გზა ვირთხებით სავსე "კომუნალკიდან" მეხუთე ვადით რუსეთის პრეზიდენტობამდე — რა ვიცით პუტინის ცხოვრების შესახებ
რა ხდება: ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის პრეზიდენტი და ის ქვეყნის მმართველად, სულ მცირე, 2030 წლამდე დარჩება.
- პუტინი ხელისუფლებაშია 2000 წლიდან. ის არის კრემლის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი, იოსებ სტალინის შემდეგ.
- მეხუთე საპრეზიდენტო ვადას პუტინი 71 წლის ასაკში იწყებს. იმ ფონზე, რომ რუსეთში აღარ დარჩა ოპოზიცია, მას არაფერი შეუშლის ხელს, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა 2036 წლამდე ეკავოს.
ეს არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობის წლები კომუნისტურ ლენინგრადში, კომუნალურ ბინაში — კომუნალკაში გაატარა.
- მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ლიბერალური, დემოკრატიული რუსეთის არსებობას ემხრობოდა, მოგვიანებით საბჭოთა კავშირის ნგრევა აღწერა, როგორც "მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“.
- იმის გამო, რომ უკრაინა რუსეთის ორბიტიდან არ გაეშვა, 2022 წლის 24 თებერვალს, წამოიწყო ყველაზე დიდი ომი ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
პუტინის დამახინჯებული ვერსიები ისტორიაზე
საკუთარი ქმედებების გამართლებად, მას ხშირად მოჰყავს მაგალითები ისტორიიდან, რომელიც დამახინჯებულია.
- უკრაინაში შეჭრამდე და მას შემდეგაც, ის სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ უკრაინა იყო ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო, სადაც ნეონაცისტები ცხოვრობენ. პუტინი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუშალოს უკრაინის დაახლოებას ნატოსთან.
დასავლელი ლიდერებიდან მას, ყველაზე უკეთ, სავარაუდოდ, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი იცნობდა. მერკელმა მასზე თქვა, რომ რეალობისგან შორს არის და "სხვა სამყაროში ცხოვრობს".
მან არაერთხელ სცადა მოლაპარაკება ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა ჯარები გაგზავნა კიევში შესაჭრელად, მერკელი მივიდა დასკვნამდე, რომ "პუტინს სურს ევროპის განადგურება".
"პირველმა შენ უნდა დაარტყა"
ვლადიმირ პუტინი დაიბადა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან შვიდი წლის შემდეგ. მისი უფროსი ძმა ლენინგრადის ბლოკადას ემსხვერპლა, მშობლები კი ძლივს გადარჩნენ.
მას ჰქონდა მძიმე ბავშვობა, რამაც პუტინის მთელ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
- 2000 წელს, ინტერვიუში მან გაიხსენა, როგორ დასდევდნენ ის და მისი მეგობრები ჯოხებით ვირთხებს, კომუნალური სახლის სადარბაზოში, სადაც ის ცხოვრობდა. პუტინმა თქვა, რომ უზარმაზარი ვირთხა კუთხეში მოიმწყვდია, რის შემდეგაც მღრღნელი მას თავს დაესხა და ბინის კარამდე სდია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კარის დახურვა ვირთხის ცხვირწინ ძლივს მოასწრო.
- "მაშინ მე უცებ გავიაზრე, რას ნიშნავს ფრაზა "კუთხეში მომწყვდევა", — თქვა მან.
ახალგაზრდა პუტინი ჩხუბობდა მეზობელ ბიჭებთან, რომლებიც ხშირად უფრო დიდები და ძლიერები იყვნენ. მოგვიანებით, საკუთარ თავს, იმ პერიოდზე საუბრისას, "ხულიგნად" მოიხსენიებდა. მან დაიწყო ძიუდოში ვარჯიში, პრეზიდენტობის დროს მოიპოვა შავი ქამარი.
- ასევე, დაეუფლა რუსულ საბრძოლო ხელოვნებას და ინარჩუნებდა ახლო კავშირს ბავშვობის პარტნიორებთან, არკადი და ბორის როტენბერგებთან.
- 2015 წელს მან ძველი გამოცდილება გაიხსენა ბავშვობიდან და თქვა — "50 წლის წინ ლენინგრადის ქუჩებმა მასწავლა, რომ თუ ბრძოლა გარდაუვალია, პირველად შენ უნდა დაარტყა".
ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, 1975 წელს ის პირდაპირ საბჭოთა დაზვერვის სამსახურში, კგბ-ში შევიდა. ეს იყო იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის ჩვეულებრივი ნაბიჯი და მას იდეალურად შეეფერებოდა.
ეს, ასევე, საოცნებო სამსახური იყო ახალგაზრდა კაცისთვის, რომელიც გაიზარდა სატელევიზიო გადაცემებზე, სადაც მაყურებლებს მოუთხრობდნენ ფარული რუსი ჯაშუშების გმირობაზე, ნაცისტურ გერმანიაში.
- "მე ვიყავი საბჭოთა პატრიოტული განათლების წარმატებული პროდუქტი”,— თქვა მან.
იმ დროისთვის, პუტინი კარგად საუბრობდა გერმანულად და გაუშვეს აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ დრეზდენში, 1985 წელს. კომუნისტური სახელმწიფოს ჩამოშლის დროსაც, 1989 წელს, პუტინი დრეზდენში იყო.
- მომდევნო წელს ის რუსეთში დაბრუნდა, ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მისცეს, მაგრამ კგბ-ში გამორჩეული არავისგან ყოფილა. მისი ერთ-ერთი ზემდგომი, ნიკოლაი ლეონოვი პუტინს "უღიმღამო აგენტად" მიიჩნევდა.
სანდო პირების ვიწრო წრე
ვლადიმირ პუტინი დღემდე ინარჩუნებს ლენინგრადელი კოლეგების ვიწრო წრეს, როგორც მის უახლოეს მესაიდუმლეებს. ეს ადამიანები მისი დიდი ხნის მოკავშირეები არიან, მათ შორის არის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი.
- როგორც მისმა ძველმა ძიუდოს მწვრთნელმა თქვა, ეს ადამიანები "ლამაზი თვალების გამო არ აურჩევია, არამედ ის ენდობა ადამიანებს, ვინც საკუთარი ერთგულება დაამტკიცეს".
- სანდო ადამიანებს ხშირად მატერიალურად ამდიდრებს კიდეც. ბავშვობის მეგობარს, არკადი როტენბერგს 3.5 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გადასცა, რუსეთიდან ოკუპირებულ ყირიმამდე ხიდის ასაშენებლად.
ის საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ განსაკუთრებით მალავს ინფორმაციას. ცოლს, ლიუდმილას 2013 წელს დაშორდა, 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
წყვილს 2 შვილი ჰყავს.
1991 წლიდან ვლადიმირ პუტინი გახდა ლენინგრადის ახალი მერის, ანატოლი სობჩაკის მოადგილე და ძალიან ღირებული მრჩეველი. როდესაც სობჩაკმა შემდეგ არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვა, მისი მოადგილე სამუშაოდ მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წაიყვანეს. ეს იყო ბორის ელცინის ადმინისტრაციის ბოლო წლები და პუტინის აღზევება ელვის სისწრაფით დაიწყო.
- მან მცირე დრო გაატარა უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსად, შემდეგ კი გახდა უშიშროების საბჭოს მდივანი.
პრეზიდენტობის "შესანიშნავი კანდიდატი"
1999 წლის 9 აგვისტოს, ელცინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი პრემიერ-მინისტრი და შეცვალა იგი ნაკლებად ცნობილი 46 წლის კაცით.
- იმ პერიოდში, ელცინს უკვე ძალიან სჭირდებოდა მემკვიდრე.
- "პუტინმა თავი გამოიჩინა, როგორც ლიბერალმა და დემოკრატმა, რომელსაც სურდა საბაზრო რეფორმების გაგრძელება“, — თქვა ვალენტინ იუმაშევმა, რომელმაც ელცინს უთხრა, რომ პუტინი "შესანიშნავი კანდიდატი" იქნებოდა.
როდესაც ელცინის პრეზიდენტობა დასრულდა, მოსკოვში მოულოდნელი აფეთქებების სერია დაიწყო. ამას ვლადიმირ პუტინმა სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეტევით უპასუხა ჩეჩნეთში, რათა დაებრუნებინათ ჩეჩნეთი სეპარატისტი ამბოხებულებისგან.
მისი პოპულარობა გაიზარდა და 1999 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, სამი თვის შემდეგ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნებიც.
- ჩეჩნეთში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
- დედაქალაქი, გროზნო განადგურდა. რუსეთის ლიდერმა გამარჯვება იზეიმა.
პირველი შიდა გამოწვევა პუტინისთვის 2000 წელს, წყალქვეშა გემ კურსკის ჩაძირვა იყო ბარენცის ზღვაში. შედეგად 118 ადამიანი დაიღუპა. პუტინი დასასვენებლად იყო და სამსახურში არ დაბრუნებულა. უარი თქვა საერთაშორისო დახმარებაზეც. ეკიპაჟის დიდი ნაწილი დახმარების მოლოდინში დაიღუპა.
ოთხი წლის შემდეგ, ჩეჩენმა ამბოხებულებმა მძევლად აიყვანეს 1000 ადამიანი, მათი უმეტესობა ბავშვი იყო. შემთხვევა ჩრდილოეთ ოსეთში, ბესლანის სკოლაში მოხდა. როდესაც რუსული სპეცრაზმი შენობაში შეიჭრა, 330 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსეთის დაზვერვას ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია, დაგეგმილი თავდასხმის შესახებ, თუმცა ვერ აღკვეთეს.
პუტინის პრეზიდენტობის პირველი წლები სისხლიანი და მშფოთვარე იყო, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა, ნავთობის მაღალი ფასების გამო, წინ მიიწევდა.
- მან მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა მილიარდერი ოლიგარქების დამორჩილების გამო. პუტინმა ოლიგარქები კრემლში დაიბარა და უთხრა, რომ ფული შეეძლოთ ჰქონოდა მანამ, ვიდრე პოლიტიკაში ჩართვის სურვილს არ გამოთქვამდნენ და მის მხარდაჭერაზე უარს იტყოდნენ.
- ის სწრაფად მოქმედებდა მათ წინააღმდეგ, ვინც მის ნათქვამს არ ემორჩილებოდა — მაგალითად, რუსეთის მაშინდელი უმდიდრესი კაცი, მიხაილ ხოდორკოვსკი იარაღის მუქარით დააკავეს და ციმბირში დააპატიმრეს.
დასავლეთის მიმართ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კეთილგანწყობილი იყო. პუტინი იყო პირველი ადამიანი, ვინც 9/11-ის ტერაქტების შემდეგ ჯორჯ ბუშს დაურეკა. ის ამერიკას დაეხმარა კიდეც ავღანეთში კამპანიის დაწყებაში.
"მე ამ კაცს თვალებში ჩავხედე, აღმოვაჩინე, რომ ის ძალიან პირდაპირი და სანდოა", — თქვა პრეზიდენტმა ბუშმა.
თუმცა, მალე ვლადიმირ პუტინი აშშ-ით და მისი მოკავშირეებით იმედგაცრუებული დარჩა. მისი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან დაიძაბა მას შემდეგ, რაც კგბ-ს ყოფილი აგენტი და კრემლის კრიტიკოსი, ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში რადიოაქტიური პოლონიუმ 210-ის გამოყენებით მოკლეს. გაერთიანებული სამეფოს გამოძიებამ, მოგვიანებით, დაადგინა, რომ თავდასხმაზე ნებართვა, "სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერმა გასცა".
- 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტისას პუტინმა ნათლად გამოხატა თავისი დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ.
- "ერთმა სახელმწიფომ, შეერთებულმა შტატებმა, გადალახა თავისი ეროვნული საზღვრები,” — თქვა მან.
ეს იყო ძველი, ცივი ომის ყინულოვანი შეხსენება და რუსეთის აღშფოთების გამოხატულება, რომ აშშ აგრძელებდა ცენტრალურ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემის დაგეგმვას.
"ბერლინის კედლის ქვები, დიდი ხანია, დარიგდა სუვენირებად... ახლა კი ცდილობენ, ახალი გამყოფი ხაზები და კედლები აგვიშენონ", — თქვა პუტინმა.
თავდასხმა საქართველოზე
მას დიდი დრო არ დასჭირდა იმისთვის, რომ ეჩვენებინა მზადყოფნა სამხედრო ძალის გამოსაყენებლად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პროდასავლური ლიდერების წინააღმდეგ.
- 2008 წელს რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. როგორც BBC წერს, ეს იყო ძალიან პერსონალური შეტაკება საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომლის პოლიტიკაც ნატოსკენ გეზს ითვალისწინებდა.
- მაშინ პუტინი პრემიერ-მინისტრი იყო, რადგან, კონსტიტუციის მიხედვით, ზედიზედ მესამედ, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ეკრძალებოდა, თუმცა ძალაუფლების ბერკეტები კვლავ მის ხელში იყო.
დღეს მისთვის ეს პრობლემა აღარ არსებობს. 2021 წელს კანონი შეიცვალა და არანაირი ლიმიტი აღარ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია იმდენჯერ გახდეს პრეზიდენტი, რამდენჯერაც მოისურვებს.
რუსული ოპოზიციის დასასრული
2011 წელს, რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა — ქვეყნის დიდ ქალაქებში მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა.
პროტესტის ლიდერებს შორის იყო ბორის ნემცოვი, ლიბერალი, ყოფილი ვიცე-პრემიერი 1990-იან წლებში. კიდევ ერთი მზარდი ფიგურა იყო ანტიკორუფციული ბლოგერი, ალექსეი ნავალნი, რომელმაც პუტინის ერთიან რუსეთს უწოდა "თაღლითებისა და ქურდების პარტია".
ამჟამად კი, ქვეყანაში რეალური ოპოზიცია აღარ არსებობს.
- ნემცოვს ესროლეს ხიდზე, კრემლთან ახლოს, 2015 წელს.
- ნავალნი 2020 წელს გადაურჩა ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით სიკვდილს, 2021 წელს კი ციხეში ჩასვეს. სამი წლის შემდეგ ის გარდაიცვალა. მისმა ცოლმა, იულია ნავალნაიამ პუტინი მკვლელობაში დაადანაშაულა.
- პუტინმა უზრუნველყო მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა და შექმნა ეროვნული გვარდია, ანუ როსგვარდია, რომელიც უშუალოდ მას ექვემდებარება.
- რუსულ მედიას კრემლი აკონტროლებს.
პუტინი 2023 წლის ივნისში ხანმოკლე, შეიარაღებული აჯანყების წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ყოფილმა ერთგულმა თანამებრძოლმა, ევგენი პრიგოჟინმა თავისი ძალები გაგზავნა მოსკოვის გზაზე.
- ჯარი შეაჩერეს, პრიგოჟინი კი მოგვიანებით დაიღუპა იდუმალებით მოცულ ავიაკატასტროფაში.
ომი უკრაინაში
პუტინის ომი უკრაინაში დაიწყო არა 2022 წლის თებერვალში, არამედ 2014 წელს, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით.
- იმ ღამეს, როდესაც უკრაინის მაშინდელი პრორუსი ლიდერი კიევიდან ძალადობრივ საპროტესტო აქციებს გაექცა, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ დრო იყო, "ყირიმი რუსეთისთვის დაებრუნებინათ".
- ომი 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 2022 წელს კი პუტინმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში უნდა შეჭრილიყო ყველა მხრიდან, დაემხო უკრაინის არჩეული მთავრობა და დაეკავებინა კიევი.
ის მუდმივად ცდილობს ომის გამართლებას. წერს გრძელ ისტორიულ ნარკვევებს, გამოდის სიტყვით და უკითხავს ლექციებს რუსეთში ჩასულ მცირერიცხოვან უცხოელ სტუმრებს, თუმცა ფაქტები, რაზეც ის საუბრობს, დამახინჯებულია.
- სამოქალაქო უფლებების ჯგუფის მემორიალის საქმიანობა, რომელმაც ათწლეულები დაუთმო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისთვის მუშაობას, აიკრძალა.
- ჯგუფის ვეტერანი თანადამფუძნებელი, ოლეგ ორლოვი დააპატიმრეს იმის გამო, რომ პუტინის ეპოქა აღწერა ფრაზით: "მათ სურდათ ფაშიზმი და მიღეს კიდეც".
კომენტარები