შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ხმის პრობლემების მქონე ადამიანებს საუბრის საშუალებას მისცემს
მკვლევრების თქმით, ახალ წებოვან ლენტს ადამიანების დახმარება შეუძლია. მისი გამოყენებით ხმის პრობლემების მქონე ადამიანებმა შეიძლება კვლავ დაილაპარაკონ. არ გაგიკვირდებათ და ამ საქმეშიც ხელოვნური ინტელექტია ჩართული. სწორედ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ლენტი ადამიანის ყელის კუნთების მოძრაობებს კითხულობს და მას მეტყველებად გარდაქმნის.
პატარა და ელასტიკური ლენტი მხოლოდ კუნთების მოძრაობით იკვებება. ამის შესახებ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ვიგებთ.
ლენტი კანზე ეკვრება, რის შედეგადაც ხორხის კუნთების მოძრაობებს ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის. ხელოვნური ინტელექტი ამ სიგნალებს მეტყველებად გარდაქმნის.
ამის შემდეგ, სპეციალური დინამიკი იმ წინადადებებს გამოსცემს, რომლის წარმოთქმაც ადამიანს სურდა. გასათვალისწინებელია, რომ მოწყობილობა ჯერ პროტოტიპია და მას მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი ფრაზების გამოთქმა შეუძლია.
რაც მთავარია, ლენტი ადამიანის ხმის იოგების ვიბრაციების აღქმის საჭიროების გარეშე მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა დაზიანებული ხმის იოგების მქონე ადამიანებისთვისაც გამოსადეგი იქნება.
კვლევის თანახმად, ადამიანების თითქმის მესამედი ხმასთან დაკავშირებულ პრობლემას ნაწილობრივ მაინც განიცდის.
გასათვალისწინებელია, რომ ხმის პრობლემების სამკურნალო საშუალებები რთული გამოსაყენებელია. ასეთი მოწყობილობები ძირითადად ინვაზიური და არაკომფორტულია.
95-პროცენტიანი სიზუსტე
წყალგაუმტარი ლენტი დაახლოებით მონეტის ზომისაა და მხოლოდ შვიდ გრამს იწონის. შემქმნელები მის ტექსტურას რეზინის ხელთათმანს ადარებენ.
მოწყობილობის შესამოწმებლად, ხმის პრობლემების არ მქონე რვა მოხალისეს სთხოვეს ესაუბრათ და ეჩურჩულათ. მათ სულ ხუთი წინადადება უნდა ეთქვათ. მათ შორის: "გილოცავ შობას", "მიყვარხარ" და "არ გენდობი".
ისინი ფრაზებს სხვადასხვა კონდიციებში ამბობდნენ — დგომის დროს, სიარულისას და სირბილისას. ამით უნდა დამტკიცებულიყო, რომ ლენტი მოძრაობის დროსაც მუშაობს.
კვლევის თანახმად, მოწყობილობამ მოხალისეების საუბრის 95% ზუსტად განსაზღვრა.
მკვლევრების თქმით, ტექნოლოგიის პაციენტებში დანერგვას წლები დასჭირდება. მიუხედავად ამისა, მიღწევა მნიშვნელოვანია და მას დიდი პოტენციალი აქვს.
კომენტარები