ასტრონომებმა აქტიური ზემასიური შავი ხვრელების ყველაზე დიდი რუკა შექმნეს
ასტრონომებმა გალაქტიკათა ცენტრში არსებული აქტიური ზემასიური შავი ხვრელების, კვაზარების, ყველაზე მასშტაბური სამგანზომილებიანი რუკა შექმნეს. მასში სამყაროს ისეთი დიდი მოცულობაა ნაჩვენები, რომელიც აქამდე მსგავს მოდელებში არ გამოსახულა.
რუკა დაახლოებით 1.3 მილიონ კვაზარს აერთიანებს, რომლებიც ყველაზე კაშკაშა კოსმოსური ობიექტებია, რადგან მატერიის შთანთქმისას ძლიერ სინათლეს გამოყოფს. მათგან ყველაზე შორეული ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 1.5 მილიარდი წელი იყო გასული.
"ეს ყველა კვაზარის ამსახველი ან საუკეთესო ხარისხის მქონე მონაცემების კატალოგი არაა, მაგრამ მასში შესწავლილი სამყაროს უდიდესი საერთო მოცულობაა წარმოდგენილი", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ რუკის შესაქმნელად ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპ Gaia-ს მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. ეს ობსერვატორია ჩვენს გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავებზეა კონცენტრირებული, რომლებზე დაკვირვებისასაც შორეულ კვაზარებსაც აფიქსირებს. შედეგად, სპეციალისტებმა შეძლეს გამოეკვლიათ, თუ როგორ იყო მატერია თავმოყრილი ადრეულ სამყაროში.
აღსანიშნავია, რომ კვაზარიანი გალაქტიკები მასიური ჰალოებითაა გარემოცული, რომლებიც უხილავი სუბსტანციისგან, ბნელი მატერიისგან, შედგება. შესაბამისად, იმის შესწავლით, თუ როგორაა ასეთი აქტიური ზემასიური შავი ხვრელები კოსმოსში მიმოფანტული, წარმოდგენა გვექმნება ბნელი მატერიის გადანაწილებაზეც.
ასევე, კვაზარების მიხედვით სამყაროს გაფართოების პროცესისა თუ სიმკვრივის ცვლილებების გაანალიზება და კოსმოსური სიცარიელეების სტრუქტურის გამოკვლევაცაა შესაძლებელი.
ასეთი რუკის მისაღებად ავტორებმა Gaia-ს, NASA-ს Wide-Field Infrared Survey Explorer-ისა და Sloan Digital Sky Survey-ის მონაცემები შეაჯერეს. შემდეგ მათი ისეთი არასაჭირო ობიექტები გააქრეს, როგორიც ვარსკვლავები ან მტვრის ღრუბლებია და კვაზარებს შორის დისტანციებზე კონცენტრირდნენ.
აი, შედეგიც (ცარიელი რეგიონი ის არეალია, რომელსაც ჩვენი გალაქტიკის დისკო ფარავს):
კომენტარები