია, მოსახლეობის უმრავლესობა ერაყში შიიტური ისლამის მიმდევარია და ხელისუფლებაშიც სწორედ შიიტური კოალიცია იმყოფება.

ქურთისტანის დამოუკიდებლობის გზაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქურთების მიერ ამჟამად კონტროლირებადი ნავთობით მდიდარი რეგიონების საკითხი. ამ რეგიონებში, დაეშის გამოჩენამდე, ქურთები უმცირესობას წარმოადგენდნენ თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეშმერგამ რეგიონი დაეშისგან გაათავისუფლა, სურათი შეიცვალა - ამ რეგიონების მოსახლეობის 40 პროცენტი დღეს ეთნიკურად ქურთები არიან.

ნავთობით მდიდარი სადავო რეგიონები არ შედიოდა ქურთისტანის ავტონომიის საზღვრებში და მოსალოდნელი იყო, რომ დაეშის დამარცხების შემდეგ ტერიტორიები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაუბრუნდებოდა თუმცა, ქურთების არმიამ უარი განაცხადა რეგიონის დატოვებაზე. როგორც გუბერნატორი აცხადებს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ხსენებული კირქუკის ტერიტორიაზეც ჩატარდება. კირქუკის ეკონომიკური მნიშვნელობა ძალზედ დიდია და მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს საკითხი იქნება დესტაბილიზაციის მთავარი წყარო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ კუთხით, თურქეთის პოზიცია და მისი მოქმედებები იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, დღეს უკვე აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ერდოღანმა პოზიცია შეიცვალოს.

რეფერენდუმის ჩატარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს დამოუკიდებლობას თუმცა, როგორც მოსალოდნელია, რეფერენდუმს მალევე მოჰყვება დამოუკიდებლობის გამოცხადება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფერენდუმის იდეა ერთგვარი პოპულისტურია ნაბიჯია ქურთისტანის ავტონომიის პრეზიდენტ ბარზანისთვის, რომლის რეიტინგი პერიოდულად იკლებს, ოპოზიცია კი, ძლიერდება. ბარზანის რეიტინგი ამჟამად დაბალია და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მისი პოლიტიკური მიზნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქურთები ძალზედ ახლოს არიან დამოუკიდებლობასთან. მიუხედავად ამისა, რთული სავარაუდოა, რა შეიძლება მოჰყვეს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. დიდი ალბათობით, ეს რეგიონში დაპირისპირების კიდევ ერთ კერას წარმოქმნის. თავისთავად ცხადია, რომ ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი თვისობრივად შეცვლის ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას.